მთავარი,სიახლეები

მთავრობა პენსიაზე გასული ექიმების მობილიზაციაზე საუბრობს

06.11.2020 • 868
მთავრობა პენსიაზე გასული ექიმების მობილიზაციაზე საუბრობს

დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მედპერსონალის მობილიზაციაზე ისაუბრეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 183 მედპერსონალი დაინფიცირდა კორონავირუსით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა, მათგანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება. სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოშია, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მათი მხრიდანაც არის მზაობა და მათი რესურსიც აქტიურადაა გამოყენებული, თუმცა მიმდინარეობს დამატებითი მობილიზება ყველა სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც მოხალისეებად ჩაერთვნენ კოვიდთან ბრძოლაში.

„სამწუხაროდ ისევ ერთ დონეზე რჩება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია, 183 გვქონდა ბოლო 24 საათში. ეს კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც გვჭირდება. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და ჰოსპიტლებში, მაგრამ ისინი იმუშავებენ კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში… იგივე სტომატოლოგები, რომლებიც ბევრი არიან ქვეყანაში, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში… სტუდენტები, მეხუთე-მეექვსე კურსის, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლილი აქვთ, ექიმის, ექთნის ასისტენტებად ამ პერიოდში იმუშავებენ. ჩვენ შევდივართ გარკვეულ ზღვარზე ეპიდსიტუაციის და ეს სიტუაცია სამართავია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: