კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 აპრილის 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბათუმის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 65 902 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.
ამავე დროს, 29 აპრილის 06:00 საათიდან 30 აპრილის 09:30 საათამდე ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 69476 აბონენტს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 30 აპრილის 09:30 საათიდან და სრულად აღდგება 2 მაისის 20:00 საათამდე.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114
გაზის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.
კომპანიის ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირდა გაზის გაჟონვა, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავარიული სიტუაციის დროული ლიკვიდაციის მიზნით, მიმდინარე წლის 29 აპრილს, 06:00 საათიდან განხორციელდება მაგისტრალური გაზსადენის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვა, რის შედეგადაც ზესტაფონის, ასევე ბოსლევის, ხარაგაულის, წევისა და აჭარის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს დროებით შეეზღუდებათ ბუნებრივი გაზის მიწოდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 29 აპრილის 21:00 საათამდე და დაიწყება ეტაპობრივად გაზმომარაგების აღდგენა“ – წერს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.



