მთავარი,სიახლეები

„კაცების გათხოვების პროპაგანდამ იმუშავა“ – რას ამბობენ აჭარის სოფლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

11.03.2026
„კაცების გათხოვების პროპაგანდამ იმუშავა“ – რას ამბობენ აჭარის სოფლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო.

„ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში ადამიანების გაძლიერებას? რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა?

  • ამილონა დეკანაძე: ევროკავშირის მხარდაჭერა რომ არა, გამიძნელდებოდა კი არა, საერთოდ ვერ მოვახერხებდი ბიზნესის კეთებას

„მიხარია, რომ მოტივაცია ასე მოემატათ ქალბატონებს – საკუთარი თავის რწმენა. რომ არა ევროკავშირის მხარდაჭერა, ვერ მექნებოდა ესთეტიკის ცენტრი,“ – ამბობს ამილონა დეკანაძე. მას ხულოს ცენტრში წლების წინ ესთეტიკის ცენტრი გაუხსნია. ამ ცენტრში სხვადასხვა აღჭურვილობასა, თუ ტექნიკაზე ევროკავშირის ლოგო დაგხვდებათ.

ამილონა დეკანაძე გვიყვება, რომ 2019 წელს მიიღო ევროკავშირისგან დაახლოებით 87 ათასი ლარი.

„პირველ რიგში, საკუთარი თავის გამო მომინდა ამ ცენტრის გახსნა. რთულია ხულოდან ბათუმში ჩასვლა ესთეტიკური მომსახურების მისაღებად. თანაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გაიმეორო პროცედურები, ამ დროს შეიძლება დასაქმებული ხარ, ოჯახის პირობები,“ – იწყებს თხრობას ამილონა დეკანაძე იმის შესახებ, თუ როგორ წამოიწყო ბიზნესი ხულოში: „ჯერ სოფლებში წინასწარ გამოკითხვა ჩავატარე, მსგავსი მომსახურება რომ ყოფილიყო, თუ იქნებოდა მოთხოვნა. მითხრეს, რომ ყველა გაიხარებდა ამით, როგორც შეგვეძლება, ისე დაგიდგებით მხარშიო“.

ამილონა დეკანაძე იხსენებს, როგორ მომრავლდნენ მალევე ქალები სალონის კართან: „თავიდან, პატარა, ერთ ოთახში მარტო ვმუშაობდი. მხოლოდ ერთი აპარატი მქონდა. შემდეგ გამოჩნდა ევროკავშირი – გავძლიერდით, გავფართოვდით, სამი სხვადასხვა მომსახურების აპარატი შევიძინეთ, 8 ადამიანი დავასაქმე“.

ამილონა დეკანაძეს განსაკუთრებით ხანდაზმული ქალების გამოჩენა ახარებს, რომლებსაც მანამდე არასდროს უვლიათ სილამაზის სალონში:

„უფროსი თაობის მომხმარებლები გვყავს საკმაოდ ბევრი, ძალიან მოსწონთ ეს პროცედურები… ბევრს უთქვამს კიდეც, ნეტა, თავის დროზე ყოფილიყო ეს სალონები, ახალგაზრდები რომ ვიყავითო,“ – გვითხრა ამილონა დეკანაძემ.

ამილონა დეკანაძე

ამილონა დეკანაძე მიიჩნევს, რომ გარეგნობაზე ზრუნვა თავდაჯერებულობას მატებს ქალებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატრიარქალური ტრადიციებით გამორჩეულ გარემოში. ამილონამ ცენტრის გახსნამდე იცოდა, რომ სილამაზის სალონში წასვლა ბევრისთვის მთლად მისაღები საქმე არ იყო. ესთეტიკის ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა უკვე დღეში მინიმუმ 5-6 მსურველი მაინც ჰყავს. ამილონას ესთეტიკის ცენტრს შუახევიდანაც აკითხავენ ქალები.

„რვა ადამიანი, მათ შორის, მე დავრჩით ხულოში და არ მოგვიწია ქალაქში წასვლა სამსახურის საძებნელად…

სამწუხაროა, თუ მსგავსი პროექტები და მხარდაჭერა აღარ იქნება. არათუ მცირე ბიზნესს, არამედ დიდ ბიზნესსაც შეეშლება ხელი განვითარებისთვის. ე.წ. სტარტაპებისთვის მით უმეტეს ძნელია,“ – ამბობს ამილონა დეკანაძე.

ვისი ბრალია ევროინტეგრაციის შეჩერება და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? – ვეკითხეთ მცირე მეწარმეს.

„საკუთარი ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის… მარტო მე კი არა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იბრძოლოს ქვეყნისთვის… მოქალაქეებმა უნდა ვაიძულოთ მთავრობა, გაკეთდეს ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის,“ – მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხი აქვს ჩვენს შეკითხვაზე ამილონა დეკანაძეს.

  • „ევროკავშირის დახმარებით ჩვენ ორმოდან ამოვხტით, ეს ამას ჰგავდა,“ – ბაგრატ თავართქილაძე ქედიდან 

„ევროკავშირის ფული საწყისი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას გაძლევს: შენ შენი ეზოს გარეთ ვერ გადიხარ, ის გეუბნება, რომ აი, შეგიძლია წახვიდე. ამის მიღმა ბევრი ხარჯია, მაგრამ დანარჩენი შენით უნდა მოიძიო, უკვე თავისუფალი დგახარ გზაზე, “ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბაგრატ თავართქილაძე ევროკავშირის დაფინანსებაზე სოფლებში.

ბაგრატ თავართქილაძემ ქედაში, სოფელ კოკოტაურში, ნაძვნარში კოტეჯები ჩადგა. გლემფინგისთვის [გულისხმობს ცივილიზაციიდან შორს, ავთენტურ ბუნებაში, ბანაკის ან სასტუმროს ტიპის ადგილას დასვენებას, სადაც ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და კომფორტი] ბაგრატ თავართქილაძემ ევროკავშირისგან დაახლოებით 80 ათასი ლარი მიიღო.ჯამურად კი, ეს ბიზნესი 400 ათასი ლარი დაჯდა.

„ჩვენი სოფელი და ჩვენი ბუნებაა სიმდიდრე, ამას უნდა სწორად გამოყენება, მაგრამ სოფლის გაძლიერება არ აწყობს მთავრობას…

ევროკავშირის დახმარებით ჩვენ ორმოდან ამოვხტით – ეს ამას ჰგავდა. შემდეგ სახელმწიფოს უნდა შეეწყო ხელი, მაგრამ პირიქით მოხდა. დღეს ჩემი კოტეჯები უკვე დაკეტილია,“ – ამბობს ბაგრატ თავართქილაძე.

ბაგრატ თავართქილაძე

ბიზნესმენი გვიყვება, რომ „ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით, ქვეყანაში ხალხი გაღარიბდა და აღარც უცხოელებისთვის ვართ საინტერესო:

„ამას ემატება ომები და არეულობები ჩვენ გარშემო. ამ ყველაფერმა ჩააგდო ბიზნესი, არამხოლოდ ჩემი. ადგილზე რამდენიმე ადამიანი მყავდა დასაქმებული, მაგრამ დღეს ისინი სხვა სამსახურს ეძებენ…

რამდენ უცხოელს შეიძლებოდა ენახა ეს მიმზიდველი ადგილები. ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს: რჩები შენს მშობლიურ სოფელში, გაქვს კონკრეტული საქმე და შენი სოფლის, ქვეყნის  სილამაზით, კულტურით, სამზარეულოთი აოცებ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს? ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ვინღა ჩამოვა აწი საქართველოში? მპასუხობენ, რაც მთავარია, მშვიდობა გვაქვსო, მაგრამ ეს არაა მშვიდობა. ამათ მშვიდობა იცით, როგორ ესმით? – აი, მე ბიუჯეტიდან მილიონს ავიღებ და დავხარჯავ, ცხოვრებას მოვიწყობ, თანამდებობაზეც ვიქნები და შენ პასუხი არ მომთხოვო, არ ინერვიულო, სამაგიეროდ, მშვიდობა გაქვსო.

ერთი კლანის ხალხს იჭერენ და ეს ბრძოლებია, ვითომ კორუფციას ებრძვიან, სინამდვილეში დანარჩენი კლანები იღებენ ქრთამებს ჩვეულებრივად. მთავრობა მთლიანად ჩართულია მექრთამეობაში. მექრთამე ქვეყანა განვითარდება?“ – კითხულობს ბიზნესმენი. მას ირაკლი კობახიძის განაცხადს ვახსენებთ: საქართველოში ეკონომიკა გაიზარდა 10 %-ით. მცირე მეწარმე ბრაზს აღარ მალავს:

„რა გაიზარდა? მე თვითონ უმუშევარი დავრჩი და გაიზარდა? გადასახადებს ვეღარ ვიხდი, თანამშრომლები გავათავისუფლე და რა გაიზარდა? ეს მონაცემები, რასაც ვისმენთ, ტყუილია… თუ ეკონომიკა გაიზარდა, პირველ რიგში, ეს აისახებოდა ბიზნესზე… ამ მთავრობამ საერთოდ მოწყვიტა საქართველო მსოფლიოს,“ – წუხს ბაგრატ თავართქილაძე.

ხის კოტეჯები ქედაში, სოფელ კოკოტაურში, სადაც მუშაობა შეაჩერეს

ბაგრატ თავართქილაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროკავშირი ბოლომდე არ აკონტროლებდა, ვის ხელში მოხვდებოდა ევროკავშირის დაფინანსება.

„ამიტომაც, უმეტესად, 80 % მოგება მიიღეს მთავრობის მომხრეებმა, თვითონ დაიფინანსეს თავი,“ – დასძინა ბაგრატ თავართქილაძემ „ბათუმელებთან“.

  • რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა? 

„ტყუილებს გვიყვებიან, დიპსთეიტი არსებობს და ევროპას თვითონ არ აწყობს საქართველოს ევროკავშირში ყოფნაო,“ – გვიყვება ბაგრატ თავართქილაძე. – „ევროპას კი არა, ივანიშვილს არ აწყობს ჩვენი ევროპასთან დაახლოება… ივანიშვილი რუსეთის დასმულია და პუტინს არ აწყობს ჩვენი გაძლიერება. ამიტომაც, არ აშენდა ანაკლიის პორტი.

მერე კიდევ: მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათო. ომი რომ დაწყებულიყო, აქ ტრანზიტის ტვირთები მშვიდობიანად გატარდებოდა? გეკითხებით, რანაირად აწყობდა ევროპას საქართველოში ომის დაწყება?

რამდენი წელია ვაშენებთ აბრეშუმის გზას, საუკუნეების განმავლობაში მეფეებიც მაგაზე ზრუნავდნენ, რომ ეს გზა საქართველოზე გასულიყო. ახლა ეს გზა საქართველოზე გადის, ფაქტობრივად, 50-60%-მდე ავაშენეთ, მოვაწყვეთ ეს კორიდორი და ახლა ვანგრევთ. მსოფლიო საქართველოს უნდობლობას უცხადებს და ახალი აბრეშუმის გზა გავაკეთოთო,“ – ამბობს ბაგრატ თავართქილაძე.

ევროინტეგრაციის შეჩერებაზე საუბრის დროს კოკოტაურში მცხოვრები მეწარმე ორ მთავარ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: განათლება და ჯანდაცვა.

„რამდენს ვხედავთ, სიკვდილის პირას რომ იყო მისული, ევროპაში წავიდა და გადარჩა? რამდენი ვნახეთ იქედან ჯანმრთელი დაბრუნებული, ძალიან ბევრი, ხომ? ახლა მივიღებთ შედეგს, როცა ვიღაცას ფული არ აქვს და შვილი ამიტომ გარდაეცვალა.

განათლების სისტემასაც ჩავეხსენით – 12 წელი სკოლა აღარ არის საჭიროო. ჩვენი შვილები, გამოდის, ბელარუსიაში ისწავლიან, ან რუსეთში. რას ისწავლიან იქ ჩვენი შვილები? საიდან შემოვა და დაინერგება ჩვენთან ახალი ტექნოლოგიები?

ჩვენ ჩამოვრჩით და კიდევ უფრო ჩამოვრჩებით ყველაფერს. ამიტომაც, გითხარით, რომ ჩვენ მსოფლიოს უკვე მოვწყდით,“ – ასრულებს საუბარს ბაგრატ თავართქილაძე.

  • ნანა კალანდაძე: ევროპა არის ღირსეული სიბერე… არ მეგონა, თუ ისევ რკინის ფარდას ჩამოგვაფარებდნენ 

„ჩვენს ყველა პროექტში იყო ჩადებული ეკონომიკური გაძლიერება. ხანდაზმულების უფლებების დაცვაზე ვმუშაობდით… დღესაც მეხმიანებიან მოხუცები, რომლებიც ჩვენთან ხშირად დადიოდნენ,“ – ამბობს ნანა კალანდაძე, სამოქალაქო ორგანიზაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციამ საქმიანობა უკვე შეაჩერა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ქობულეთში „ღირსეულ სიბერეს“ ჰქონდა ხანდაზმული ადამიანებისთვის სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, მცირე გრანტები –  ევროკავშირის დაფინანსებით აქ 70-მა ხანდაზმულმა ადამიანმა მიიღო მცირე გრანტი და ბიზნესაქტივობა წამოიწყო:

„70 გრანტიორი გვყავდა, გრანტი დიდი არ იყო, პლიუს-მინუს 1000 ევრო, მაგრამ დავაფინანსეთ მარწყვის, ყვავილების სათბურები, წიწილების ინკუბატორი, სუვენირების წარმოება, ერთს სკები შევუძინეთ, მატყლის წარმოება დავაფინანსეთ, ერთი მეღვინე კაციც გვყავდა და გამოფენა-გაყიდვა მოვუწყვეთ,“ – გვიყვება ნანა კალანდაძე და ვერ მალავს წუხილს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის გამო სამოქალაქო ორგანიზაციები მუშაობას აჩერებენ, მთავრობა კი, მცირე მეწარმეებს, მით უმეტეს, ხანდაზმულ ადამიანებს მხარს არ უჭერს.

„რამდენიმე მეხმიანება და ვიცი, რომ ისევ მუშაობს, მაგალითად, ყვავილების სათბური ისევ არსებობს, სხვა არ ვიცი,“ – დასძინა ნანა კალანდაძემ „ბათუმელებთან“.

„ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები ქობულეთში

ევროკავშირის მხარდაჭერით „ღირსეული სიბერე“ ეხმარებოდა ძალადობის მსხვერპლ მოხუცებს სამართლებრივ დაცვაში, სხვა ხანდაზმულებს კი, გამგეობასთან, თუ სხვა ორგანოებთან კომუნიკაციაში:

„…იყო შემთხვევაც, როცა ჩვენი ოფისის ეზოში მოიყვანეს მოხუცი, დაგვისვეს და გაიქცნენ.

გვქონდა ასევე თაობათა შორის ურთიერთობის აქტივობა, მაგალითად, სკოლის მოსწავლეები მოდიოდნენ აქტიურად. გვქონდა საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა და საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე ტრენინგები ჩავატარეთ. ძალიან აქტიურები იყვნენ. ტრენინგებზე, სხვათა შორის, 80 % ქალი მოვიდა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს ქალებისთვისაა. ქალები საერთოდ უფრო აქტიურები რომ არიან, ალბათ ამიტომ.

ჯამურად 500-მდე ბენეფიციარი გვყავდა 10 წლის განმავლობაში. ყველა არ მოდიოდა ცენტრში, მაგრამ ჩვენ ვაკითხავდით. ასეთი შემთხვევებიც გვქონდა,“ – აღნიშნა ნანა კალანდაძემ „ბათუმელებთან“.

„ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები ქობულეთში

„ევროპა არის ზუსტად ღირსეული სიბერე – ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებაც, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ჩვენს მოხუცებს არ აქვთ ღირსეული სიბერე. მათ დიდ ნაწილს შეხვდებით დაუცველს ქუჩაში, 90 წლის მოხუცსაც კი შეხვდებით, 20 ლარით პენსიის გაზრდაც არაა ღირსეული,“ – ნანა კალანდაძეს ევროპასთან დაშორების პოლიტიკაზეც ვკითხეთ. იგი დასძენს, ამ თემაზე საუბრისას ძალიან ვნერვიულობ და ვიძაბები, სულ რუსთაველზე ხომ არ ვიდგებით, აღარ მეგონა, თუ ისევ რკინის ფარდას ჩამოგვიფარებდნენო.

ნანა კალანდაძე

„არ მესმის, როგორ იმუშავა ამ კაცების გათხოვების, ან ომის და მშვიდობის პროპაგანდამ, გაოგნებული ვარ. ხალხმა თუ არ ვიაქტიურეთ, ამ მთავრობას უნდა, რომ მუდმივად მთავრობაში იყოს. არ მინდა ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე.

ევროპა ჩვენი სახლია. წარმოიდგინეთ, მთელი თაობები ამაზე ოცნებობდნენ და ახლა გვეხვეწება ევროკავშირი, მოდით, იცხოვრეთ ჩვენთანო, ჩვენი კი, დავიწყეთ „ორ ფეხზე დგომა“ და რაღაც სისულელეები…

ეს რომ დაინახოს ადამიანმა, ალბათ ბევრი ლაპარაკი უნდა ხალხთან. ოპოზიციური პარტიები ტელევიზიებში რომ არიან 24 საათი, ჯობია ჩამოვიდნენ და რეგიონები დაიარონ. ყოველდღე აქ უნდა დადიოდნენ და უხსნიდნენ ხალხს, რა ხდება ქვეყანაში.

გვერდი უნდა გვყავდეს ისეთი მეგობარი სახელმწიფოები, რომლებიც რაღაცნაირად დაგვიცავენ. მხარდამჭერი და მეგობარი მაინც გვეყოლება. ხომ გვყავდა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი? რატომ დავკარგეთ? ძალიან ვნერვიულობ ამ ყველაფერზე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ასე მშვიდად,“ – აღნიშნა ნანა კალანდაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: