აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2021 წელს ჯამში 12 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2020 წელს, თუმცა კაპიტალური ფინანსური დახმარება არ გაეზრდებათ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს.
აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში გასაცემი 75 331 600 ლარი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
- ბათუმი – 45 000 000 ლარი [8,7 მილიონით მეტი, ვიდრე 2020 წელს]
- ქობულეთი – 14 508 000 ლარი [858 ათასით მეტი]
- ხელვაჩაური – 4 123 600 ლარი [2 მილიონით მეტი]
- ხულო – 4 000 000 ლარი [1 მილიონით მეტი]
რაც შეეხება ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს, მათთვის კაპიტალური ფინანსური დახმარება ზუსტად იმდენივეა გათვლილი სამომავლოდ, რამდენიც მიმდინარე წელს უნდა მიიღონ:
- ქედა – 3 600 000 ლარი
- შუახევი – 4 100 000 ლარი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისთვის გამოყოფილი დახმარებით დასაფინანსებელი კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს აჭარის მთავრობა ამტკიცებს.
აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს ასეთი ჩამონათვალი არ ახლავს. თუმცა, როგორც ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, „იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული დახმარებით უნდა დაფინანსდეს, აჭარის მთავრობაში გადაგზავნილია. კონკრეტულად რა თანხას გადმოგვცემენ და რომელი პროექტები დაფინანსდება, ჯერ არ არის ცნობილი“.
ბათუმის მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ამ დახმარებით ძირითადად ქუჩების, სკვერების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ბათუმი და ქობულეთი გაზრდილ კაპიტალურ დახმარებას მიიღებენ, ვიდრე მიმდინარე წელს, მათ უმცირდებათ სპეციალური ფინანსური დახმარება.
ასეთი სპეციალური დახმარება აჭარის ბიუჯეტიდან ბათუმმა წელს 8 მილიონი ლარი მიიღო, ქობულეთმა კი – 3,2 მილიონი ლარი. 2021 წელს ბათუმი ამ სახის დახმარებას საერთოდ ვერ მიიღებს, ქობულეთისთვის კი, მხოლოდ 1,5 მილიონი ლარის გადაცემაა გათვალისწინებული.
„აღნიშნული 8 მილიონი ლარი წელს არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბი სადგურის მშენებლობას მოხმარდა, უფრო სწორად, მშენებლობა KFW-ს სესხითა და გრანტით ფინანსდება, თუმცა სატუმბიდან ზღვაში შემავალი მილების მოწყობა და სხვა სამუშაოები, აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებით დაფინანსდა“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში. სატუმბი სადგურის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.
რაც შეეხება ხელვაჩაურს, ქედას, შუახევსა და ხულოს, ამ მუნიციპალიტეტებს სპეციალური დახმარება აჭარის ბიუჯეტიდან არც წელს მიუღიათ და არც მომავალი წლისთვისაა პროექტით გათვალისწინებული.
აჭარის მთავრობის გათვლებით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტში 328 მილიონ 474 ათასი ლარი შევა, თუმცა ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარით მეტი, 349 მილიონ 474 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ხელფასებისთვის ჯამში 38,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია.
ამ თემაზე:
რამდენს დახარჯავენ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2021 წელს – პროექტი