მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე „ბოტების“ მობილიზებაზე: არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს

28.02.2020
თორნიკე რიჟვაძე „ბოტების“ მობილიზებაზე: არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს

„ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ვებრძოლოთ ნაცბოტებს და ნაცტროლებს. არავის მივცემთ საშუალებას, ამ ბოტებით და ტროლებით შემოგვიტიოს,“ – აღნიშნა დღეს, 28 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მას ტრადიციულად დახურული მთავრობის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებმა მხარდამჭერების მობილიზების შესახებ ვკითხეთ. 25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბოტების“ წინააღმდეგ მობილიზების შესახებ გზავნილი შეცდომით ჟურნალისტების ფეისბუქჩატში ჩააგდო.

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი თანამშრომლების და განსაკუთრებით, პრესსამსახურის თანამშრომლების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თქვენც კარგად ნახეთ, რომ რა თქმა უნდა, მობილიზება კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ნაცმედიას, ნაცბოტებს. ჩვენ არ ვიყენებთ ბოტებს, ეს ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ. არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი გააუქმა „ფეისბუქმა“.

„რას გულისხმობთ, როცა თქვით, რომ ბოტებს არ იყენებთ?“ – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს.

„არც ერთი ოფიციალური გვერდი არ გაუქმებულა, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. ბოტებს ჩვენ არ ვიყენებთ,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კატეგორიულად გამორიცხა კავშირი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები რამდენიმე ადამიანის მობილიზებაზე, რომლებმაც „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს 19 თებერვლის სხდომაზე დასასწრებად მოვიდნენ და თქვეს, რომ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობის თქმა უნდოდათ, რაც ტელევიზიამ არ გააშუქა.

„კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის კავშირს ამ ღონისძიებასთან, როგორც ჩემი, ასევე სახელმწიფო უწყებების. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების სურვილს მადლობის თქმაზე, ეს უკვე ამ ადამიანების გადასაწყვეტია, ასევე თქვენი, რამდენად გააშუქებთ. ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ. საჯაროდ მადლობები ნაკლებად გვაინტერესებს,“ – უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: