ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს, თბილისში ვიზიტისას თქვა, რომ შეცდომა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არ მიცემა.
ამას გარდა რასმუსენმა სიტყვასიტყვით თქვა:
“მე ვფიქრობ, თქვენ საქართველოს შიგნით უნდა გქონდეთ დისკუსია, მისაღებია თუ არა ალიანსში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა დაფაროს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და ამას პასუხი უნდა გავცეთ ნატოშიც”.
ანუ რასმუსენმა თქვა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს დისკუსია, მისაღები არის თუ არა საქართველოსთვის პირველ ეტაპზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე.
რას ნიშნავს მეხუთე მუხლი? – „ყველა ერთისათვის ერთი ყველასათვის“
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [NATO] ხელშეკრულების მე-5 მუხლი გულისხმობს, რომ ნატოს ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უარს ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
არა, ეს ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო შედის ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, მაგრამ მეხუთე მუხლი ვრცელდება მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებზე მანამ, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტი არ მოგვარდება.
ეს არის ე.წ. „გერმანული მოდელი“.
რას ნიშნავს გერმანული მოდელი?
დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი 1955 წელს გახდა. 35 წლის შემდეგ, 1990 წელს, ანუ როცა ცივი ომი დასრულდა, ბერლინის კედელი დაინგრა და გერმანია გაერთიანდა, აღმოსავლეთ გერმანიაც გახდა ნატოს წევრი. ამჟამად გერმანია ნატოს სრულფასოვანი წევრია.
თუ საქართველო ნატოში შევა და მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთზე, ამით საერთაშორისო არენაზე რამე შეიცვლება?
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოკერი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„გვსურს, ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაცია ვიხილოთ. ანდერს ფოგ რასმუსენმა გაახმოვანა მნიშვნელოვანი იდეა. საქართველომ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ძალისმიერად ამ ტერიტორიების შემოერთებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს.
ნატოს შეუძლია იმავე იდეას დაეყრდნოს და თქვას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ გარკევული პერიოდი გამოვრიცხავთ მე-5 მუხლის ამოქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რათა კონფლიქტის პრევენცია მოვახდინოთ”.