ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საკრებულო მორიგ სხდომას 2025 წლის 29 აგვისტოს ჩაატარებს. 29 აგვისტო „ოცნების“ მთავრობამ უქმე დღედ ისე გამოაცხადა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. საკრებულოს კი, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე, სხდომის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
დადგენილებაში, რომელსაც ხელს „ოცნების პრემიერი“ აწერს, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, ვის მიმართ არ გავრცელდეს ეს დადგენილება იმ შემთხვევაში, „თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“.
ბათუმის საკრებულოს ბრძანების მიხედვით, რომ არა „გადაუდებელი აუცილებლობა“, საკრებულო 29 აგვისტოს სხდომას არ ჩაატარებდა. თუმცა, ვინაიდან აგვისტოში არცერთი სხდომა არ ჩატარებულა, ამასთან 30-31 აგვისტო შაბათ-კვირაა, ხოლო „კანონმდებლობით სავალდებულოა თვეში ერთი სხდომის ჩატარება, პროცედურული თვალსაზრისით არსებობს 29 აგვისტოს სხდომის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა“, – წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.
„2025 წლის 29 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების მიუხედავდ, ჩატარებულ იქნეს საკრებულოს მორიგი [დაგეგმილი/მოწვეული] სხდომა 2025 წლის 29 აგვისტოს არასამუშაო პერიოდში [არასამუშაო საათებში]… არასამუშაო დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ ეცნობოს საკრებულოს წევრებს“, – წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.
სხდომა 29 აგვისტოს დღის 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.
ამ სხდომაზე საკრებულო რამდენიმე საკითხს განიხილავს. მათ შორის გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებისა და ქალაქის ქონების აჭარისთვის გადაცემის საკითხებს.
ამ თემაზე:
ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ
ბათუმის სტადიონთან მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ასხვისებს – ცნობილია დაინტერესებული კომპანია






