აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს გია ქარცივაძე ითხოვს. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეექვსე დღეს, მილორავას მოთხოვნას – საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, არც ტელევიზიის დირექტორი გამოეხმაურა და არც ბორდის სხვა წევრები, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გია ქარცივაძემ მარტო გადაწყვიტა.
„ადამიანი შიმშილობს უკვე მეექვსე დღე. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნა სჭირდება, მაგრამ მე მაინც მივმართე უკვე მრჩეველთა საბჭოს წერილობით…“ – ამბობს გია ქარცივაძე. მან სოციალურ ქსელში შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ალექსანდრე მილორავას.
„ჩემთვის სრულად გასაგებია თქვენი თავგანწირვა მაუწყებელში მიმდინარე მძიმე პროცესების გამოსასწორებლად… გთხოვთ, შეწყვიტოთ პროტესტის უკიდურესი ზომა და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ – წერს გია ქარცივაძე.
მოძრაობის, „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ალექსანდრე მილორავა უკვე მეექვსე დღეა ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.
მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი წევრია, აქედან სამი მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ მიერაა შერჩეული. ორი წევრი ოპოზიციამ შეარჩია, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული თამარ წილოსანი ამბობს, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს ჟურნალისტებთან.
„მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების არაერთი საფუძველი არსებობს, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი (არსებითია) შემდეგი:
- მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დევნა; 2. მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა; 3. მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა; 4. კოლექტიური დავის მიმდინარეობისას მედიაციის პროცესის შეწყვეტა,“ – აღნიშნავს გია ქარცივაძე მრჩეველთა საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც იგი გიორგი კოხრეიძის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს“ – წერს გია ქარცივაძე წერილში, რომლითაც იგი მრჩეველთა საბჭოს მიმართავს.
გია ქარცივაძე წერილში გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რომელიც მისი აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია.
„მას შემდეგ, რაც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა/დანიშვნა განხორციელდა, მაუწყებელი იძულებით დატოვა არაერთმა დასაქმებულმა, ხოლო ათეულობით თანამშრომელი გახდა დირექტორის მხრიდან დევნის ობიექტი, მათ მიერ დაკავებული პოზიციისა თუ მათი კრიტიკული აზრის გამო. თანამშრომელთა დევნის პირველი ხილული მაგალითი იყო დირექტორის მიერ მრჩეველთა საბჭოსთვის წარმოდგენილი მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც მაუწყებელში უნდა გაუქმებულიყო ის თანამდებობები ან/და სტრუქტურული ერთეულები, სადაც მისთვის მიუღებელი პირები იყვნენ დასაქმებულები,“ – წერს გია ქარცივაძე.
გია ქარცივაძე აღწერს კონკრეტული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორების პროცესს, რომელიც, მაგალითად, საერთაშორისო და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეაფასა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა.
„დირექტორმა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მიმართ დაიწყო/დაასრულა დისციპლინური დევნა შინაგანაწესით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნების უხეში დარღვევით, ხოლო ონლაინ მედიის სამსახური სტრუქტურული ერთეულის დებულებაში განხორციელებული ცვლილებით პარალიზებული გახადა.
გარდა იმისა, რომ მაუწყებლის დირექტორი დებულებაში ცვლილებით ცდილობდა მოადგილის მაუწყებლიდან გაშვებას, პარალელურად მის მიმართ/წინააღმდეგ წამოწყებული ჰქონდა დისციპლინური წარმოება და ყველა პირობას უქმნიდა მაუწყებლის დასატოვებლად. დირექტორი დებულების პროექტის ჩავარდნის შემდეგაც აგრძელებდა მის ხელმეორედ წარდგენისთვის/განხილვისთვის მომზადებას, რითაც ერთგვარი სტრესის ქვეშ ამყოფებდა მაუწყებლის თანამშრომლებს და მიზანმიმართულად პირველ მოადგილეს (რომლის ხელშეკრულებაშიც ცვლილება მისი თანხმობის გარეშე შეიტანა). დებულებაში ცვლილების განხილვის განმეორებითი პროცესი შეწყდა მას შემდეგ, რაც პირველმა მოადგილემ (ჯერ კიდევ საავადმყოფო ფურცელზე მყოფმა) დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – აღნიშნულია გია ქარცივაძის მიერ მრჩეველთა საბჭოსთვის მიმართულ წერილში.
მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე „სხვა გეგმას“ უწოდებს გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ტელევიზიიდან მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას.
„სხვა გეგმის“ ნაწილი იყო ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და მაუწყებლის შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევით ახალი ამბების სამსახურის მთავარი გამოშვების წამყვანის თ. ბაკურიძის ჯერ სატელევიზიო ეთერს ჩამოშორება, ხოლო შემდეგ მის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური სახდელის გამოყენება, უმნიშვნელო ან/და შეთხზულ ფაქტებზე დაყრდნობით, არსებითი კვლევის გარეშე.
„სხვა გეგმის“ ნაწილი იყო ახალი ამბების სამსახურში წამყვან-რეპორტიორის თ. თურმანიძის სატელევიზიო ეთერიდან ჩამოშორება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის საჯაროდ აფიქსირებდა თავისი პოზიციას მაუწყებელში მიმდინარე სარედაქციო ერთეულების ნგრევაზე, „სხვა გეგმის“ ნაწილი იყო კოლექტიური დავის პირობებში მაუწყებლის ერთ-ერთი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის – მალხაზ რეხვიაშვილის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება და საბოლოოდ მის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური სახდელის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის შეეცადა საჯაროდ დაეცვა პროფესიული კავშირის ერთ-ერთი წევრი, რომლის მიმართაც დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა იმის გამო, რომ მან ისარგებლა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით,“ – წერს გია ქარცივაძე.
ჯერ უცნობია, რას უპასუხებს მრჩეველთა საბჭო გია ქარცივაძეს.
„მე ვაგრძელებ შიმშილობას“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა, რომელსაც დღეს, 3 ივნისის საღამოს უმაღლესი საბჭოს წევრი უმრავლესობიდან, ცოტნე ანანიძე ხვდება.