Batumelebi | სად და ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია აჭარაში სად და ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

სად და ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია აჭარაში

ავტორი: ანა შენგელია

კორონავირუსის ინფექციის პარალელურად ქვეყანაში სეზონური გრიპიც ვრცელდება, რომლისაგან თავის დაცვა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით არის შესაძლებელი.

არის თუ არა გრიპის ვაქცინა აჭარაში? – „ბათუმელები“ ესაუბრა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს – რუსუდან შავიშვილს.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის აჭარის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 5 200 ვაქცინაა. სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ. 

რუსუდან შავიშვილის თქმით, აჭარაში სეზონის განმავლობაში 200 000-მდე სეზონური გრიპის ვაქცინას შემოიტანენ რისკჯგუფებისთვის. 

რიკსჯგუფებში არიან, შესაბამისად, გრიპზე უფასოდ აცრა შეუძლიათ: ორსულებს, დიალიზზე მყოფ პაციენტებს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს, დიაბეტით დაავადებულ პირებს, ხანდაზმულებს – 60 წელს გადაცილებულებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლების ბენეფიციარებსა და პერსონალს, C ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებს. 

„სამიზნე ჯგუფების სივრცე ვაქცინის მარაგის შევსებასთან ერთად გაფართოვდება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რუსუდან შავიშვილმა. 

მისი თქმით, გრიპზე უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია აჭარის მუნიციპალიტეტის იმ პოლიკლინიკებში, სადაც მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მუშაობს ოჯახის ექიმი. 

რაც შეეხება ფასიან ვაქცინას, „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში არსებულ რამდენიმე პოლიკლინიკას.

მათგან „ევექსის“ კლინიკაში დაგვიდასტურეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ფასიანი ვაქცინის მათ კლინიკებში გაკეთება დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე არის შესაძლებელი და ვაქცინის ღირებულება 80 ლარია. 

ვაქცინის შემდეგ სეზონურ გრიპზე იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება. ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისია. 

სპეციალისტების თქმით, ამ სეზონზე სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსალოდნელია ე.წ. ტვინდემია, კოვიდთან ერთად გრიპის ვირუსის გავრცელებაც. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.