მთავარი,სიახლეები

და-ძმის გარდაცვალების საქმე ხელვაჩაურში – რას ჰყვებიან სოფელში ტრაგედიაზე

29.01.2026
და-ძმის გარდაცვალების საქმე ხელვაჩაურში – რას ჰყვებიან სოფელში ტრაგედიაზე

და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები დღეს, 29 იანვარს დაკრძალეს ხელვაჩაურში.

56 წლის დარია და 54 წლის ტარიელი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ცხოვრობდნენ. ისინი 26 იანვარს, საკუთარი სახლის მიმდებარედ, ეზოს სხვადასხვა მხარეს იპოვეს გარდაცვლილი. 

პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დასახელებული იყო ვერსია, რომ და-ძმის გარდაცვალება შესაძლოა „სხეულის გადაციებამ, მოყინვამ“ გამოიწვია.

ამ ვერსიამ არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა.

როგორ აღმოჩნდა და-ძმა ღამით გარეთ და რამ გამოიწვია მათი გაყინვა? რამდენად სარწმუნოა დასახელებული ვერსია? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „ბათუმელები“ გარდაცვლილის ახლობლებისგან შეეცადა.

სოფელში დღეს, 29 იანვარს, შუადღით მივედით. ხალხის ნაკადი გარდაცვლილი და-ძმის სახლისკენ ნელ-ნელა მიიწევდა.

გზის გარკვეული ნაწილი ფეხით გავიარეთ, რადგან სამანქანო გზა ვიწრო და ტალახიანი იყო.

სოფელში თოვლი არ არის და როგორც აქ გვითხრეს, არც იმ ღამით იყო, როცა და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

სახლთან ახლოს, რამდენიმე მეტრში, ცენტრალურ გზაზე, შემორჩენილია პოლიციის ყვითელი ლენტი. სოფელში გვითხრეს, რომ ტარიელ ფარტენაძის ცხედარი სწორედ იმ ადგილზე აღმოაჩინეს.

ტარიელ ფარტენაძის ცხედარი ამ ადგილზე, მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინეს.

როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვიყვება, ცხედარი დილით ადრე, სკოლისკენ მიმავალმა მოსწავლემ შენიშნა და შემდეგ გააგებინა სხვებს.

„დალევა უყვარდა თურმე (ტარიელს) და იმ ღამითაც დაულევია. მერე გამოსულა, მეზობელთან მიდიოდა და როგორც ჩანს, დავარდა გზაზე, ვეღარ ადგა და გაიყინა. შემდეგ მისი და გამოსულა მოსაძებნად, ოღონდ საპირისპირო მხარეს ეძებდა. იქვე ღელე ჩამოდის სახლთან და იქ გადავარდნილა“, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

კითხვაზე, და-ძმას ხომ კარგად უნდა სცოდნოდა ეს ადგილი, მათივე სახლთან ახლოს, მან გვითხრა, რომ „საკმაოდ ცუდი ადგილია“.

„გადატეხილი ხეა იქვე და როგორც ჩანს, აქ გაეჩხირა“, – დასძინა მან.

იგი მიიჩნევს, რომ და-ძმა, სავარაუდოდ, ტრაგიკულად დაიღუპა.

„კარგი, მშრომელი ადამიანები იყვნენ. 8 სული საქონელი ჰყავდათ და უვლიდნენ“, – გვითხრა მან.

ოჯახის კიდევ ერთი ნათესავი იმავე ვერსიაზე საუბრობს:

„მარტო ცხოვრობდა და-ძმა, მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ. დას ჰქონდა დაბადების დღე იმ დღეს და როგორც ჩანს, ცოტა დალიეს. შემდეგ ძმა წასულა მეზობელთან თუთუნის მოსატანად და სამანქანე გზაზე დავარდნილა.

ძმა რომ არ დაბრუნდა, დას უძებნია. ნალიის ქვეშ ეწყო „ვალინკები“ და იმის ჩასაცმელად გავიდა“, – გვითხრა და-ძმა ფარტენაძეების ნათესავმა ქალმა.

გარდაცვლილი და-ძმის სახლი სოფელ აჭარისაღმართში

პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ გარდაცვლილებს არ აღენიშნებათ ძალადობის კვალი. თუმცა ადამიანები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ გარდაცვლილ ქალს კისერი ჰქონდა მოტეხილი.

„როგორც ჩანს, გადავარდნის შემდეგ მიიღო ეს ტრავმა“, – ვარაუდობენ ახლობლები.

სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ რეზინის ბოტებთან („ვალინკებთან“) დაკავშირებითაც. ერთი ვერსიით, ქალს ერთ ფეხზე ეცვა რეზინის ბოტი, მეორეზე კი – არა.

შესაძლოა, ჩაცმის დროს თავი ვეღარ შეიკავა და მაშინ გადავარდა ღელეშიო – ვარაუდობენ სოფელში. აქ ზოგი იმასაც ამბობს, რომ ქალს ფეხზე ჩუსტები ეცვა და ამიტომ დაუსრიალდა ფეხი.

შემთხვევის ადგილი ჩვენც ვნახეთ. ნალია ნამდვილად დგას ღელესთან ახლოს, თუმცა ეზოს მხარესაა. ნალიის მოპირდაპირე მხარეს დგას წყლის ონკანი. სწორედ ამ ონკანიდან რამდენიმე მეტრშია დამრეცი ადგილი, ქვემოთ კი პატარა ღელე მიედინება.

ადგილი, სადაც დარია ფარტენაძის ცხედარი იპოვეს

ოდნავ განსხვავებულ დეტალებზე გვესაუბრა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი. მისი ინფორმაციით, დარიას ტელეფონი და ბოტებიც ამ ონკანის წინ უნახავთ.

სოფელში ფაქტობრივად გამორიცხავენ ტრაგიკული შემთხვევის გარდა სხვა ვერსიას.

„ძარცვა რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაც უნდა წაეღოთ სახლიდან. ყველაფერი ადგილზეა. არც ტელეფონებია წაღებული. კისერი აქვს მოტეხილი ქალსო – თქვეს, მაგრამ ალბათ, რომ ჩავარდა მაშინ მიიღო ეს დაზიანება“, – გვეუბნება ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი. მისი თქმით, ტარიელის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის შეტევა ყოფილიყო.

ვცადეთ დარიასა და ტარიელის და-ძმებთან გასაუბრებაც, მაგრამ როგორც გვითხრეს, მათ დღეს გარდაცვალების დეტალებზე საუბარი არ სურდათ.

როგორც სოფელში გვითხრეს, პოლიცია დარეკვიდან 2 საათის შემდეგ მივიდა ადგილზე. აქ ზუსტად ვერ გვეუბნებიან,  ქალის ცხედარი პოლიციის მისვლამდე ამოასვენეს ღელიდან თუ შემდეგ.

გამოძიება და-ძმის გარდაცვალებაზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: