მთავარი,სიახლეები

“არ ვაღიარებთ” – შუახევში 64 წლის კაცის დაყაჩაღებაში ბრალდებულები

18.08.2020
“არ ვაღიარებთ” – შუახევში 64 წლის კაცის დაყაჩაღებაში ბრალდებულები

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა არჩილ დ.-ს და ხვიჩა ც.-ს. მათ 16 აგვისტოს შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღება ედებათ ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დღეს, 18 აგვისტოს, დისტანციური წესით გაიმართა.

გამოძიების ვერსიით, შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა. პოლიციელებმა ორი პირი იმავე დღეს, 16 აგვისტოს დააკავეს ქედაში.

“დაკავებისთანავე აგვიღეს სისხლის ანალიზი და 5 წუთში მოვიდა პასუხი. ასე უცებ რა დაადგინეს?”- ჰკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ადვოკატს, როცა მოსამართლე დარბაზიდან გასული იყო გადაწყვეტილების გამოსატანად.

მანამდე ორივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხეს მოსამართლეს – “არ ვეთანხმები”. მოსამართლემ მათ ცალ-ცალკე ჰკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა პროკურორ რომან ბოლქვაძის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას.

პროკურორმა თავის გამოსვლაში ხაზი იმას გაუსვა, რომ ბრალდებულებს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, ხოლო არჩილ დ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება წარსულში ჩადენილი ძარცვისთვის.

“გარდა ამისა, არსებობს მიმალვის საფრთხე,” – დასძინა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

“ჩვენ დღეს ვიმყოფებით ფორსმაჟორში პანდემიის გამო. სად უნდა მიიმალოს ადამიანი, როცა საზღვრები ჩაკეტილია?” – იკითხა ადვოკატმა ნონა ფილაურმა. იგი არჩილ დ.-ს ინტერესებს იცავს. მეორე ბრალდებულს ამ დროისთვის ადვოკატი არ ჰყავს.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რაც არჩილ დ.-ს ბრალეულობას დაადასტურებს.

“ბრალის წარდგენაც კი უკანონო იყო,” – აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო სხდომების ნაწილი ამ დრომდე დისტანციურად იმართება. შესაბამისად, ბრალდებულებიც ამ პროცესს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ესწრებიან. ამ დრომდე უზრუნველყოფილი არ არის დისტანციურ პროცესზე მედიის ან სხვა დაინტერესებული პირის დისტანციური წესით დასწრება. ჩვენ ამ პროცესს სასამართლო სხდომის ცარიელ დარბაზში კომპიუტერიდან ვადევნებდით თვალს.

ამ თემაზე:

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: