მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ რუსული მარში თბილისში – როგორ მიჰყავთ სტუდენტები და საჯარო მოხელეები აჭარიდან

27.04.2024
„ოცნების“ რუსული მარში თბილისში – როგორ მიჰყავთ სტუდენტები და საჯარო მოხელეები აჭარიდან

„საჯარო მოხელეებს აიძულებენ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა მიქელაძე.

მან ამის თაობაზე განცხადება დღეს, 27 აპრილს გააკეთა.

„როგორც მეუბნებიან, ეს კეთდება მუქარანარევი თხოვნის ფორმით. მაგალითად, ეუბნებიან თანამშრომლებს: „ჩვენც არ მივესალმებით, მაგრამ ჩემი ხათრით უნდა წამოხვიდე“. როცა კონკრეტული ხელმძღვანელი, მის სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს ასე მიმართავს, თავისთავად ეს შეიცავს იძულებას და მუქარასაც.

ასე ცდილობენ საჯარო და ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების წაყვანას თბილისში აქციაზე.

გვაქვს ინფორმაცია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მაგალითად, მოცეკვავეების წაყვანა სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს მათგან და ახლა ცდილობენ საბავშვო ანსამბლები წაიყვანონ.

თუ ყველა უარს იტყვის, ყველას ვერ გაუშვებენ სამსახურებიდან, ამიტომ ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ გამოიჩინონ შეუვალობა და პრინციპულობა, როგორც ავლენს ამ დღეებში ქართული საზოგადოება და ვერავის ვერაფერს დააკლებენ.

ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალია მნიშვნელოვანი და თუ გვინდა თავისუფალ, უსაფრთხო და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული, მაშინ არ უნდა შეუშინდნენ ამ მუქარებს და უნდა ჰქონდეთ საზოგადოების სოლიდარობის იმედიც“, – ამბობს კახა მიქელაძე.

მისი თქმით, აქციაზე წასვლას აიძულებენ მერიის აიპებსა და სიპებში დასაქმებულ პირებსაც:

„ვისაც არ ეშინია, ვხედავთ, რომ ღიად საუბრობენ ამაზე, ვიღაცებს მაინც აქვთ შიში და ანონიმურად გვწერენ, რომ აიძულებენ წასვლას.

ყოველ შემთხვევაში, მოახერხებენ თუ ვერა ბათუმის კრიტიკული მასის წაყვანას 29 აპრილის აქციაზე, ამ ადამიანებისგან ხელისუფლება მაინც მიიღებს უარყოფით დამოკიდებულებას, რადგან „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს აყენებს საფრთხის ქვეშ“, – ამბობს კახა მიქელაძე.

სტუდენტების იძულებით წაყვანაზე „ბათუმელებსაც“ არაერთი მოქალაქე გვწერს და გვიგზავნის მტკიცებულებებს, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის და ბსუ-ს სტუდენტებს აიძულებენ შეუერთდნენ რუსულ მარშს თბილისში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა.

„აქტიურად ეწევიან აგიტაციას, მიმართავენ სხვადასხვა გზას – დაშინებას, რომ შეუჩერებენ სტუდენტის სტატუსს, ან პირიქით – დაეხმარებიან შუალედურებზე, გამოცდებზე და ასე შემდეგ, რომ დაითანხმონ „რუსულ მარშში“ მონაწილეობაზე.

„სირცხვილია, თუ როგორ მდგომარეობაში აყენებენ სტუდენტებს. ვფიქრობ, აუცილებლად მოუწევთ ამ იძულებაზე პასუხის გაცემა მათ, რადგან რუსულ მარშზე ჩვენი ადგილი არ არის“, – გვწერს ერთ-ერთ სტუდენტი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ.

___

ნახეთ ამერიკელი სენატრების გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას:

სანქციები და ურთიერთობების გადახედვა —

14 სენატორი კობახიძეს

კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: