განათლება,მთავარი,სიახლეები

მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება

11.06.2020 • 3878
მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით იქნებიან. მათ უფლება არ აქვთ, გამოცდების მსვლელობის დროს პირბადე მოიხსნან. აბიტურიენტს პირბადის მოხსნის შემთხვევაში შენიშვნას მისცემენ, განმეორების შემთხვევაში კი – გამოცდიდან მოხსნიან.

ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც მშობლების, ასევე აბიტურიენტების მხრიდან.

მშობლები და აბიტურიენტები წუხან იმის გამო, რომ დახურულ სივრცეში პირბადეების გამოყენება გაცილებით არაკომფორტული იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სათვალეს ატარებენ. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გამოაქვეყნეს იმის საილუსტრაციოდ, როგორ იორთქლება სათვალე პირბადეში სუნთქვის დროს და რამდენად დიდი დისკომფორტი შეიძლება გახდეს იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ასეთ ვითარებაში 4 საათის განმავლობაში კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ტესტზე ან დაწეროს ესე.

„ბათუმელებმა“ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს ჰკითხა, პირბადის გამოყენების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტს სათვალე დაეორთქლება, აქვს თუ არა მას პირბადის მოხსნის ან ჩამოწევის უფლება. გარდა იმისა, რომ სათვალესთან ხშირი შეხება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული, სათვალეების გაწმენდაზე დახარჯული დრო ჩაითვლება თუ არა აბიტურიენტის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას ტესტის დასაწერად დრო მიაკლდება?

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობა:

„აბიტურიენტს პირბადის ჩამოწევის საშუალება მხოლოდ წყლის დალევის დროს აქვს. სათვალის დაორთქვლა არ მოხდება, თუ ისინი პირბადეს სწორად მოირგებენ. ყველა ეს წესი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული“.

გორგოძის თქმით, ყველა აბიტურიენტს შეუძლია თავად იქონიოს ისეთი პირბადე, რომელიც მისთვის სატარებლად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.

ცენტრს ასევე ვკითხეთ, რეკომენდაციების შემუშავების დროს თუ იყო მსჯელობა მათი მხრიდან ჯანდაცვის წარმომადგენლებთან იმის შესახებ, როგორი პირობები უნდა შექმნილიყო იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ასთმა ან გულის უკმარისობა.

ამ კითხვის პასუხად სოფიო გორგოძემ მოგვწერა, რომ „მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაშია სახეზე მძიმე დაავადებათა ისეთი სრული ჩვენება (ეს დაავადებები, როგორც წესი, აბიტურიენტების ასაკობრივ კატეგორიაში თითქმის არ გვხვდება), რომლის დროსაც შეიძლება ექიმმა მიიჩნიოს, რომ მაგალითად, პირბადის ტარება დაამძიმებს ჯანმრთელობას. თუ არსებობს ასეთი მყარი სამედიცინო დასკვნა, აბიტურიენტმა უნდა მომართოს განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“.

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კოვიდთან დაკავშირებული რეკომენდაციების გადახედვის უფლებამოსილება მხოლოდ შესაბამის უწყებებს აქვთ.

„თუ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გადახედავენ ამ რეკომენდაციებს, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიც იმოქმედებს ახალი რეკომენდაციების მიხედვით“, – მოგვწერეს ცენტრიდან.

კითხვაზე, თუკი დაიწერება ბევრი საჩივარი იმის გამო, რომ დაწესებულმა რეგულაციებმა შეუშალა აბიტურიენტს ხელი სათანადოდ დაეწერა ტესტი, გაითვალისწინებს თუ არა ამას ცენტრი, გორგოძემ მხოლოდ ზოგადი პასუხი მოგვწერა.

„გვესმის, რომ ეს არავისთვისაა კომფორტული – არც გამოსაცდელებისთვის, არც საგამოცდო ცენტრების მომსახურე პერსონალისათვის, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ არ დავემორჩილოთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს, როცა საქმე ათიათასობით გამოსაცდელისა და პროცესში ჩართული პერსონალის ჯანმრთელობას ეხება“.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, რატომ არ გადახედეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს, მით უმეტეს, რომ სპეციალისტების მხრიდან ალტერნატიული გზებიც იყო შეთავაზებული? მაგალითად, აბიტურიენტებს გამოცდაზე დაეწერათ კომბინირებული ტესტი.

ამ საკითხზე გორგოძის პოზიცია ასეთია: „დღეს მსოფლიოში არსებული ყველა საგამოცდო მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ გამოსაცდელმა სასწავლო წლის დასაწყისში აუცილებლად უნდა იცოდეს, რას მოსთხოვენ მას გამოცდებზე წლის ბოლოს (ეს, ცხადია, გულისხმობს როგორც საგამოცდო ტესტების ფორმატის, ისე მისი ჩატარების პროცედურების ცოდნას). გამოცდის დაწყებამდე 1-2 თვით მთელი სისტემის შეცვლა მიუღებელი და გაუმართლებელია თავად გამოსაცდელებისთვისაც – ისინი ხომ სრულიად სხვა გამოცდისთვის ემზადებოდნენ.

გარდა ამისა, არსებული ტესტების კომბინირებით მიღებული ერთი ტესტით, ერთ სასესიო დროში გამოცდის ჩაბარება არ უზრუნველყოფს აბიტურიენტთა სწორ და ობიექტურ შერჩევას ისეთი საგამოცდო სისტემების შემთხვევაში, სადაც ტესტის შედეგები უმაღლესში მიღების ერთადერთი კრიტერიუმია“.

ამის არგუმენტად სოფიო გორგოძეს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „ვთქვათ, 100-ქულიანი ტესტის ჩაბარების შემთხვევაში (ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტესტს 40.000-მდე აბიტურიენტი აბარებს) შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთ პროგრამაზე ჩარიცხვის ასობით მსურველმა ერთნაირი ქულები მიიღოს და როგორ უნდა მოვიქცეთ? შეუზღუდავი ადგილი ხომ არც ერთ პროგრამას არა აქვს და როგორ გავარჩიოთ – ვინ უნდა ჩაირიცხოს და ვინ არა?

ერთი გამოცდის ჩაბარებით უნივერსიტეტებში ჩარიცხვა გულისხმობს აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემას, რომლის შექმნაც, ცხადია, შესაძლებელია, ოღონდ არა ორ-სამ თვეში“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

იხილეთ რეკომენდაციები, რომელთა დაცვა აბიტურიენტებს გამოცდების მსვლელობის დროს მოეთხოვებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: