მთავარი,სიახლეები

“თითქმის დაგვხურეს” – დაბრუნდება თუ არა ჰეშთეგი ეთერში?

13.10.2020 • 1739
“თითქმის დაგვხურეს” – დაბრუნდება თუ არა ჰეშთეგი ეთერში?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი განცხადებას ავრცელებს. გადაცემის წამყვანები და პროდიუსერები ამბობენ, რომ გადაცემა, რომელიც ტელევიზიის საეთერო ბადეს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 45 წუთით იკავებდა, თითქმის დახურეს. ტელევიზიის მენეჯმენტმა საეთერო ბადეში #ჰეშთეგისთვის განკუთვნილი დრო კვირაში ხუთი გადაცემიდან ერთ გადაცემამდე შეამცირა.

„ვფიქრობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი აგრძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას. მაუწყებლის დირექტორი გვსჯის თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ არ შევეგუეთ ძალმომრეობაზე დაფუძნებულ საკადრო პოლიტიკას და დღემდე მაქსიმალურად ვცდილობთ საჯარო გავხადოთ მის მმართველობასთან, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შელახულ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

დაბალი რეიტინგი და სხვა მსგავსი საკითხები, ფორმალური და მოჩვენებითი მოტივია. რეალურად ის ემსახურება სულ სხვა მიზნებს და ეს მიზნები – [განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ] კრიტიკული კონტენტისთვის დროისა და რესურსების მაქსიმალური შემცირებაა. მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოციალური პრობლემების არსებობის აღიარებას და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ მრუდე წარმოდგენების შესაქმნელად“, – ნათქვამია გადაცემა #ჰეშთეგის  გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

#ჰეშთეგის გუნდი საკუთარ განცხადებაში პუნქტობრივად განიხილავს, თუ რა პროცესი უძღოდა წინ გადაცემის ეთერში გასვლის რაოდენობის შემცირებას.

[checklist]

  • #ჰეშთეგი მოექცა დარგობრივი გადაცემების მიმართულებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად: [პირობითად] ორშაბათს 19:00-20:00 საეთერო ზოლი დაეთმობა გადაცემას, რომლის სამუშაო პროფილი ეხება ეკონომიკას, ოთხშაბათს – აგრომიმართულებას, ხუთშაბათს – ეკოლოგიას, პარასკევს – განათლებას და ა.შ. თავად ის ფაქტი, რომ #ჰეშთეგი დარგობრივ გადაცემად შეფასდა, სრულიად გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენი სამუშაო პროფილი, თემატიკა და ფორმატი აბსოლუტურად განსხვავდება დარგობრივი გადაცემის სპეციფიკისგან. #ჰეშთეგი მუდმივად ეხმიანებოდა ყოველდღიურ სოციალურ საკითხებს და ცდილობდა საზოგადოებრივი დღის წესრიგში მათ დაყენებას. რადიკალურად შემცირებული საეთერო დროის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში – მსგავსი მიზნის განხორციელება შეუძლებელია.
  • როგორც აღმოჩნდა, შემოქმედებითი სამსახურის გადაცემები [გარკვეულმა] კომისიამ ახალი სეზონის დაწყებამდე შეაფასა და შესაბამისი დასკვნაც მოამზადა. მაუწყებლის შემოქმედებითი სამსახურის უფროსსა და ე.წ “ლაივ ზოლის“ გადაცემების მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრისას პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ შესაბამისი კომისიის დასკვნით ჰეშთეგის რეიტინგი და გადაცემაზე დახარჯული ფინანსური თუ სხვა სახის რესურსი, ვერ ამართლებს მაუწყებლის მოლოდინს და საეთერო ბადეში ჩვენთვის განკუთვნილი დროის რადიკალური შემცირება სწორედ ამ არგუმენტაციითაა გამოწვეული.
  • 7 ოქტომბერს, მაუწყებლის დირექტორს ოფიციალური წერილით, აღნიშნული კომისიის შეკრების, დაკომპლექტების, გადაცემათა შეფასების კრიტერიუმებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით მივმართეთ. ამ ეტაპისთვის, შესაბამისი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიგვიღია. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაუწყებელმა უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც ოფიციალურად შეწყვიტა რეიტინგების მთვლელ კომპანიასთან ურთიერთობა და შესაბამისად, რა სახის რეიტინგების შეფასებას დაეყრდნო კომისია ესეც უცნობია.
  • რატომ არ ვართ ეთერში? მაუწყებლის მენეჯმენტმა, შესაბამისი სატენდერო შესყიდვის საფუძველზე დაიწყო შემოქმედებითი გადაცემებისთვის ახალი სტუდიების მოწყობის პროცესი, რომელიც ჯერჯერობით აქტიურ ფაზაშიც კი არ შესულა. ამასთანავე, გადაცემის გუნდის სამუშაო სივრცე შეიცვალა. ახალი სამუშაო სივრცე კი კეთილმოუწყობელია და არ იძლევა სამუშაო რეჟიმში ყოფნის შესაძლებლობას.

[/checklist]

მთავარი ფოტო: სქრინი ჰეშთეგის ერთ-ერთი ბოლო გადაცემიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: