მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერი 6 000 ლარით დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისთვის

25.11.2020 • 1514
ხელვაჩაურის მერი 6 000 ლარით დააჯარიმეს უკანონო მშენებლობისთვის

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, ბათუმის მერიამ 6 ათასი ლარით დააჯარიმა. მან სამსართულიანი სახლი სანაპიროსთან ისე ააშენა, რომ ბათუმის მერიას რეაგირება არ ჰქონია. ჯუმბერ ვარდმანიძე მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მისი უკანონო მშენებლობის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ დაწერა.

ჯუმბერ ვარდმანიძემ ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს მშენებლობის ნებართვა.

ხელვაჩაურის მერის დაჯარიმებაზე უარი თქვა ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა. ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მხოლოდ ჯუმბერ ვარდმანიძე გამოკითხა. ,,ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ხელვაჩაურს მერს არ უარყვია ეს ფაქტი. მან განმარტა, რომ ამის უფლება ჰქონდა. ხელვაჩაურის მერმა ამ საკითხზე კითხვების დროს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს აგინა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბუნდოვანებას თუ უკანონობას – ჯუმბერ ვარდმანიძეს დეკლარაციაში უწერია, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ფლობს 103 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართობს. ხელვაჩაურის მერის ჩანაწერებით, ეს ქონება მას აჩუქეს, ზეპირი განმარტებით კი, კომერციული ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, რომელსაც თავად ბანკიდან სესხის აღებაში დაეხმარა და ბინაც სწორედ ამიტომ გადაუფორმა.

ბათუმში ქონების გაქირავებით ჯუმბერ ვარდმანიძე წელიწადში 54 ათას ლარს იღებს შემოსავლის სახით. „ყოველთვიურად ქირაში 4 500 ლარს ვიხდით“ – გვითხრეს აქ განთავსებული კომერციული დაწესებულების თანამშრომლებმა. შესაბამისად, მერი ვალდებულია ეს შემოსავალი დაბეგროს და ბიუჯეტში გარკვეული თანხა გადაიხადოს. ჯუმბერ ვარდმანიძე დიდი ალბათობით ამ გადასახადსაც უმალავს ბიუჯეტს, რადგან მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი 5 400 ლარზე, რასაც ის კომერციული ფართობის გაქირავებიდან იღებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯუმბერ ვარდმანიძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი არ მიმდინარეობს. ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მონიტორინგი არ იწყება. ჯუმბერ ვარდმანიძესთან დაკავშირებით ბიუროსთვის ჯერ არავის მიუმართავს.

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: