მთავარი,სიახლეები

„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან

07.12.2020 • 1875
„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან

მაღაზიების დაკეტვის გარდა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით წარწერას – „ქირავდება“. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს გაუჭირდა, რომელსაც ონლაინვაჭრობის რესურსიც არ აქვს. გამოკეტილი და ბოქლომდადებული მაღაზიების გვერდით დაგხვდებიან ინდმეწარმეებიც. ისინი კლიენტებს ისევ ელიან – საკუთარი მაღაზიასთან ახლოს, ან წინ გაჩერებულ მანქანებში. მათ საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, თუმცა თითოეულ მათგანს სათქმელი ბევრი აქვს.

„ფეისბუქით იმუშავეთო, მაგრამ მე რომ ფეისბუქიც არ მაქვს?“ – კითხულობს პუშკინის ქუჩაზე მომუშავე ინდმეწარმე მზია კვირიკაძე. ის უსამართლოდ მიიჩნევს დაწესებულ რეგულაციებს და თვლის, რომ არაფერი დაშავდება, თუკი ონლაინვაჭრობის ნაცვლად, რომლის გამოცდილება არც მას აქვს და არც მის კლიენტებს, იქვე მოემსახურება ადამიანებს მაღაზიაში შესვლის გარეშე.

მზია კვირიკაძეს შერეული მაღაზია აქვს, თმის საღებავებს ყიდის, სათამაშოებს, წვრილმანებს. ამბობს, რომ თვეში იჯარის ფულის – 450 ლარი აქვს გადასახდელი. შესაბამისად, კომპენსაციის სახით მიღებული 300 ლარი ვერაფერს უშველის.

„თუ დაკეტვაა, ყველაფერი დაკეტილიყო მაშინ. მაგრამ შეიძლება დისტანციის დაცვა, პირბადეა… ასე სახლში ვიჯდე მშიერი და მაღაზია დაკეტილი მქონდეს, ესაა სამართალი?“ – ამბობს მზია კვირიკაძე. მას მაღაზიასთან ვესაუბრეთ, რომელიც ბოქლომით იყო გამოკეტილი.

მზია კვირიკაძე

პუშკინის ქუჩაზე მაღაზიების ერთ ნაწილზე ჟალუზები ბოლომდე ჩამოშვებული არ არის. აქ თუ შეჩერდებით, მაღაზიაში მყოფი ადამიანები განიშნებენ, რომ ვიტრაჟზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე უნდა დარეკო და შემდეგ მოგაწვდიან სასურველ ნივთს.

„საერთოდ აღარ არის მუშაობა, ასე თუ გაგრძელდა, მალე სულ აღარ ვიქნებით,“ – ამბობს ვიკა იბრაგიმოვა. მას ჩანთების მაღაზია აქვს და ამბობს, რომ იჯარის თანხა თვეში 1400 ლარი აქვს გადასახდელი.

„ადრე თუ 10 – 15 ჩანთას ვყიდდი დღეში, ახლა ერთი თუ გავყიდე, მიხარია. აღარ არის მყიდველი, ღიაც რომ მქონდეს მაღაზია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ვიკა იბრაგიმოვამ.

ჩანთების მაღაზია, წერეთლის ქუჩა, ბათუმი

მაღაზიების ნაწილზე ჟალუზები ბოლომდე ჩამოწეული არ არის

თითქმის ყველა დაკეტილი მაღაზიის კართან მოვლენ და გკითხავენ, რისი შეძენა გსურთ. ისინი ან მაღაზიის სიახლოვეს არიან, ან მაღაზიების წინ გაჩერებულ ავტომანქანებში. მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ თითქმის ყოველი ნახევარ საათში დადიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და ამოწმებენ ნამდვილად დაკეტილია თუ არა მაღაზიები. შესაბამისად, ისინი არც დაჯარიმების საფრთხეს გამორიცხავენ.

„ასე რა მუშაობა გამოვა, იშვიათად მოდის ვინმე, გვერდით კარიდან შევდივარ და ისე ვაწვდი ნივთს, მაგრამ არავინ არ მოდის… შიმშილის ზღვარზე ვართ, ეს დაწერეთ,“ – გვითხრა კიდევ ერთმა ინდმეწარმემ, რომელიც პუშკინის ქუჩაზე შეგვხვდა და ვინაობის გამხელა არ ისურვა.

დაკეტილი, თუ ნახევრადდაკეტილი მაღაზიების მფლობელებს აღიზიანებთ საუბარი კომპენსაციაზე. „არაფერში გვყოფნის“, – მოკლედ და კატეგორიულად პასუხობენ ისინი ამ კუთხით დასმულ კითხვებს.

„რაც იყო, იმის 90 პროცენტს ვეღარ ვვაჭრობ. თვეში 1000 ლარი მაქვს მარტო იჯარის ფული გადასახდელი. გადავადებაზე უარს მეუბნებიან, ასე თუ გაგრძელდა, თვის ბოლოს ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას,“ – გვიპასუხა ინდმეწარმე ირაკლი ბასილაძემ, მას სანტექნიკის მაღაზია პუშკინის ქუჩაზე აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: