მთავარი,სიახლეები

ლავროვის შესაძლო ვიზიტის თავსატეხი

30.01.2020 • 1829
ლავროვის შესაძლო ვიზიტის თავსატეხი

ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი”, – თქვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შარშან, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩაშლის შემდეგ. საზოგადოებრივი პროტესტი, რომელსაც თან სდევდა აქციის დაშლა და პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტად პოლარიზება, მაშინ რუსეთის დუმის დეპუტატის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას მოჰყვა.

გავრილოვის ვიზიტიდან თითქმის ერთი წლის თავზე საქართველოს შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვიოს. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.

სერგეი ლავროვი 2018 წელს ეთიოპიაში ვიზიტისას © EPA-EFE/STR

აღნიშნული მინისტერიალი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის 6-თვიან ვადაში თბილისში გაიმართება და არა სტრასბურგში. ამჯერად გათვლილი აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რისკები, რომელიც სერგეი ლავროვის საქართველოში ვიზიტს შეიძლება მოჰყვეს?

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც არაერთხელ არის ჩასული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს პირდაპირ არ ავალდებულებს საკუთარი კანონმდებლობისა და ინტერესების წინააღმდეგ მიიღოს საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე პირები, თუმცა საქართველოს მიერ რატიფიცირებული, ევროპის საბჭოს 1949 წლის გენერალური შეთანხმება “პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ” ითვალისწინებს შესაბამის პრივილეგიებს, მათ შორის იმას, რომ შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოები არ დაუშვებენ, მინისტრთა კომიტეტის წევრებს შეეზღუდოთ ამ სტრუქტურაში საქმიანობა. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიული აქტებზე უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება დგას დილემის წინაშე – აღასრულოს ეროვნული კანონმდებლობა და არ შემოუშვას სერგეი ლავროვი (თუ ის თბილისში ვიზიტს გადაწყვეტს) საქართველოს ტერიტორიაზე, თუ დაეყრდნოს საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებაში ყველა ქვეყნის წარმომადგენლის შეუფერხებელი მონაწილეობა.

ზურაბიშვილის დაპირება რუს დეპუტატს

28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსმა დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა, რომელიც თავის დროზე თავად არ შემოუშვეს საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო, სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა მაისში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის სხდომის შესახებ. რუსმა დეპუტატმა თქვა, რომ “საქართველო საფრთხის შემცველი გახდა არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის, არამედ პარლამენტარებისთვისაც”.

თავის პასუხში საქართველოს პრეზიდენტმა, მართალია, შეცდომით მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ნაცვლად საპარლამენტო ასამბლეის მიღებაზე ისაუბრა (ასეთი ღონისძიება საქართველოში დაგეგმილი არ არის), თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, საკუთარი კანონმდებლობის გვერდის ავლით, ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამას მარტივად არ მიიღებს, მაგრამ საქართველო იცავს საკუთარ ვალდებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

გაურკვეველია, იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ეს დაპირება შეთანხმებული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ თქვეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, რა პოზიციას დაიკავებს საქართველო რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

“ვერავინ, ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით გაკეთდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ზურაბიშვილმა კი სტრასბურგში თქვა, რომ ის არავის პატიჟებს, მაგრამ ზუსტად იცის რა არის საქართველოს პოზიცია [საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებით].

ხელისუფლების ჯერ ჩამოუყალიბებელი პოზიცია

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა, როცა თქვა, რომ კანონს გვერდს ვერავინ აუვლის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში კონკრეტულად სერგეი ლავროვი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. თუმცა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბარში არ გამორიცხავს, თავად “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი შეიცვალოს. მმართველ გუნდს ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა, კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულით შეეცვალა. საკანონმდებლო ცვლილების განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციამ  ფილიბასტერის ხერხს მიმართა. კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა არ მისცემია.

“როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ფორუმის დედაქალაქი და აქვს ამ ფორუმის ხელმძღვანელობის საპატიო ვალდებულება, თავის პარტნიორ ქვეყნებთან და ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს სამდივნოსთან ერთად დეტალურად უნდა განიხილოს შექმნილი ვითარება. არაერთი ფორუმი გამართულა თბილისში, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც რუსეთის დელეგაცია მონაწილეობდა. აქ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ასე რომ, ეს საკითხი ადვილი არ არის. კონსულტაციები მიმდინარეობს და უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ არ ავყვებით ოპონენტების სკანდალურ განცხადებებს და ვიფიქრებთ იმას, რომ კანონი შევუსაბამოთ საერთაშორისო ვალდებულებებს. თუ რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ მაისამდე შესაძლოა კანონში ცვლილებები შევიდეს, ვოლსკი პასუხობს:

„წინასწარ ვერ გეტყვით, არ ვარ ჩართული კონსულტაციებში. მაგრამ თუკი საჭიროა, რომ კანონი შეიცვალოს, რათა სახელმწიფოს წინაშე არ იყოს საშიშროება, შენიშვნა და მით უმეტეს, სანქცია დაიმსახუროს საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რა საკვირველია, ამ თემაზეც შეიძლება იყოს მსჯელობა, თუმცა ამას ვერ დაგიდასტურებთ”.

რატომ არ უზრუნველყო საქართველომ მინისტერიალის, სხვა ღონისძიებების მსგავსად, სტრასბურგში ჩატარება?

ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საქართველომ სწორედ რუსეთის დელეგაციებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით უარი თქვა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩასატარებელი ღონისძიებების ნაწილის თბილისში გამართვაზე. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრთა კომიტეტის ვიზიტიც აცილებადი იყო და ახლაც არის, თუ ევროპის საბჭოს მისი სტრასბურგში გამართვის თხოვნით მივმართავდით.

“ერთადერთი საკითხი რაც დგას, მინისტერიალია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და 6 თვით გვევალება იმ ძირითადი ღონისძიებების მასპინძლობა, რომლებიც იმართება ევროპის საბჭოში. მათ შორის, ჩვენ დეკემბერში უნდა ჩაგვეტარებინა საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს და ძირითადი მმართველი კომიტეტის სხდომა, რომელიც თბილისში ზუსტად იმ რისკის გამო არ ჩავატარეთ, რომ 47 წევრ ქვეყანასთან ერთად შეიძლებოდა, რუსეთის ერთი დეპუტატი შემოსულიყო [პიოტრ ტოლსტოი]. შესაბამისად, კომიტეტები ჩატარდა სტრასბურგში. მიუხედავად ამისა, როგორც ვხვდები, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ თბილისში ჩატარებულიყო მინისტრთა კომიტეტი. წესით ყველაფერი თბილისში უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ნაწილზე ვთქვით უარი, ალბათ, იყო შესაძლებელი, ყველაფერზე გვეთქვა უარი და გვეთხოვა სტრასბურგისთვის, თბილისის ნაცვლად ემასპინძლა ღონისძიებებისთვის”, – განაცხადა ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროპის საბჭოს სხვა ღონისძიებების სტრასბურგში დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს გიორგი ვოლსკი, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავარი ღონისძიებისთვის საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას უნდა ემასპინძლა.

“სხვადასხვა ღონისძიებები შეიძლება [სტრასბურგში ჩატარდეს], მაგრამ როდესაც არის მთავარი ფორუმი – მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე არის საქართველო, აქ უკვე ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავებულია. აქ საუბარია ქვეყნის პრესტიჟზე და იმაზე, რამდენად ძალუძს საქართველოს, უხელმძღვანელოს საერთაშორისო ფორუმს იმ შემთხვავშიც კი, თუ კონკრეტულ ქვეყანასთან მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობა გააჩნია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი ვოლსკიმ.

რა უნდა ქნას დილემის წინაშე მდგომმა თბილისმა?

ოპოზიციამ უკვე დაანონსა პროტესტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის მთავარი დიპლომატი საქართველოს ეწვევა.

“შემიძლია, გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, მოეგონ გონს! ნუ დაუშვებენ „მეორე გავრილოვს”, იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის და რუსეთის დელეგაციის აქ შემოშვებას არავინ აპირებს. ეს არის ღირსების საკითხი და ჩვენი ზომებიც გადის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზღვარზე”, – განაცხადა  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ფიქრობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქართველოში არშემოშვებით, შესაძლოა, გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ამიტომ უმჯობესია, ეს ვიზიტი მშვიდობიანი პროტესტის დემონსტრაციისთვის გამოვიყენოთ.

ამ ფონზე არაერთგვაროვანია საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების პოზიციები საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

 

მამუკა ჟღენტი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ რუსეთის დელეგაციის წევრების არშემოშვებით საქართველო დაარღვევს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და ეს  არასწორია. მამუკა ჟღენტის თქმით, იგივე პოზიცია ჰქონდა 2011 წელსაც, როდესაც სტრაბურგში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა და ენმ-ის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო, ქვეყანაში არ შემოუშვა ორი რუსი დეპუტატი, რომელიც საქართველოში PACE-ს კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა.

“საქართველომ ლავროვი უნდა შემოუშვას და არა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ევროსაბჭოსგან სანქციები დაემუქრება. სანქციები ნაკლებად სადარდებელია. ბევრად უარესია იმ მორალური და სამართლებრივი უპირატესობის დაკარგვა, რაც გვაქვს მეგობრების თვალში რუსეთთან. ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორებიც კი ასეთ ნაბიჯს ვერ მოიწონებენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მამუკა ჟღენტმა.
მისი თქმით, გაუგებარია, თავიდანვე რატომ გადაწყვიტა ქართულმა მხარემ მინისტერიალის თბილისში ჩატარება, როცა თავმჯდომარეობის ფარგლებში სხვა არცერთი ღონისძიება საქართველოში დაგეგმილი არ არის. თუმცა უკვე გაცხადებული ადგილის სტრასბურგით შეცვლა, ჟღენტის აზრით, თავის შერცხვენა იქნება. დიპლომატი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკებას არ ურჩევს მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ დელეგაციის ხელმძვანელად ისეთი ადამიანი გამოგზავნონ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობასთან კონფლიქტი არ ექნება.
“ლავროვის არჩამოსვლაზე რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე უარეს უგუნურობას ჩვენი მთავრობა ვერ ჩაიდენს. უკუშედეგი იქით იყოს, რუსეთი აუცილებლად გაამხელს ამ თხოვნის შესახებ და სახის და რეპუტაციის გარეშე დაგვტოვებენ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე”, – განაცხადა ჟღენტმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავად არ მოუნდეს საქართველოში ჩამოსვლა.
საქართველოს ყოფილი ელჩის თქმით, მოსკოვს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ დაესწრება თბილისში დაგეგმილ მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას, თუმცა ამ თემას დაძაბულობის პროვოცირებისთვის იყენებს და დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვაც სალომე ზურაბიშვილისადმი კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა.
“რუსები ცდილობენ ამ თემით მანიპულირებას და საქართველოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის ხელშეწყობას. მოსკოვს დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. თემის აგორებით, ამ ეტაპზევე მეტი ინფორმაცია ექნებათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ უარი უნდა განაცხადოს კანონდამრღვევი რუსეთის დელეგაციის წევრების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, მოუწევს თუ არა ამისთვის გარკვეული ფასის გადახდა ევროპის საბჭოს წინაშე.

ფოტო: დავით ბატაშვილის ფეისბუქ გვერდიდან

“სახელმწიფომ, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კანონებს, საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ უსაფრთხოებას, ასეთ უნიკალურ ვითარებაში, როდესაც სახეზე გვაქვს ოკუპაცია, სწორედაც თავისი კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, რაც ამ შემთხვევაში  გულისხმობს არდაშვებას ისეთი პირების, ვისაც დარღვეული აქვთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი და გააკეთო არჩევანი. პრიორიტეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბატაშვილმა.

რონდელის ფონდის მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ლავროვის ვიზიტს, თუ ასეთი იქნება, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოებრივი პროტესტი, თუმცა ეს საფრთხისშემცველი არაა.

“უფრო გასაკვირი იქნებოდა, პროტესტი რომ არ ყოფილიყო. პროტესტი არ მგონია საფრთხეებს შეიცავდეს. საქართველოსთვის უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც თავის თავს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ამბობს, რომ ჩვენს კანონს გვერდზე გადავდებთ, არ გვაინტერესებს, ვიდრე ის ბუნებრივი პროტესტი, რომელი შეიძლება მოჰყვეს ასეთ ფაქტს”, – აღნიშნა ბატაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) გაკეთებული განცხადება, რომ მზადაა, ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური დემოკრატიულ პრინციპებისთვის ძირგამომთხრელად შეაფასა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

“გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომლის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა”, – ნათქვამია არასამთავრობო სექტორის განცხადებაში.

რა სანქცია ემუქრება საქართველოს, თუ რუსეთის დელეგაციას არ შემოუშვებს

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, პრაქტიკაში ორი შემთხვევა იყო, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს აღნიშნული კანონის საფუძველზე უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე. პირველად 2011 წელს, ქართულმა მხარემ ქვეყანაში არ დაუშვა რუსი დეპუტატი სერგეი მარკოვი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციამ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა როგორც PACE-ს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ასევე ბიუროზე და საპრეზიდენტო კომიტეტის ყრილობაზე, თუმცა ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს არავითარი სანქცია არ დაკისრებია.

მეორე შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2013 წელს – საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ორ წევრს – სერგეი კალაშნიკოვსა და ვასილი ლიხაჩოვს, რომლებიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაკვირვებოდნენ. შედეგად, საქართველოს დაეკისრა სანქცია, რაც ითვალისწინებდა, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველოში PACE-ს არცერთი ღონისძიებება არ ჩატარდებოდა.

“საკმაოდ მეგობრული და რბილი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ რამე ღონისძიება ამ პერიოდის განმავლობაში, ისედაც არ იგეგმებოდა”, – განაცხადა მაშინ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც დღესაც მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს სანქცია შესაძლოა რბილი, მაგრამ არასასიამოვნო იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: