მთავარი,სიახლეები

კრიზისი ეკლესიაში, რომელიც თავს ვეღარ მალავს

18.05.2021 • 1662
კრიზისი ეკლესიაში, რომელიც თავს ვეღარ მალავს

„რატომ დარბის ამდენი სასულიერო პირი, აი, ამ ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი,“ – ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ [კალაიჯიშვილი] 2021 წლის 7 მარტს, წირვის შემდეგ, ქადაგების დროს ეს კითხვა ამბიონიდან დასვა.

მიტროპოლიტი სტეფანე გავლენიანი სასულიერო პირია. მას ორი ეპარქია [ცაგერი-ლენტეხის და ჭყონდიდის] აბარია, წმინდა სინოდის წევრია და საპატრიარქოს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

მიტროპოლიტის ქადაგება ეხებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორესადმი წაყენებულ ბრალდებას. ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.  „ვიდეოებით მორბენალ სასულიერო პირებში“ მიტროპოლიტი სავარაუდოდ იმ მღვდელ-მონაზვნებს მოიაზრებდა, ვინც ამ ბრალდებასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამს.

ინფორმაცია პატრიარქის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ არახალია. თუმცა წელს პირველად მოხდა, რომ ეს საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ გაახმოვანა.

11 მაისს ჭყონდიდის საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანესთან ინტერვიუ  გამოაქვეყნა. 45-წუთიან ინტერვიუში ბევრ საკითხთან ერთად მან კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც ვიდეოები, რომელთა  ნახვასაც მას სასულიერო პირები სთხოვდნენ.

„ვიღაცები თითებს მიქნევენ, შენ ეს [საკითხი] უნდა დააყენო. მე არ მიმაჩნია სწორად ჭორაობა, ვთქვათ, გინდა პატრიარქზე და გინდა სხვა ადამიანზე, რომ რადგან ის ჭორაობს, მე ის უნდა მივუტანო პატრიარქს.

მე მტკიცებულება, როგორც ასეთი ჩემ მიმართ, რაღაცა რეალურად ესეთი სახის რამე მოეტანათ, არ ყოფილა. ამბობდნენ რას, რომ რაღაცას მაჩვენებდნენ, რაღაცას იმას იზამენ, ზოგადად რა. რომ ვთქვათ, მაჩვენო, მე რა ვიცი, იქნებ ფაბრიკაციაა? მე ხომ არა მაქვს შესაძლებლობა სიზუსტით გარჩევისა. ვინც აყენებს ამ საკითხს ხმამაღლა და ამბობს, რომ დავამტკიცებ, მიჰყვეს კანონიკურად, მე რატომ მაკისრებენ პასუხისმგებლობას, რომ მე უკვე დღეს იმის მაგივრად შევიტანო ეს საკითხი. ვინც ამბობს, იმან დაამტკიცოს, მე რატომ ვამტკიცო, ამათ რადგან უნდათ, იმიტომ?

და მე ვერ გამიგია, სასულიერო პირი აქ რომ ხარ შენ, ვთქვათ, მე რატომ მიყენებ იმ საკითხებს, რომ მე გინდა თუ არა პატრიარქთან და სინოდში მივიტანო, რომელიც შენ გაწუხებს, ამბობ. და ამ დროს გაწუხებს ისეთი რაღაცაა, რომ პირდაპირ პატრიარქის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებების წაყენებაა და მე არ მინდა ვიყო მონაწილე ამ კამპანიის და გავემიჯნე, იმიტომ, რომ მე არანაირი საფუძვლიანი ესეთი მტკიცებულება არ მინახია და ისე, რომ ვიღაც რაღაცებს მომიტანს და იქ რაღაცებს მაჩვენებს, ეს არ მიმაჩნია არანაირ მტკიცებულებად, იმიტომ, რომ უამრავი ფაბრიკაცია გაუკეთებიათ და ეხლა მე ამაზე დავიწყო თავის მტვრევა.

ჯერ ერთი სიბუნძურის ყურება არ მაინტერესებს და არც სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა. ვისაც ეს ძალიან სიამოვნებს, თვითონვე  გააკეთოს ეს ყველაფერი, თუ მაინც და მაინც. და არავინ არ უშლის, მეუფე პეტრე რომ ყვირის, რომ აი, ესა და ესა, დადგეს და გამოაცხადოს, რაც უნდა.. რამდენი ილაპარაკა უბედურება და თუ რამეს ამტკიცებს, ადგეს და ამტკიცოს ხო ბოლო-ბოლო. რა არის ეხლა ვეღარ გავიგე. მე რა შუაში ვარ, მე რატომ უნდა დავდგე კიდევ იმათ მხარეზე?

როგორ არის იცით? ჩემთან კარგად იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ თავის მხარეზე გადამიბირებენ. ახლა ვერ გავიგე – მე ეკლესიას წარმოვადგენ და ეკლესიის იერარქია არ დავიცვა? ვიღაცის მხარეზე დავდგე და მაშინ ჩემთან კარგად იქნება ის ხუთი სასულიერო პირი და აყალმაყალს აღარ მომიწყობს? და მთელ საქართველოსთან კონფლიქტში შევიდე ამის გამო? ვეღარ გავიგე. და ჩემს სინდისთან უფრო პირველ რიგში,“ – ამბობს ინტერვიუში ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტ სტეფანეს ამ განცხადებამდეც არსებობდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბრალდება, რომელიც პატრიარქს აქვს წაყენებული, არსებობს ვიდეოკადრების სახით.

თეოლოგიის დოქტორის, მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, „საპატრიარქოში ჰგონიათ, რომ არანაირი რეალური მასალა ამასთან [პატრიარქის მიმართ არსებულ ბრალდებასთან] დაკავშირებით არ არსებობს, ყოველივე ფეიკი და ფაბრიკაციაა. საპატრიარქოს სავარაუდოდ არ სჯერა, რომ რაიმე ხელჩასაჭიდზეა საუბარი. საპატრიარქოს კი არა, საზოგადოების დიდ ნაწილსაც არ სჯერა“.

თეოლოგის აზრით, მოცემული სიტუაცია რთულია.

„მეუფე სტეფანეს ინტერვიუ გავიდა საპატრიარქოს არხზე, სადაც მან ფაქტობრივად ღიად ისაუბრა, რა არის ძირეული პრობლემა. ეს არის პატრიარქის სექსუალური ქცევების ამსახველი, სავარაუდოდ ვიდეომასალები, რომლებსაც ის თავადვე ახსენებს. მისივე თქმით, მიდიან მასთან სამღვდელოების თუ საერო პირები და მას სთხოვენ ამ ვიდეოზე კომენტარს და შემდეგ ამ ვიდეოთი სინოდის წინაშე წარსდგომას, ამ საქმის ხელახლა დაძვრას. აქ ჩვენ გვაქვს ორმაგი დანაშაული და ორმაგი სიმართლე.

პირველი: სიმართლის ნაწილი მეუფე სტეფანესკენაც არის, რადგან მას ამ უცხო ქეისში შესვლა უშუალოდ არ ევალება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ვიდეომანიპულაციები, გადაღებები და ა.შ.  არის ძალიან რთული საკითხი. ტექნოლოგია განვითარდა, ხმის შეცვლა შეიძლება, გამოსახულებაც. ის ამოდის ქრისტიანული დამოკიდებულებიდან, რომ თუ ადამიანის პირადი ცოდვა არ განივრცობა კრებულზე, ანუ მას არ აქვს სოციალური შედეგი, მაშინ იქ შეჭრა არ არის გამართლებული, რადგან ყველა ადამიანი, მეც, თქვენც და ყველა სხვა საკუთარ საქციელზე თავადვე აგებს პასუხს, როგორც სამართლის, ასევე ღვთის წინაშე, როდესაც იქ წარსდგება.

მეორე მხრივ, რასაც მეუფე სტეფანე აშავებს, არის ის, რომ ადამიანებს რაღაცებს კი არ უხსნის, არამედ მათთან მიდის ძალიან ხისტად და პირველივე შეკითხვაზე დევნის და ეკლესიიდან კვეთს მათ. მოკლედ, სტალინურ რეპრესიებს უწყობს, ხშირად სრულიად უწყინარ ადამიანებს. ეს არ არის სწორი. მას [მეუფე სტეფანეს] არ ესმის რას ნიშნავს იყო ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი პირველ რიგში ნიშნავს – მასწავლებელს, რჯულის მცოდნეს, ადამიანს, რომელიც სიბრძნით აგვარებს პრობლემებს და არა კანონების რახარუხით, ადამიანების რეპრესიით,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

თეოლოგის თქმით, არავინ იცის, არსებობს თუ არა კადრები რეალურად, რომლებზე მეუფე სტეფანე საუბრობს.

„სავარაუდოდ, რაღაც ამდაგვარი უნდა არსებობდეს. ამბობენ, რომ ციანიდის საქმე იყო  ამ მოვლენებთან კვეთაში და ამიტომაც დაიჭირეს გიორგი მამალაძე. მათი არსებობის შემთხვევაში, ეს კადრები რომც დაიდოს, სახელმწიფომ შეიძლება გამოძიებაც არ დაიწყოს. დაიგნორება ამ შემთხვევაში მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად და მათ სიტუაციაში მართებულიცაა. რადგან ამ თემის გახსნას რა მოჰყვება, არავინ არ იცის. შეიძლება ძალიან აპოკალიპტური სურათი მივიღოთ, სახელმწიფო რომ ამ საკითხში ღია აქტორად შევიდეს, ერთი მხრივ, აპოკალიპტურ რეაქციას გამოიწვევს, მეორე მხრივ, მომენტალურად შექმნის დისბალანსს სახელმწიფო-ეკლესიის ძალაუფლებრივ მიმართებაში, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის. ამ მხრივ ის სავარაუდოდ დაკარგავს კიდევ ერთ კოზირს,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მისივე მოსაზრებით, არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება თანაბრად აწყობს როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიას. თუმცა ამ სცენარში არ არის ადგილი იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც ითხოვენ სინოდი გაიმართოს, სადაც ბრალდებებს განიხილავენ.

„ეკლესიის შიგნით არსებობს გარკვეული წესდება და ამ წესდების დაცვის გარეშე ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, სიმყარეს დაკარგავს. ამიტომაც ადამიანთა ნაწილი პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და ამაში ისინი ასევე არიან მართლები.

თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი, პატრიარქს როგორც ღვთაებას, თავისი ნებით აღიქვამს. მათ ამას არავინ არ აძალებს. ეს არის ძალიან რთული კონსტრუქცია, რომლის ნიჭიც მას აღმოაჩნდა. ეს ადამიანი თავის თავზე მუშაობდა და ახლა ჩვენ გვინდა რაღაცა მოძველებული კანონებით ეს შევარყიოთ. მეორე მხრივ, არსებობს ტექნიკური პრობლემაც. სინოდი და საპატრიარქო, როგორც ასეთი, საქართველოში არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ პატრიარქი. სინოდი, როგორც ინსტიტუცია, ფორმალურადაც არ არსებობს, რადგან სახეზე არ გვაქვს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმოებაში მიიღებდა მრევლისა თუ თავად სამღვდელოების საჩივრებს, მოამზადებდა და სინოდზე სამსჯელოდ გაიტანდა.

რეალობაში ხდება შემდეგნაირად, პატრიარქი იტყვის – ზეგ ჩამოდით, სინოდია. ეპისკოპოსებიც ჩაჯდებიან თავიანთ დიდ ჯიპებში, გაექანებიან იქ, დაჯდებიან. წინასწარ არავინ იცის რა საკითხებს განიხილავენ. კენჭისყრისას უმრავლესობა თავს დაუკატურებს, ხმას მისცემს პატრიარქის პოზიციას, ადგებიან და წამოვლენ.

მე დარწმუნებული ვარ, სინოდის შიგნითაც პატრიარქის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი დიდი ხანია არის. თუმცა როგორც ჩანს, საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს. გახსოვთ, როდესაც რაღაც პერფორმანსივით გააკეთეს, სამების ეზოში შეიკრიბნენ და იძახდნენ – გვიყვარხარ პატრიარქო! ესეც იყო ერთგვარი გამოხატულება – პატრიარქი ჰომოსექსულია, მერე რა? მას ეს ეპატიება. დაახლოებით ეს დამოკიდებულება აქვთ. მეუფე პეტრეს ეგონა, რომ საზოგადოებას მის განცხადებაზე მძაფრი რეაქცია ექნებოდა და ჩემი აზრით, მოტყუვდა. მან განაცხადა – რომ პატრიარქი არის “პედარასტი“ და რომ ის იწყებს საქართველოს აპოკალიფსურ-ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ საზოგადოება მას არ აჰყვა.

თუმცა ეს ყოველივე არ ამართლებს იმას, რასაც ეპისკოპოსი სტეფანე ამბობს, რომ არ აინტერესებს. არც ეყოფა კომპეტენცია ამის გარჩევის. ამბობს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, დიდი უსამართლობაა, ახალგაზრდებს თავში ურტყამდე აგურებს, მხოლოდ სხვაგვარი ჩაცმულობის გამო, ამასობაში კი საკუთარ იერარქიაში ამგვარივე იდენტობის მქონე ადამიანებს ტაშს უკრავდე, ქედს უხრიდე და უსიტყვოდ ემსახურებოდე. აი, ეს არის სწორედ უსამართლობა. მაშინ უნდა ითქვას, რომ 17 მაისი იყო შეცდომა და ადამიანი ნებისმიერი იდენტობით არის მისაღები,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

რას ითხოვენ ჭყონდიდელი სასულიერო პირები და როგორია ეპარქიის მმართველის პოზიცია

სასულიერო პირთა ნაწილი ჭყონდიდის ეპარქიიდან წელიწად-ნახევარია ითხოვს წმინდა სინოდმა განიხილოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს მიმართ წაყენებული ბრალდება. ერთი ეპისკოპოსი და ათობით მღვდელ-მონაზონი პატრიარქს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. სინოდი საკითხის განხილვას არ გეგმავს, ამ ფონზე კი ჭყონდიდის ეპარქია საბრძოლო რინგად იქცა, სადაც სასულიერო პირების მონაწილეობით ხელჩართული ჩხუბი იმართება.

„2019 წლის 31 ოქტომბრის სკანდალური სინოდი ყველას ახსოვს და მერე გარეთ გაჟღერებული ბრალდება. მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამბობენ, რომ ისინი შეავიწროვეს სექსუალურად. ვისაც გამოუცდია, ეს არის საშინელი დანაშაული. როდესაც ამას აკეთებს სასულიერო პირი, უმაღლესი იერარქი, ეს ადამიანები [შევიწროებულები] ვარდებიან საშინელ სტრესში. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა სუიციდის მცდელობაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის მარტვილის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მირიან მესხაძე.

ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირთა ნაწილის მტკიცებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სექსუალურად შეავიწროვა სტიქაროსნები. მღვდელ-მონაზონთა თქმით, არსებობს ათობით მოწმე, რომლებიც მზად არიან სინოდის სხდომის გამართვის შემთხვევაში მოწმედ გამოვიდნენ და პატრიარქი ღიად დაადანაშაულონ.

სკანდალური სინოდის სხდომიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ბრალდების ზედაპირზე ამოწევას დაპირისპირება, ხელჩართული ჩხუბი და საეკლესიო სასჯელების დადება მოჰყვა. საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის უახლეს ისტორიაში არც ერთ მღვდელმთავარს არ დაუსჯია ერთად აღებული იმდენი სასულიერო პირი, რამდენიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დასაჯა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, 18 მაისის მონაცემებით, 15 სასულიერო პირი დასაჯა. უზიარებლობითაა დასჯილი ასევე მრევლის ის ნაწილი, ვინც ამ დასჯილ სასულიერო პირებს თანაუგრძნობს. საეკლესიო სასჯელდადებული სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათი დასჯის მთავარი მიზეზი არის პატრიარქის მიმართ არსებული კითხვები.

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ორ მუნიციპალიტეტს – მარტვილს, აბაშას და ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს მოიცავს. მღვდელ-მონაზონთა პროტესტი მარტვილში მარტის თვეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიიდან ამბობენ, რომ მათ თანამოაზრეები სხვა ეპარქიებშიც ჰყავთ, თუმცა იმის გამო, რომ მარტვილელ მღვდლებს  სამაგალითოდ სჯიან, ხმის ამოღებას ყველა ერიდება.

„დაგვსაჯა იმის გამო, რომ თვალებს არ ვხუჭავთ და სიმართლეს ვამბობთ. კითხვები დავუსვი მას. ეპისკოპოსი არის უმაღლესი ორგანო, რომელსაც ყველანაირი ვალდებულება აქვს,  მის დაქვემდებარებაში მყოფ მღვდლებს პასუხი გასცეს, საქმის კურსში ჩააყენოს. [ჩვენი დასჯის] მიზეზი იყო პატრიარქის მიმართ არსებული კითხვები, რომლებსაც აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ხდება. თუ ჩვენ ვართ მართლები, გავმართლდებით ჩვენ, თუ ვართ მტყუვნები და გავმტყუვნდებით, მივიღებთ სასჯელს, იმ ბრალდებისთვის, რა ბრალდებაც წავუყენეთ მას [პატრიარქს]. კანონიკურად ასეა. მაგრამ ესენი [სინოდი] თავს არიდებენ, იმიტომ, რომ მათ პასუხი არ აქვთ,“ – ამბობს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი იღუმენი დანიელი (გვილავა).

მიტროპოლიტ სტეფანეს გამოცემულ ბრძანებებს, რომლებსაც სასჯელად აღიქვამენ სასულიერო პირები, თავად მიტროპოლიტი კანონიკურ მოქმედებად აფასებს.

„არ დავსაჯე, კანონიკურად მოვეპყარი. დასჯა არ არის სწორი ინტერპრეტაცია,“ – განმარტა მან 10 მაისს პრესკონფერენციაზე.

ამავე პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კითხვებს სვამენ, „ერთი მუჭა ამბოხებულები“ უწოდა.

„თქვენ აჩვენებთ, თითქოს დაპირისპირება არის ორ მხარეს შორის. ამ დროს არის ანტიკანონიკური მოქმედებები ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხრიდან. რომლებიც პატრიარქს აგინებენ, რომელთა ლიდერი სინოდმა მსახურებიდან გაიყვანა და ამ ეპარქიის მმართველობიდან გადააყენა. ეს ადამიანები ცდილობენ თქვენი გამოყენებით შექმნან დამოკიდებულება თითქოს არის კონფლიქტი ორ მხარეს შორის.  სინამდვილეში ამ სიტუაციაში არის ანტიკანონიკური მოქმედებები განდგომილი, ამბოხებული სასულიერო პირებისა და ეკლესიის კანონიკური მოქმედება, რომელსაც მასმედია, გარკვეული ნაწილი, ყველაზე ვერ ვიტყვი, აშუქებს თითქოს ეს არის ორ მხარეს შორის დაპირისპირება,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

„მას [მიტროპოლიტ სტეფანეს] უდიდესი მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოსგან. უდიდესი მხარდაჭერა აქვს ძალოვანი უწყებებიდან. უდიდესი  მხარდაჭერა აქვს რუსეთიდან, მოსკოვის საპატრიარქოდან. უფრო გარკვევით და ღიად რომ ვთქვათ, ჩვენს ეკლესიას მართავს რუსეთის ეკლესია. აშკარად ჩანს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი (გვილავა).

ამავე თემაზე:

მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: