მთავარი,სიახლეები

პროკურატურა გზების დეპარტამენტის საქმეს იძიებს – ენმ ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

23.09.2019 • 1804
პროკურატურა გზების დეპარტამენტის საქმეს იძიებს – ენმ ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას იძიებს. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც აჭარის  გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. საუბარია 2016-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებზე.

დღეს, 23 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქმესთან დაკავშირებული პირების  თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

კონკრეტულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს აჭარის მთავრობის  თავმჯდომარემ შეუჩეროს უფლებამოსილება აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს, არჩილ ჩიქოვანს და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რაულ ბერიძეს. ასევე დაიწყოს პროცედურა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი რომანაძე დროებით ჩამოშორდეს საკანონმდებლო საქმიანობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, გამოძიების დასრულებამდე, ამ ადამიანებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება. იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი რისკი, ამ პირებმა ზეგავლენა მოახდინონ კონკრეტულ საქმეებზე. თუ მთავრობის თავმჯდომარე არ აიღებს  პასუხისმგებლობას, თუ არ შეუჩერებენ მათ უფლებამოსილებას დროებით მაინც, გამოძიების დასრულებამდე, ჩვენ ვიტყვით, რომ ამ საკითხში პირდაპირ,  მიზანმიმართულად ჩართული არის თორნიკე რიჟვაძე,“  –  ამბობს რეზო ხარაზი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი”ქართული ოცნებიდან” გიორგი რომანაძე 2014-2016 წლებში  აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო. რომანაძე ამ პოსტზე არჩილ  ჩიქოვანმა შეცვალა. ჩიქოვანი აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2016-2018 წლებში  იკავებდა.

პროკურატურის ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის  კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვას.

ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ამავე თემაზე:

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: