ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

05.04.2021 •
როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს. დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში. ეს „პერიოდი“ კი, თუ თარიღები კვლავ არ შეიცვალა, 2022 წელია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ეს მონაკვეთი ანგისიდან, ხელვაჩაურის მიმართულებით, დაახლოებით მახვილაურის ქუჩის კვეთამდე გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე კი, დეპარტამენტმა ჯერ პროექტი უნდა მოამზადოს, ტენდერი გამოაცხადოს და მშენებელი კომპანია შეარჩიოს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთია და ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

დაგეგმილია თუ არა გამზირის რეაბილიტაცია [გზის სავალი ნაწილის შეკეთება, ტროტუარების, ბორდიურების მოწყობა, ზებრა-გადასასვლელების მონიშვნა და სხვა] – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ დეპარტამენტს წერილობით მიმართა.

დეპარტამენტიდან პასუხი დღეს, 5 აპრილს, მივიღეთ:

„უახლოეს პერიოდში იგეგმება საპროექტო დავალების გაცემა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის საწყისი 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების თაობაზე, რომლის დასრულების შემდგომ, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოების დამთავრება იგეგმება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდისთვის. საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იქნება საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, იგი დადგინდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შემდგომ“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

ხალვაშის გამზირზე, მახვილაურის დასახლებაში, ხიდიც უნდა აშენდეს, რომლითაც ბათუმის შემოვლითი გზა ამ გამზირზე გადაივლის.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ კომპანიაში 8 თვის წინ გვითხრეს, რომ „როცა ხიდის მშენებლობა დაიწყება, გამოჩნდება საჭირო იქნება თუ არა ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა. შესაძლოა ხიდი ისე აშენდეს, რომ პარალელურად ხალვაშის გამზირზე ტრანსპორტმა იმოძრაოს“.

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობა და იგეგმება თუ არა მშენებლობის მონაკვეთში ხალვაშის გამზირზე მოძრაობის აკრძალვა? – დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ხალვაშის გამზირის გადაკეტვა არ იგეგმება:

„ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ხიდის განაპირა ბურჯების ხიმინჯების მოწყობის სამშენებლო სამუშაოები, ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე, სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვა არ იგეგმება.“

ხალვაშის გამზირის მიმდებარე ქუჩები ბათუმის მერიის საკუთრებაშია, ამ ქუჩების უმეტესობაც სარემონტოა. ზოგიერთ ქუჩაზე კი პრობლემას სამრეწველო ზონა ქმნის, საიდანაც ინერტულ მასალებს და ბეტონს ეზიდებიან.

დღეს, 5 აპრილს, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით,  მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი, გარშემო ყველაფერი ატალახებულია. მათივე თქმით, საჭიროა სანიაღვრე არხების გაკეთება, რომ წვიმიან ამინდში ოპიზრების ქუჩაზე გუბეები არ დადგეს. ამის გაკეთებას მოქალაქეები სახელმწიფოს სთხოვენ.

ბათუმის მერიის 2021 წლის ბიუჯეტში ოპიზრების ქუჩაზე რაიმე სამუშაოებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა შემოერთებული ტერიტორიების ზოგიერთ ქუჩაზე მერია ბეტონის საფარის ალაგ-ალაგ [როგორც მერიის სატენდერო განაცხადშია აღნიშნული – „პრობლემურ მონაკვეთებზე“] დაგებას გეგმავს.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/335690/

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: