მთავარი,სიახლეები

ერთკანდიდატიანი არჩევნები „უსინათლოთა კავშირში“ – ვიდრე მილიონების გაფლანგვაზე განაჩენს მიიღებენ

14.05.2026
ერთკანდიდატიანი არჩევნები „უსინათლოთა კავშირში“  – ვიდრე მილიონების გაფლანგვაზე განაჩენს მიიღებენ

დღეს, 14 მაისს, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს.

არჩევნებში სულ 1 კანდიდატი იყო – მარინა სარალიძე.

„უსინათლოთა კავშირიდან“ უკვე გარიცხული და ემიგრაციაში წასული წევრი – ალექსი წეველიძე, ასევე კავშირში დარჩენილი წევრები, რომლებმაც დღეს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამბობენ, რომ არჩევნები უკანონოა, რადგან ორგანიზაციაში „მილიონები მიითვისეს“, ხოლო „დანაშაულის თანამონაწილე პირები სასამართლო პროცესის დასრულებას არ დაელოდნენ“.

უსინათლოთა კავშირის ყოფილი წევრის და სამოქალაქო ორგანიზაციის „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებლის, ალექსი წეველიძის თქმით, მარინა სარალიძე ამ პოზიციაზე არ უნდა აერჩიათ, რადგან ის სოლიდური ქონების მქონე „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გამგეობის წევრი იყო 2021-2022 წლებში, როდესაც პროკურატურის ვერსიით კავშირიდან მილიონობით ქონება გაიფლანგა და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.

სწორედ ამ მუხლებით [სსკ-ის 182-ე, სსკ-ის 220-ე] წარუდგინეს ბრალი 2023 წელს კავშირის ხელმძღვანელებს: რევაზ მაისურაძეს და სოფიკო ხუციშვილს. ეს ბრალდებულები თანამდებობებს ჩამოაშორეს და გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საქმეზე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლეს განაჩენი ჯერ არ მიუღია.

საქმე ეხება 3 მილიონ 005 189 ლარის უძრავი ქონების, ასევე 452 187 ლარის ღირებულების მოძრავი ქონების გაფლანგვას.

„არჩევნები ჩაატარეს სპეციალურად ქობულეთში, ციხისძირში, რომ იქ ყველა უსინათლო ვერ ჩასულიყო,“ – გვიყვება უსინათლოთა კავშირის წევრი გოჩა ბოლქვაძე, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ დღევანდელ არჩევნებს ესწრებოდა:

„ჩვენ, ადამიანებმა, რომლებსაც კრიტიკული აზრი გვაქვს და ვაპროტესტებთ ქონების მითვისებას, კანდიდატი არ დავაყენეთ, რადგან არ ღირდა: მათ მობილიზება გაუკეთეს საკუთარ მხარდამჭერებს და ისინი ტრანსპორტით ჩაიყვანეს ქობულეთში. უსინათლოთა კავშირს აქვს ქონება ბათუმშიც. რატომ არ შეიძლებოდა არჩევნები ჩატარებულიყო ბათუმში?

გარდა ამისა, არჩევნებამდე ჩვენ მოვითხოვეთ კავშირის წევრების ბაზა, რომ მათთვის გაგვეგზავნა ინფორმაცია ჩვენი ხედვების შესახებ. ეს ბაზა და საკონტაქტო ინფორმაციაც არ მოგვცეს პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით.

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში დაახლოებით 280 წევრია. დღევანდელ შეხვედრაზე რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 64-მა ადამიანმა. ესენი ყველა სარალიძის მხარდამჭერები იყვნენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა ბოლქვაძემ.

კავშირის წევრების ბრალდებებზე საპასუხოდ უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, მარინა სარალიძეს ტელეფონით დავუკავშირდით. „არ გაძლევთ კომენტარს“ – მხოლოდ ეს გვითხრა მარინა სარალიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

ციხისძირში უსინათლოთა კავშირის გასაშუქებლად ადგილზე ჩავიდნენ „აჭარა თაიმსი“ და „აჭარის ტელევიზია“, თუმცა მათ შეხვედრის გაშუქების საშუალება კავშირის ადმინისტრაციამ არ მისცა. „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა, სულხან მესხიძემ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, როგორ სცადა მარინა სარალიძემ მისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა.

„ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს. ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ,“ – აღნიშნულია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„…უსინათლოთა კავშირის ცნობილი დავის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მარინა სარალიძემაც მისცა ჩვენება მოწმის სახით,“- გვიყვება ალექსი წეველიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს, – „მარინა სარალიძემ მოსამართლეს უთხრა, ვიზიარებ პასუხისმგებლობასო. თუ იზიარებს, დალოდებოდა მაშინ ის და უსინათლოთა კავშირიც ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქნებ გამამტყუნებელი განაჩენი დგება?!

ერთიანად ტარდება ახლა არჩევნები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაჩქარებული წესით, რომ განაჩენის მიღებამდე ახალი თავმჯდომარეც აირჩიონ და გამგეობაც ისე დაკომპლექტდეს, არ დაკარგონ ძალაუფლება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ალექსი წეველიძემ.

ალექსი წეველიძემ ასევე გვაჩვენა პროკურატურის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მილიონობით ქონების გაფლანგვის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე თავად „უსინათლოთა კავშირი“ დაზარალებულადაა ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: