მთავარი,სიახლეები

„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით“ – ექსპერტებმა ვაშინგტონში ნატოზე შესაძლო თავდასხმაზე იმსჯელეს

07.09.2026
„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით“ – ექსპერტებმა ვაშინგტონში ნატოზე შესაძლო თავდასხმაზე იმსჯელეს

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პირდაპირი სამხედრო აგრესიის მოგერიება სრულად შეუძლია, ის ვერ აჩერებს ვლადიმირ პუტინის მზარდ „ჩრდილოვან ომს“. შედეგად, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრემლის მორიგი გამოცდის მთავარ სამიზნედ რჩებიან.

„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაზე, რომელსაც ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა, წამყვანმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ბოლოდროინდელი ვიზიტი მოსკოვში მკაფიო სიგნალია: კრემლი დასავლეთის გამძლეობასა და მზადყოფნას აქტიურად ამოწმებს.

  • გამოცდა ბალტიის საზღვარზე

„დემოკრატიის განახლების ინიციატივის“ თავმჯდომარემ და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს დასავლეთის ერთიანობის გასატეხად სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეჭრა სულაც არ სჭირდება – ამისთვის მცირე, მიზანმიმართული ტერიტორიული პროვოკაციაც საკმარისი იქნება.

„ორი კვადრატული მილი ტერიტორია… დარჩნენ იქ ორი დღე,“ – თქვა კასპაროვმა ისეთ სასაზღვრო ქალაქებზე მითითებით, როგორიცაა ნარვა ან დაუგავპილსი – „მას მხოლოდ იმის ჩვენება სჭირდება, რომ ნატო მკვდარია, ამერიკა პროცესში არ ერევა და ეს უკვე პოლიტიკური გამარჯვებაა.“

კასპაროვმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის უსაფრთხოების გარანტიების სიმტკიცე: „მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ აქვთ რუსეთის მოსაზღვრე ევროპელ მოკავშირეებს სერიოზული ეჭვები ამერიკის სამხედრო ერთგულებაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი, თუნდაც მცირე ჯგუფებით, ნატოს სახმელეთო საზღვარს გადაკვეთს.“

CIA-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გლენ კორნმა აღნიშნა, რომ კიევი ჩრდილოეთის ფრონტის გახსნის საფრთხეზე დასავლეთს უკვე დიდი ხანია აფრთხილებს: „უკრაინელები ამის შესახებ სულ მცირე ექვსი თვეა გვაფრთხილებენ… რომ არსებობს შეშფოთება ახალი ფრონტის გახსნაზე, და ისინი პირდაპირ საუბრობენ ბალტიისპირეთზე.“

  • ტრამპის ფაქტორი და პუტინის პარტნიორები

მიუხედავად ამისა, კორნის შეფასებით, პუტინის მხრიდან ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური უთანხმოების სისუსტედ აღქმა სახიფათო შეცდომა იქნებოდა, რასაც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის გამოცდილებაც მოწმობს.

„არ შეცდეთ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. ის ძალიან არაპროგნოზირებადია,“ – განაცხადა კორნმა. – „მე მინახავს, როგორ დგამდა ის ნაბიჯებს რუსების წინააღმდეგ… ადრეც მითქვამს: ის ყველაზე აგრესიულად პასუხობდა რუსეთის გარკვეულ ქმედებებს იმ პრეზიდენტებს შორის, ვის ადმინისტრაციაშიც ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია“.

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, აგნია გრიგასმა დაამატა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე ზეწოლას ახდენს მოსკოვის საერთაშორისო პარტნიორებზე: „უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პუტინის მოკავშირეებს უტევს. ნუ დავივიწყებთ ამას – ირანსა და მადუროს.“

  • გეოგრაფია და „ჩრდილოვანი ომი“

გრიგასის თქმით, ბალტიის ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა – როდესაც რეგიონი კალინინგრადს, ბელარუსსა და სუვალკის დერეფანს შორის არის მოქცეული – მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის. მისივე განცხადებით, ლიეტუვა უკვე გახდა ჰიბრიდული ტაქტიკის სამიზნე, რაც მიგრანტების იარაღად გამოყენებაში, ინფრასტრუქტურულ დივერსიებსა და საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევებში გამოიხატება.

„ბალტიისპირეთში ეს შეშფოთება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდია,“ – აღნიშნა გრიგასმა. -„ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან გეოგრაფიის გამო… ეს კრიზისი გრძელდება და ის რეგიონში რეალურ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისს წარმოადგენს.“

დისკუსია ატლანტიკური საბჭოს სკოუკროფტის ცენტრის ექსპერტმა, ტორი ტაუსიგმა შეაჯამა და ხაზი გაუსვა, რომ ნატომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს, სანამ ჰიბრიდული შეტევები სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება.

„ნატო რუსეთთან ბევრი თვალსაზრისით უკვე ომშია; ეს, უბრალოდ, მე-5 მუხლის რეაგირების ზღვარს ქვემოთ ხდება,“ – განაცხადა ტაუსიგმა. – „ჰიბრიდულ ფრონტზე ვფიქრობ, ნატომ აჩვენა, რომ შეკავების პოლიტიკამ მარცხი განიცადა.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: