მთავარი,სიახლეები

TCF GEORGIA-ს ქონება და მთავრობასთან აღებული ვალდებულება „ქართუმ“ გადაიბარა

30.08.2019
TCF GEORGIA-ს ქონება და მთავრობასთან აღებული ვალდებულება „ქართუმ“ გადაიბარა

23 344 კვ.მ მიწის ფართობი და ექვსი შენობა ჯამში 11 298 კვ.მ  შპს TCF GEORGIA-მ აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების საფუძველზე 2013 წელს დაირეგისტრირა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მანდარინის შემფუთავი საწარმოს გახსნა, სეზონურად 2000 ტონა მანდარინის მიღება-გადამუშავება და ასევე სეზონურად  საქართველოს 50 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება ჰქონდა აღებული.

2013 წელს სახელმწიფოსგან პირობებით გადაცემული  ქონება თავისი ვალდებულებებით შპს TCF GEORGIA-მ პირდაპირი წესით შეისყიდა. თუმცა აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება ვერ შეძლო, ამიტომაც 2014 წელს კომპანიამ სახელმწიფოს ქონება იპოთეკით დატვირთა „ქართუ ბანკში“.

კომპანიას ვერც ქონების იპოთეკით დატვირთვით მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა უშველა. დირექტორის, კახა შავაძის ინფორმაციით, სიტუაცია გაართულა იმანაც, რომ კომპანიის მფლობელებს შორის, თანხის მითვისების ბრალდებით, სასამართლო დავა დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ ვერც ბანკთან აღებული ვალდებულებები შეასრულა. შედეგად ქონება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ბანკ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა.

ბანკი „ქართუსთვის“ საინვესტიციო პირობების შესრულების ხელშეწყობის საკითხი 29 აგვისტოს აჭარის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ქართუს“ ვადა მისცეს და პირობებიც განუსაზღვრეს. რომლის მიხედვითაც, წელს „ქართუმ“ 2000 ტონა მანდარინის მიღება-გადამუშავება, ასევე 50 მოქალაქის დასაქმება უნდა უზრუნველყოს. იგივე ვალდებულებები ექნება „ქართუს“ 2020 წელსაც.

კახა შავაძემ გვითხრა ისიც, რომ კომპანია ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით არ საქმიანობს, თავად დირექტორი კი „ქართუსთან“ თანამშრომლობას გეგმავს.

შპს TCF GEORGIA 2012 წელს დავით მჟავანაძემ [10%], ოსმან გოგიტიძემ [15%] და თურქეთის მოქალაქემ თაჰირ მეთინმა დააფუძნეს [75%].

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: