მთავარი,სიახლეები

როგორ დაკარგა მშენებარე კორპუსის გამო ოჯახმა შემოსავალი – მოქალაქე კომპანიის წინააღმდეგ

17.10.2019 • 2774
როგორ დაკარგა მშენებარე კორპუსის გამო ოჯახმა შემოსავალი – მოქალაქე კომპანიის წინააღმდეგ

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ორსართულიანი, კერძოს სახლის გვერდით მშენებარე 16-სართულიანი კორპუსი რომან დუმბაძის ოჯახისათვის შემოსავლის დაკარგვის მიზეზი გახდა.

რომან დუმბაძე ყოფილი პატიმარია. იგი 2018 წელს, შელაპარაკების საფუძველზე, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. მან საპატიმროში ერთი წელი გაატარა. აქამდე რომანის ოჯახი თავს ოთახების სეზონური გაქირავებით ირჩენდა და პარკინგისთვის აქირავებდა დიდ ეზოსაც.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ რომანი ვერც სახლს აქირავებს და ვეღარც ეზოს – პარკინგისთვის. მიზეზი, როგორც თავად ამბობს, თექვსმეტსართულიანი სახლია, რომელსაც მისი სახლის გვერდით კომპანია „ნევბათუმი“ აშენებს.

რომან დუმბაძე

მაღალსართულიანმა კორპუსმა რომანის სახლი და ეზო დაჩრდილა. რომანი გვიყვება, რომ მზის სხივები ეზოსა და სახლს ახლა მხოლოდ დილის 12 საათამდე ადგება, სახლის ოთახები დანესტილია, მშენებლობიდან კი პერიოდულად ეზოში ცვივა სამშენებლო ნარჩენები, რის გამოც ავტომანქანას ეზოში აღარავინ აჩერებს და რომანმა პარკინგიდან მიღებული შემოსავალიც დაკარგა. რომანი ამბობს, რომ მის ეზოში გავლაც კი სახიფათოა.

ეზო

რომან დუმბაძის ეზოში მშენებლობიდან სამშენებლო ნარჩენები ცვივა

სამშენებლო ნარჩენები რომან დუმბაძის ეზოში „ნევბათუმის“ მშენებარე მრავალბინიანი კორპუსიდან ცვივა

სახლს სიძველის კვალი ეტყობა, თუმცა მეპატრონე ამბობს, რომ ერთმანეთისგან უკვე აცდენილი, დაბზარული კედლები მასიური თექვსმეტსართულიანის მშენებლობის შედეგია, რომლის საძირკვლის გათხრის დროსაც მის სახლსაც გამოეთხარა საფუძველი და საგანგაშოდ დაზიანდა. დაზიანებულია სახურავი, ნაყარი სამშენებლო მასალით ამოვსებულია ჟოლობები, შედეგად სახლში ჩადის წყალი და აობებს კედლებს.

ტურისტები მოდიან, თუმცა როცა ხედავენ სახლის ნესტიან ოთახებს, უარს ამბობენ დარჩენაზე და უკან მიდიან. ოჯახმა შემოსავლის წყარო სრულად დაკარგა.

ბზარები კედელზე

ბზარები კედელზე

„მპირდებოდნენ, თუ რაიმე ზიანს მოგაყენებთ, აგინაზღაურებთო, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო. სრულიად უკანონოდ გააკეთეს ჩემი ეზოს მხარეს ღიობი ფანჯრები და ტერასები, სამშენებლო მასალების საზიდად იყენებდნენ ჩემს ეზოს. სახურავი რომ მშენებლობიდან გადმოცვენილმა სამშენებლო ნარჩენებმა დააზიანა და ზარალის ანაზღაურებაზე მიდგა საქმე, მომიტანეს მხოლოდ 80 ცალი თუნუქის ფურცელი სახურავის გადასახურად და თანხა – 300 ლარი ხელოსნისთვის. არც კი მკითხეს, ზუსტად რა მჭირდებოდა სახურავისთვის, არც ზომა აუღიათ. ჩემი სახლის სახურავი 200 კვადრატული მეტრია.

სახურავი რომ გამომეცვალა, ქვეშ მოქცეულ ხესაც გამოცვლა სჭირდებოდა. 5 კუბური მეტრი ხეა საჭირო ამისათვის, რაც 5000-მდე ლარი ღირს. ხის მასალა ჩემთვის არავის გადმოუცია. რომც გადმოეცათ, 200-კვადრატულმეტრიანი სახურავის შეკეთებას, ხის მასალის გამოცვლას, ხელოსნისთვის 2000 ლარი მაინც სჭირდება,“ – ამბობს რომან დუმბაძე.

სამშენებლო კომპანია „ნევბათუმის“ იურისტი, ინდირა სალაძე ,,ბათუმელებთან“ საუბრისას რომან დუმბაძისთვის თუნუქის ფურცლების გადაცემის ფაქტს იხსენებს:

„რომან დუმბაძის სახლს ჩვენი მშენებლობიდან ძალიან მცირე დაზიანება მიადგა, ისიც მხოლოდ სახურავს. ჩვენ უმნიშვნელო ზარალი მას მნიშვნელოვნად ავუნაზღაურეთ. შევუძინეთ მთელი სახლისთვის თუნუქის ფურცელი, მან კი ის გაასხვისა. მას მერე უმიზეზო მიზეზებით გვიჩივის,“ – ამბობს სამშენებლო კომპანიის იურისტი. მისივე თქმით, რომან დუმბაძეს გადაეცა ხის მასალაც სახურავის გამოსაცვლელად, რასაც თავად რომან დუმბაძე სიცრუეს უწოდებს. სამშენებლო კომპანია ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტს არ ასაჯაროებს,  ინდირა სალაძე საუბრისას გვეუბნება, რომ „2000 ლარის ღირებულების თუნუქის ფურცელი და ხელოსნის თანხა, რომელიც რომან დუმბაძეს კომპანიისგან გადაეცა, ჯამში, 3 500 ლარის ოდენობის იქნებოდა“.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამშენებლო კომპანია „ნევბათუმი“ პრობლემური სამშენებლო კომპანიების სიაშია და 16-სართულიანი კორპუსი შესაძლოა მერიამ არც ჩაიბაროს, როგორც დასრულებული მშენებლობა.

„შპს ნევბათუმს მშენებლობის ეტაპების დადასტურებაც კი პრობლემატური აქვს,“ – ამბობს ირაკლი მოქია, ბათუმის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

მისივე თქმით, კომპანიას 2018-2019 წლებში ზედამხედველობის სამსახურიდან 4 მითითება აქვს მიცემული და კომპანია თორმეტჯერაა დაჯარიმებული ჯამში 13 ათასი ლარით – სამშენებლო ნებართვის პირობების დარღვევის, მშენებლობის არასწორად წარმოების და შეჩერებული მშენებლობის თვითნებურად გაგრძელების გამო.

ამჯერადაც ,,ნევბათუმის“ მშენებარე კორპუსს ანგისის ქუჩა #13 ში არ აქვს სამშენებლო ნებართვის დაფა გამოკრული. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულია სამუშაოები, თუმცა როგორც რომან დუმბაძე გვეუბნება, ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მაინც არ ჩერდება.

რომან დუმბაძე ამბობს, რომ კომპანიის წინააღმდეგ ის სასამართლოს გზით ბრძოლას აპირებს. რომანი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარია. სარჩელისა და საჭირო დოკუმენტების მომზადებაში მას სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ეხმარება იურისტი რამინ გვარიშვილი.

„ჩვენს ბენეფიციარს სამშენებლო ნორმების დარღვევაზე აქვს პრეტენზია. აშკარაა, რომ ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, მშენებლობის ნებართვის დროს მერიამ არ გაითვალისწინა მეზობელი მესაკუთრის ინტერესი. კარისა და ფანჯრის ღიობები დუმბაძის საკუთრების მხარესაა განთავსებული, რასაც არ ითვალისწინებდა სამშენებლო ნებართვა. გარდა ამისა, შენობა არ არის დასმული იმ წერტილებში, სადაც ნებართვაა გაცემული. ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული საჩივარია მომზადებული მერიაში. საჩივრის განხილვა მერიაში ახლა მიმდინარეობს.

დუმბაძეს შეეზღუდა საკუთრების გამოყენების უფლება, მისმა სახლმა დაკარგა ფასი და მას რეალური მოთხოვნები აქვს,“ – ამბობს იურისტი რამინ გვარიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა სამშენებლო კომპანიამ გადასცა რომან დუმბაძეს სახურავის ნაწილი ზიანის ასანაზღაურებლად, მაგრამ ეს საქმის მეორე ნაწილია – ზიანის ანაზღაურება, იქამდე კი საინჟინრო ექსპერტიზის მიერ ზიანის ზუსტი რაოდენობა უნდა განისაზღვროს, და მხოლოდ შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზარალი უნდა აუნაზღაუროს კომპანიამ დაზარალებულს. მთავარი კი ამ საქმეში საკუთრების უფლების შელახვის, საკუთრების გამოყენების შეზღუდვის ნაწილია.

„ნევბათუმის“ მშენებარე კორპუსი ანგისის ქუჩა # 13 ში

______________________________

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: