მთავარი,სიახლეები

აჭარის ორი სოფლის ბოიკოტი – წაბლანა და წაბლიანი არჩევნებზე ისევ არ მიდის

21.11.2020
აჭარის ორი სოფლის ბოიკოტი – წაბლანა და წაბლიანი არჩევნებზე ისევ არ მიდის

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ხულოში, სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად კვლავ არ მიდის არჩევნებზე.

ამ ორ სოფელში ამომრჩევლებმა არც პირველ ტურში არ მიიღეს მონაწილეობა.

როგორც სოფელ წაბლანას კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო შანთაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა. წაბლანაში 600 ამომრჩეველია.

„მხოლოდ კომისიის წევრებმა მივეცით ხმა. ჯერ ერთი ამომრჩეველიც არ მოსულა უბანზე“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე. 

კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე უარი თქვეს წაბლანას მეზობელ სოფელში,  წაბლიანში მცხოვრებმა ადამიანებმაც, სადაც 300 ამომრჩეველია. აქ საარჩევნო უბანი პირველ ტურშიც ცარიელი იყო და მეორე ტურშიც იგივე მდგომარეობაა.

სოფლის მოსახლეობის პროტესტი ხელისუფლების გულგრილობას უკავშირდება. სოფელ წაბლანაში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მთავრობამ  ეს პირობა ნაწილობრივ შეასრულა, რადგან ერთი კორპუსი, რომელიც ააშენა, არ გაარემონტა. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.

ამავე თემაზე: რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია

წაბლანას მოსახლეობა მთავრობა აფრთხილებდა კიდეც, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ და უბანზე არცერთი ამომრჩეველი არ მივიდოდა.

ამავე თემაზე: სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიის ოქმი, რომელიც ისტორიას დარჩება 

__________________
მთავარი ფოტო: სოფელი წაბლანა, 31 ოქტომბრის არჩევნებზე სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბნის ნაცვლად მოედანზე შეიკრიბნენ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: