მთავარი,სიახლეები

როგორ სრულდება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები – ახალი ანგარიში

09.07.2020 • 1803
როგორ სრულდება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები – ახალი ანგარიში

როგორ სრულდება ასოცირების შეთანხმების შემდეგ აღებული ვალდებულებები – 20 მიმართულებით შედეგებზე ხვალ, 9 ივლისს, იმსჯელებენ ონლაინპლატფორმაზე -„საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის“.

მოსამართლეების შერჩევა, რუსული დეზინფორმაცია, პრობლემა აჭარის ტელევიზიაში, ქართული პროდუქტების გატანა ევროპის ბაზარზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლა – ეს და სხვა საკითხები იმ ანგარიშში მოხვდა, რომელიც საქართველოში მოქმედმა 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ონლაინპლატფორმის ორგანიზატორები „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ და „სამართლიანი არჩევნები“ არიან.

კონკრეტული 20 მიმართულება 2017 წელს გაწერეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რაც ძირითადი გზამკვლევია აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. „საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური სახელმწიფოსთვის, შედეგების წარმატებულად შესრულება გააღრმავებს რეფორმების პროცესს და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას,“ – ასე იწყება ანგარიში, რომელსაც ხვალ განიხილავენ.

ვრცელი ანგარიშის სამუშაო ვერსიიდან ჩვენ რამდენიმე შედეგს გაგაცნობთ:

ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ კონკრეტული შედეგი უნდა დაგვედო, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება და მედიის პლურალიზმის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა იყო.

„Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში. კიდევ ერთ ანგარიშში, კერძოდ, IREX-ის მედიის მდგრადობის ინდექსში (MSI), გამოთქმულია წუხილი ხელისუფლების მცდელობის გამო, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რის გამოც ქვეყნის მაჩვენებელი 2018 წლის 2.31-დან 2019 წელს 2.25-მდე მცირედით შემცირდა… რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ფუნქციონირებადი და შედარებით თავისუფალი პლურალისტური მედიაგარემო აქვს. თუმცა, ვითარება კვლავ მყიფეა და პოლიტიკურ და მედიამფლობელობის ცვლილებებთან მიმართ მოწყვლადია,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ნახავთ ამბავს აჭარის ტელევიზიაზე, იმაზე, თუ როგორ ჩამოაშორეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ტელევიზიას და რომ ეს „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

„…პრობლემები შეექმნა კიდევ ერთ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სატელევიზიო არხს – აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODHIR) და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)5 შეფასებებით, მიუკერძოებელი მედიასაშუალებაა. პრობლემები დაიწყო 2019 წელს არხის გენერალური დირექტორის იმპიჩმენტით და მისი თანამდებობიდან გადაყენებით, რასაც ახალი ამბების სამსახურში საკვანძო თანამშრომლების ჩანაცვლება და ჟურნალისტების ქუჩის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რა დროსაც კომპანიის გენერალურ დირექტორს ცენზურაში ადანაშაულებდნენ,“ – აღნიშნულია ანგარიშში აჭარის ტელევიზიის შესახებ.

ამ ნაწილში მოხვდა პროსახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ყალბი ფეისბუქგვერდების წაშლა და რუსულ პროპაგანდასთან მუშაობაც. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არ ჩანს მკაფიოდ, რამდენად ეფექტურია ხელისუფლება ამ მიმართულებით. ანგარიშის ავტორები მიმართავენ პარლამენტს, რომ შეიქმნას ფორმატი, სადაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება და შეთანხმდებიან „ყველაზე ეფექტურ მოდელზე“.

როგორ იყენებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას ეკონომიკური განვითარების და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით? – ეს საკითხიც მოხვდა ანგარიშში.

„2014- 2020 წლების პერიოდში საქართველომ 57%-ით გაზარდა ევროკავშირში მისი ექსპორტის მოცულობა… ევროკავშირთან ვაჭრობის გარკვეული დივერსიფიკაციის და ევროპის ბაზრებზე ექსპორტიორი ქვეყნების რიცხვის ზრდის მიუხედავად, მოცულობის ზრდა მიმდინარეობს ნელი ტემპით და რეალურად ექსპორტის ძირითად წყაროს წარმოადგენს ნედლეული და დაუმუშავებელი საქონელი…

საქართველო აქტიურად ცდილობს გაზარდოს მისი ექსპორტის მოცულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და გარკვეულწილად მიაღწია წარმატებას, თუმცა ქვეყნის ექსპორტის ბაზა არ არის ფართო და არ შეუძლია ეკონომიკური ან ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან იმპორტის ტენდენცია კლებულობს სავარაუდოდ რუსული კომპანიების მხრიდან კონკურენციის გამო, რომელთაც მკვეთრად გაზარდეს გაყიდვები საქართველოში,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ნახავთ მსოფლიო ბანკის მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც  2010-2019 წლებში, საქართველოს მშპ წლიურად საშუალოდ 4.8%-ით იზრდებოდა, რამაც ათი წლის განმავლობში უმუშევრობის დონე თითქმის გაანახევრა 37.4%-დან 20.1%-მდე 2018 წელს. აქვე ხაზგასმულია ისიც, რომ დაფინანსების წყაროები შეზღუდულია და კონკურენცია – დაბალი.

„…საქართველოში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი არსებობს სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოებს ურჩევნიათ დოლარში სესხის აღება ასეთ შემთხვევებში დაბალი საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე,“ – წერია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციები აფასებენ გენდერული თანასწორობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით ვალდებულებების შესრულებასაც.

„2017 წლის მაისში საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის, ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რასაც ითვალისწინებდა 20 შედეგი 2020 წლისთვის ჩარჩო და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგი. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც სტამბოლის კონვენციის 90%-ს ფარავს, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალების დაცვა.

2019 წლის მაისში, სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, საქართველოს პარლამენტმა აკრძალა სექსუალური ძალადობა. ცვლილებები შეეხო რამდენიმე კანონსაც. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით “სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც სექსუალური შევიწრობისთვის ჯარიმას – 300 ლარის ოდენობით განსაზღვრავს,“ – წერია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციები ასევე პოზიტიურად აფასებენ საკრებულოებში 2018 წელს გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას.

რაც შეეხება გამოწვევებს – ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ გაუპატიურების განმარტება ისევ არ არის „სტამბოლის კონვენციასთან“ და „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასთან“ შესაბამისობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურებას განმარტავს, როგორც ძალადობრივ აქტს ან ძალადობის მუქარას, სადაც თანხმობის არარსებობა დანაშაულის მთავარი საკითხი არ არის. ამასთანავე, გაუპატიურება ქორწინებაში ღიად კრიმინალიზებული არ არის და არ მიიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად.

„სტამბოლის კონვენციის“ მიერ ქალთა დაცვისათვის განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია გაუპატიურების დეფინიციის ცვლილება და ქორწინებაში გაუპატიურების დამატება,“ – ეს ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში წერია.

რეკომენდაციაა ესეც: „პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს გენდერული კვოტირების შესახებ კანონმდებლობა ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსყოფად. შრომის ანაზღაურებაში არსებული სხვაობის შესამცირებლად, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო სტრატეგია და უნდა გაუმჯობესდეს დათვლის მეთოდოლოგია, უნდა გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსური და ადამიანური რესურსები იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობაზე ეფექტური რეაგირება.

ანტიკორუფციული მექანიზმის ნაწილში სამოქალაქო ორგანიზაციები თვლიან, რომ „სერიოზულ პრობლემად რჩება კომპლექსური, ელიტური კორუფცია“ და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როცა „სამართალდამცავი ორგანოები შეუსაბამოდ რეაგირებენ გახმაურებულ კორუფციულ საქმეებზე“.

ანგარიშში გაკრიტიკებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის არსებული წესი, რაც „ნათლად მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ ფუნდამენტური პრობლემებზე, კანდიდატების არაობიექტურად შეფასების ფაქტებზე, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის ნაკლებობაზე. ღია საპარლამენტო მოსმენებზე კანდიდატების უმეტესობამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა საკუთარი კეთილსინდისიერება და კომპეტენცია… საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ეფექტური, გამჭვირვალე, მნიშვნელოვანი და არა ფრაგმენტული და ზედაპირული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეფექტურად დაცვა,“ – თვლიან ანგარიშის ავტორები.

რა შეიცვალა თავად სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის ეფექტურობის კუთხით? – ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე სამოქალაქო ორგანიზაციების გავლენა. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობს და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია აქვს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 61 პროცენტს, თუმცა მათგან მხოლოდ 36 პროცენტი აცხადებს, რომ ბოლო 4 წელიწადში „მიაღწიეს წარმატებას ისეთი კონკრეტული შედეგების მიღებაში, როგორიცაა ცვლილებები პოლიტიკაში, ან კანონმდებლობაში“.

„CSO Meter-ის მიერ საქართველოსა და ასევე მოლდოვას შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშები იძლევა მეტნაკლებად მსგავს შედეგებს შესაბამის მთავრობებთან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკონსულტაციო ორგანოებში მუშაობის შეფასებისას. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე-სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას ხდებოდა თუ არა საკონსულტაციო ორგანოს გადაწყვეტილების გათვალისწინება, მოლდოვას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხოლოდ 45.5%-მა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების 21 47.7% -მა გასცა დადებითი პასუხი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ ბოლო დროს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ, „ქართული ოცნების“ მხრიდან სიტყვიერი შეტევის სამიზნე გახდნენ და ბრალს სდებენ პოლიტიკურ მიკერძოებასა და არაობიექტურობაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: