მთავარი,სიახლეები

მარაგი იწურება – NCDC 2 მილიონი ლარის 100 ათას სწრაფ ტესტს იყიდის

20.04.2021 • 1741
მარაგი იწურება – NCDC 2 მილიონი ლარის 100 ათას სწრაფ ტესტს იყიდის

COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი-მარტივი 100 ათასი ტესტის შესყიდვას საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] ტენდერის გარეშე,  2 122 800 ლარად გეგმავს.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1 მილიონი ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია აპრილის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი. კერძოდ, ცენტრის საწყობში დღეის მდგომარეობით არსებული ტესტების მარაგი შეადგენს 25 ათასს, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მარაგი – დაახლოებით 140 ათასს, რომელიც დეფიციტური ხარჯვის პირობებში საკმარისი იქნება მაქსიმუმ ერთი კვირა. შესაბამისად, შესყიდული ტესტების ახალი პარტიის მიღება/დისტრიბუციამდე აუცილებელია ადგილზე არსებული მარაგების მინიმუმ 100 ათასი ერთეულით შევსება, რათა თავიდან ავიცილოთ წყვეტა ტესტების მომარაგებაში და შესაბამისად გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის შემცირება,“ – აღნიშნულია NCDC-ის განაცხადში, რომლითაც ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ცენტრის ინფორმაციით, „ქვეყანაში ბოლო ერთი თვის მანძილზე მკვეთრად გაუარესდა კორონავირუსის ეპიდსიტუაცია ყველა მიმართულებით“. კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით კი, „ქვეყანაში დაწესებულ სხვადასხვა სახის შემზღუდავ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია ტესტირებების გაინტენსიურება, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფ პირებს მიეცეთ თვითიზოლაციის რეკომენდაცია“.

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 24 მარტამდე პერიოდში საქართველომ, ჯამში, 29 826 110 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის [როგორც PCR, ასევე სწრაფი] ტესტი შეიძინა.

20 აპრილის დილის მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.79 %-მდეა გაზრდილი.

ამ თემაზე:

საქართველოში კოვიდის 1 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: