მთავარი,სიახლეები

პაატა შამუგია: გამოხატეთ საჯარო მხარდაჭერა, დაგმეთ ძალადობა

20.06.2019 • 1353
პაატა შამუგია: გამოხატეთ საჯარო მხარდაჭერა, დაგმეთ ძალადობა

მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, პაატა შამუგია განცხადებას ავრცელებს.

„ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას, დაგმეთ ძალადობა.

ჯინი ამოშვებულია. მოძალადეები უკვე არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ ნებისმიერი მათთვის არასასურველი ადამიანის დატერორებაზე გადავიდნენ.

დღეს ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ მოქალაქეს სახლში ფერადი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან ლგბტ დროშა ეგონა.

დღესვე მეტრო „რუსთაველში“ ჰომოფობიური დაჯგუფების წევრებმა ახალგაზრდა მუსიკოსებს სცემეს, რადგან მათ საყურე ეკეთათ.

ხვალ ისინი აპირებენ, სექსუალური უმცირესობების შეკრება დაარბიონ.

მე, როგორც საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, ოფიციალურად ვუცხადებ მხარდაჭერას გამოხატვის, შეკრების და გადაადგილების თავისუფლების რეალიზებას ლგბტ თემისათვის და მოვუწოდებ მწერლებს, მუსიკოსებს, ცნობილ ადამიანებს: გამოხატეთ საჯარო მხარდაჭერა, ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას, ძალადობის დაგმობა და თანასწორობის პრინციპი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სოციალური კაპიტალი. ეს არაა რომელიმე ჯგუფის მხარდაჭერა (თუმცა, მე პირადად ამ კონკრეტულ ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ), ეს არის ისეთი მაღალი იდეის მხარდაჭერა, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება. ამ იდეისთვის იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა (იხილეთ მისი პუბლიცისტური წერილები, იხილეთ ალუდას საქციელი, როცა ის უმრავლესობის დიქტატს არ დაემორჩილა) და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტი შეუქმნა ქართულ სახელმწიფოს.

ჩვენ გვჭირდება სწორედ ასეთი ადამიანები. იაფფასიანი სადღეგრძელოებით და კომბლებით შეიარაღებული აგრესორები ამ ქვეყანას არ სჭირდება. ჩვენ ისედაც საკმარისზე მეტი აგრესია და ძალადობა გამოვიარეთ, გამოვიარეთ, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რომლის ტრავმებს დღემდე ვეჯახებით.

საქართველოს პენცენტრი არის მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზება თითოეული მოქალაქისთვის. გამოხატვის უფლება არის ის სიკეთე, რომლით სარგებლობის ექსკლუზივი არ აქვს რომელიმე ჯგუფს, ის საერთოა ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს არის მისი პრობლემა, და არა, ამ შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების.“

_____________________

14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: