მთავარი,სიახლეები

„ჩემთანაც მოვლენ“ – მონაზონი ათინოგენი მარტვილში მონასტრიდან ბერების გაძევებაზე

05.11.2021
„ჩემთანაც მოვლენ“ – მონაზონი ათინოგენი მარტვილში მონასტრიდან ბერების გაძევებაზე

დღეს, 5 ნოემბერს, დილით, ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ რამდენიმე ბერი და სამოქალაქო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

„დილის ლოცვაზე იყვნენ და შემოვარდნენ თურმე ჩოხოსნები კაზაკებივით, იმათ მოჰყვა მეუფეც, თითო კელიაში ორ-ორი ჩოხოსანი შეუშვა და მონასტრის დაცლა დაიწყეს ასე იძულებით… მილიციელები მოვიდნენ, მარა რათ გინდა, უყურებდნენ ამ ყველაფერს, რაფერ ყრიდნენ მონაზვნებს კელიებიდან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მონაზონი ათინოგენი [მდივანი].

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგ დაპირისპირებას.

მონაზონი ათინოგენი ამავე ეპარქიის სხვა მონასტერში ცხოვრობს. ის შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა არ შეუშვეს.

მონაზონი ათინოგენი და კიდევ 10-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ 19 სექტემბრის განჩინებით განკვეთა, თუმცა სასულიერო პირებს ამ დრომდე მონასტერი არ დაუტოვებიათ.

„ჩვენ ველოდებით სინოდის გადაწყვეტილებას, არ მოსულა და არც სასამართლოსთვის მიუმართავთ გამოსახლებისთვის ვინმეს. სინოდი თუ იტყვის გამოდითო, წავალთ, კი არ ვიხვეწებით რამეს, მარა ჩვენი ხელით აშენებულია ეს ყველაფერი, მე პირადად 15 წელია აქ ვცხოვრობ და ჩვენი ხელით ნაშენებია ეს ყველაფერი.

მონაზვნებს ასე საბჭოთა კავშირის დროს ყრიდნენ მონასტრებიდან და კეტავდნენ, დღეს ეს ჩოხოსნები გადააქციეს სადამსჯელო ბრიგადებად.

ჩემთანაც მოვლენ ალბათ მალე,“ – ამბობს მონაზონი ათინოგენი. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემის სათავე სიმართლეა, რომლის გარკვევა ეკლესიაში თუ მის გარეთ არავის სურს.

„ჩვენ ვიძახით, რომ მოკვლეული იყოს სიმართლე, ბრალდებები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ისმის, გამოძიებულ იქნეს და ყველამ პასუხი აგოს ჩვენიდან დაწყებული, უმაღლესი იერარქებით დასრულებული,“ – აღნიშნა მონაზონმა ათინოგენმა.

რატომ მოითხოვა ეპისკოპოსმა სტეფანემ მონასტრის დაცლა დღეს?

„იმიტომ, რომ დღეს პარასკევია. პარასკევს კიდე მარტვილში ბაზარია და ყველა ბაზარში მიდის. ვინც ჩვენ გვერდით უნდა დამდგარიყო, ყველა ბაზარშია, თორე კი ვერ გაგვიბედავდნენ ამდენს, ზოგს კოვიდი აქვს და ჩაწოლილია, ზოგი კიდე შეშაზეა წასული ტყეში.

ასე დადგა საბჭოთა კავშირი და გაცოცხლდა ლენინი,“ – გვითხრა მონაზონმა ათინოგენმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: