მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის შერჩევითი მიდგომა – რა ელით ბულვარში მოიჯარეებს

09.09.2020 • 1079
ბათუმის მერიის შერჩევითი მიდგომა – რა ელით ბულვარში მოიჯარეებს

„ხელშეკრულება გაუფორმდებათ ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად“, – მხოლოდ ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა დღეს, 9 სექტემბერს ბათუმის მერია, როდესაც ბულვარში მომუშავე მოიჯარეების ხელშეკრულების ვადების გაგრძელებაზე ვკითხეთ.

უწყებაში ასეთი მოკლე პასუხი აქვთ მათთვის, ვისაც იჯარით მიღებულ ნაკვეთებზე წლებია სარესტორნო ბიზნესი აქვს. პირველ ოქტომბერს ამ ხელშეკრულებების ვადები სრულდება, ბულვარის განაშენიანების გეგმა კი ამ დროისთვის მომზადებული არ იქნება.

ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადება ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა იმ სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებსაც რიგ საკითხებზე უნდა ემუშავათ ლანდშაფტის მიმართულებით. მომზადებულ გეგმას კი შემდეგ საკრებულო დაამტკიცებდა.

ბულვარის განაშენიანების გეგმისთვის არ დაუცდია ბათუმის მერიას მაშინ, როცა შპს „ამბასადორ ბათუმს“ იმავე პირობების ფარგლებში ძველი კაფეს დემონტაჟისა და ახალი ორსართულიანი შუშის შენობის ჩადგმის უფლება მისცა. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილების მიმღებმა ბათუმის ყოფილმა  მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ მოიჯარეს ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა და ამით დაეხმარა ბიუჯეტს, რადგან აღნაგობის პირობების შესაბამისად მის გამოსყიდვას მილიონი ლარი დასჭირდებოდა.

ამავე მიზეზით ახსნა „ამბასადორისთვის“ დამატებით კიდევ ერთი ნაკვეთის გადაცემის საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი SMS – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. ეს მესიჯი საიამ შეაფასა, როგორც „შესაძლო კორუფციული ინტერესი“.

ამით ყოფილმა მერმა ფაქტობრივად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა, რადგან ძველი შენობის ადგილას, სადაც მოგვიანებით „ამბასადორ ბათუმმა“ კაპიტალური ორსართულიანი შენობა დადგა, არათუ მილიონად, არამედ შესაძლოა 100 000 ლარადაც კი არ შეეფასებინა აუდიტს, ისევ იმ სტანდარტით თუ გამოვთვლით, როგორც სხვა მოიჯარეებს შეუფასეს თავიანთი შენობები.

რესტორან „ლათინოს“ ერთი მხრიდან ბულვარი, მეორე მხრიდან კი სანაპირო ესაზღვრება. აქვს ორსართულიანი შენობა და პატარა სივრცე, სადაც საცეკვაო სცენაა მოწყობილი. ეს შენობა მერიას აუდიტმა 155 000 ლარად შეუფასა. 

ამ ახალი კაფეს გრანდიოზულ გახსნას გადაწყვეტილების მიმღები მერი ვეღარ დაესწრო, მის ნაცვლად მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი დაპატიჟეს. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე გადადგა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებულმა ბევრმა გარემოებამ დაადასტურა, მერს თანამდებობის დატოვება აიძულეს.

რა მოხდება პირველი ოქტომბრიდან, ანუ ხელშეკრულებების ვადის გასვლიდან განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე? – მოიჯარეები ისევ უპასუხოდ დარჩებიან, შემდეგ კი მათ მერია სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში დასდებს ბრალს და პირგასამტეხლოსაც დააკისრებს? – მსგავსი პრაქტიკა მოიჯარეებს ერთხელ უკვე ჰქონდათ.

ბათუმის მერიამ გასულ წელს ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე მათ არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა.

მთლიანობაში, საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს.

ფიზიკურმა პირებმა აიღეს ვალდებულება, რომ გადაცემულ ნაკვეთებზე კაპიტალურ შენობებს ააშენებდნენ და ტურისტულ ობიექტებს, ძირითადად რესტორნებს გახსნიდნენ. მოიჯარეებმა ვალდებულება შეასრულეს – ააშენეს კაფე-ბარები თუ რესტორნები, ისინი იხდიდნენ საიჯარო თანხასაც.

2010-2011 წლებში მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები ინდივიდუალურად შეცვალა და რადგან საიჯარო ნაკვეთებზე უკვე შენობებიც იდგა, მას აღნაგობის ხელშეკრულებები უწოდა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საფასური. 2015 წელს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ოფიციალურად ითხოვდნენ. მერიამ ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, ხელშეკრულებების ვადის გასვლის მიზეზით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყდა.

ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, 2017 წლის ბოლოს ქონება უზუფრუქტის წესით გადასცეს ბათუმის ბულვარს, იმ პირობით, რომ ბულვარს პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება ყოფილ მოაღნაგეებთან, იგივე ფასებში სამი წლის ვადით.

2018 წლის ბოლოს კი, ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა გავიდა და ისინი მართლზომიერად მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის საფასურის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს. აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი-მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. ისინი მერიას უსამართლო მიდგომაში ადანაშაულებენ, რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე]  საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობების საფასური არასაბაზრო ფასით [როგორც თვითონ ამბობენ] „ფაქტობრივად თეთრებში“ დაუთვალა.

„თავის ასაღებ თანხას საბაზრო ფასით ითვლის და ჩვენ რაც უნდა გადაგვიხადოს, იმას არასაბაზრო ფასით. ეს სწორია?“ – ამბობენ მოაღნაგეები.

გარდა ამისა, მოაღნაგეებს პრეტენზია აქვთ იმაზეც, რომ მერია სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ ფლობას და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობას ედავება [2015 წლიდან დღემდე], მაშინ, როცა მოიჯარეები დაჟინებით ითხოვდნენ მათთვის ხელშეკრულებები გაეგრძელებინათ, მიეცათ აღნაგობის საფასურის გადახდის საშუალება ან სხვა რაიმე ფორმა მოეფიქრებინათ, რაც ამ პროცესს სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევდა. ამაზე მათ მერიას ოფიციალურად რამდენჯერმე მისწერეს.

მერიამ მათ არ უპასუხა, არც რაიმე მოიმოქმედა იმისთვის, რომ ამ პირებს უკვე არამართლზომიერ ფლობაში არსებული ტერიტორია დაეტოვებინათ, ანუ მერიას თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია და ამ პირებისთვის შენობის ღირებულების ორი მესამედი არ გადაუხდია. შესაბამისად, მათ მუშაობა იმ ფორმით გააგრძელეს, რა ფორმითაც ამას მანამდე აკეთებდნენ, იმ განსხვავებით, რომ ისინი ვეღარ იხდიდნენ აღნაგობის საფასურს.

საბოლოოდ მერიაში ისევ გადაწყვიტეს, რომ მოიჯარეებისთვის ხელშეკრულების ვადა 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე გაეგრძელებინათ. მერიაში ამბობდნენ, რომ დავის დასრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

რა მოხდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ? – ამაზე სალაპარაკოდ მოიჯარეები მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს უკვე შეხვდნენ, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ. ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე კი ვარაუდობს, რომ ისინი ისევ მხოლოდ რამდენიმეთვიან ხელშეკრულებას მიიღებენ.

გაითვალისწინებს თუ არა ეს გენგეგმა მოიჯარეების საკუთრებაში არსებულ შენობებს, ჯერ უცნობია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: