Batumelebi | „ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ „ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ – Batumelebi
RU | GE  

„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები აქციას მართავენ. სწორედ ამ ქუჩის გავლით სამშენებლო კომპანიები ეზიდებიან ბეტონს, რის გამოც სამრეწველო ზონის გვერდით მცხოვრებთ მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი გარშემო ყველაფერი ატალახებულია.

„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს. 15 ქარხანაა აქ, რომლებიც ძალიან კარგ შემოსავალს იღებენ. მათ შორისაა „ორბი“ და „ანაგი“ – ბეტონს ეზიდებიან. თავად მდიდრდებიან ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. უკვე წლებია ვითხოვთ, რომ მზიან ამინდში ქუჩა მაინც მორწყონ, მტვრის ბუღში რომ არ ამოვიხრჩოთ. ჯერჯერობით ჩვენი ხმა ვერ გავაგონეთ – ზოგი ერთმანეთთან ჩხუბით არის დაკავებული, ზოგიც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან“, – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარინა ბერიძემ.

აქციაზე იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძეც. მისი თქმით, „აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ კომპანიებს დაავალდებულოს მზიან ამინდში ქუჩის მორწყვა. ასევე საჭიროა ორი არხის გაკეთება, რომ წვიმიან ამინდში გუბეები არ დადგეს და აქაურობა არ ატალახდეს. ამის გაკეთებას მოქალაქეები სახელმწიფოს სთხოვენ. ბეტონს ყველა აქედან ეზიდება“.

ბათუმი. 5 აპრილი, 2021 წელი. ოპიზრების ქუჩა წვიმიან ამინდში

___

ფოტო: თამაზ ბაკურიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან