მთავარი,სიახლეები

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის თანამშრომელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა

16.03.2021 • 1194
ტრანსგენდერი ქალი: დაცვის თანამშრომელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა

ტრანსგენდერი ქალი დადუ კარა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარში დაცვის თანამშრომელმა, ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, დაცვის თანამშრომელი შელაპარაკებისას იყენებდა ღიად დისკრიმინაციულ ტერმინებს.

„ანბანის კოშკის მიმდებარედ ვმოძრაობდით მოპედით მე და ჩემი მეგობარი, ველობილიკზე. წინ გადამიდგა დაცვის პოლიციელი და მითხრა, რომ არ შეიძლება ბულვარის ტერიტორიაზე მოპედით სიარული, ჩამობრძანდი და ხელით გადაიყვანე ტერიტორიიდანო. ვთხოვე, რომ გზამდე, სანამდეც დაახლოებით 10 მეტრია დაშორება, მიეცა საშუალება გადავსულიყავი, რადგან ხელით გამიჭირდებოდა ჩამქრალი მოპედის გადაყვანა, მაგრამ დამიწყო ხელით ჯაჯგური, მაგდებდა მოპედიდან, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არც პირბადე ეკეთა, არც სახელი-გვარი მითხრა და გამოვიძახე პოლიცია.

დამაჯარიმეს 20 ლარით, რისი წინააღმდეგიც არ ვყოფილვარ, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა რაც გააკეთა, უფლებამოსილების გადამეტებაზე გაცილებით უარესია,“- ამბობს ტრანსგენდერი ქალი.

ბულვარში ელექტრომობილით, მოტოციკლით, კვადროციკლითა (ელექტროტრანსპორტით) და მოპედით გადაადგილება აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

ტრანსგენდერი ქალი მიიჩნევს, რომ ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია, რადგან დაცვის თანამშრომელი შელაპარაკებისას იყენებდა დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას: „ჩხუბის დროს მეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მათ შორის პიდარასტს“ – ამბობს ის.

საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს ადვოკატი სალომე ღოღობერიძე იცავს, რომლის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება ძალადობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული.

„გამომძიებელს მივაწოდეთ დაწვრილებითი ინფორმაცია და ახლა ველოდებით მათი მხრიდან რეაგირებას,“ – გვითხრა სალომე ღოღობერიძემ.

ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ტრანსგენდერი ქალის მეგობარი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: