მთავარი,სიახლეები

ჯარისკაცის დედა: „მომიძებნონ ჩემი შვილი“

11.08.2019 • 2577
ჯარისკაცის დედა: „მომიძებნონ ჩემი შვილი“

ორი ჯარისკაცი – კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი სამი წლის წინ, 6 აგვისტოს შავ ზღვაში წვრთნებზე ყოფნისას გაუჩინარდა. ორი წლის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა დაღუპულებად. გიორგი ნანეტაშვილის დედა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ის მოითხოვს მისი შვილის ძებნა გააგრძელონ.

„მე იმ დღიდან დავდივარ თავდაცვის სამინისტროში და ვაწუხებ, რომ მომიძებნონ ჩემი შვილი. მე თავს არავის ვაცოდებ, ვალდებული არიან, რომ მომიძებნონ ჩემი შვილი. იმის მერე მეუბნებიან, აი ახლა შემოვა გემები, ახლა შემოვა გემები აღჭურვილობით, რომლითაც ამ ბიჭებს მოძებნიანო“, – აცხადებს გიორგი ნანეტაშვილის დედა სესილი ნანეტაშვილი.

დედის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ „27 აპრილს ნატოს ეგიდით შემოსული 5 გემიდან ერთ-ერთს მაინც ექნებოდა შესაბამისი აღჭურვილობა“, რის შესახებაც მას თავდაცვის სამინისტროში უთხრეს. მისი თქმით, სამინისტროში ჰპირდებოდნენ კიდეც, რომ მას სამძებრო სამუშაოებს დაასწრებდნენ. „როცა შემოდის [გემი] და ვიგებ, ყოველთვის ვაწუხებ. მეუბნებიან, აუცილებლად მოვძებნითო. ბოლოს რომ იყო შემოსული უნდა დავსწრებოდი – 27-ში. დავურეკე – კი იყვნენ გემები, 5 დღით შემოვიდნენ, მაგრამ შეზღუდული ვადით იყვნენ და ისევ უნდა გასულიყვნენ. მოძებნა მოხდა, მაგრამ უშედეგოდო. მე არ ვიცი, მოძებნეს თუ არა, მე არ დამინახია. მაგათი ინფორმაცია ასეთია, რომ მოძებნეს და დამთავრდა“.

სესილი ნანიტაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში ახლახანს შეხვდა მინისტრის მოადგილეს: „ახლაც ვიყავი თავდაცვის სამინისტროში მინისტრს პირველ მოადგილესთან ლელასთან [ჩიქოვანი]. მინისტრი აღარ მხვდება. ლელამ საზღვაო პოლიციაში გამიშვა. წყლის ქვეშ არიან მიწის ფენაში მოქცეული – აი ეგრე განმიმარტეს იქ. იქ არის ისეთი რელიეფი, რომ მათი მოძებნა ჩვენი აღჭურვილობით შეუძლებელია; ამ ძებნას ისეთი გემი შეძლებს, რომელიც ნაღმებს ეძებს, მაგრამ როდის შემოვა ეს გემი არ ვიცითო. შემოვა თუ არა ოდესმე დანამდვილებით ესეც არ იციან. თანაც მეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ გემი სპეციალურად მოვიწვიოთ და მოძებნოს. დიდძალი თანხები უნდა. ჩემ შვილს ჟანგბადის რკინის ბალიშები ჰქონდათ აკიდებული და ამით უნდა იპოვონ“.

ქალი ამბობს, რომ წვრთნის დაწყებისას სახელმწიფო უწყებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და სწორედ ამის მიზეზით დაიღუპა მისი შვილი: „მე ყველაფერზე თვალი დავხუჭე – ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ერთი კატერში 9 ბიჭი იჯდა. დამხმარე კატერი არ ჰყავდათ – მიეშველებოდა პრობლემები რომ შექმნოდათ. ლევან შავიშვილს, როგორც წვრთნის უფროსს, ევალებოდა ჩასულიყო იქ, როცა პრობლემები შეიქმნა, მაგრამ არ ჩავიდა – არც ლასტი ჰქონდა და არც ჟანგბადი.

შეიარაღებულ ძალებში ყველას აქვს თავისი კოდი.  ბიჭები წყალში ისე ჩაუშვეს, რომ კოდები არ ჰქონდათ, არ ჰქონდათ სრული აღჭურვილობა, არ ჰყავდათ ჩამყოლები. არ ჰქონდათ ის ადგილი შესწავლილი, სადაც ბიჭები ჩასვეს. ძალიან ბევრი დარღვევა აქვთ“.

სესილი ნანტიაშვილის ინფორმაციით, მისი შვილის და იაგო შა­რა­ძის დაღუპვის ფაქტზე ორი პირი გაასამართლეს  – „თემურ ძიგუა მაგის ხელმძღვანელი და სწავლების უფროსი ლევან შავიშვილი. მათ ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი გულგრილობა და ჯარიმით გამოუშვეს. მე კი არ მოვითხოვ, რომ ისინი დააპატიმრონ, მაგრამ ხომ შეუძლიათ, რომ დამეხმარნონ და ვიპოვო ჩემი შვილი“.

სესილი ნანეტაშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად ითხოვს, მოიწვიონ რომელიმე ქვეყნიდან – ნორვეგიიდან, ამერიკიდან… შესაბამისი აღჭურვილობის გემი და მისი შვილის ძებნა გააგრძელონ, რომელსაც თავადაც დაესწრება: „ჩაუშვეს ბიჭები მოუწესრიგებლად, არაფერი მწყობრში არ ჰქონდათ. უპატრონოდ ჩაუშვეს, ჩატოვეს და გამოიქცნენ. მომიძებნონ ჩემი შვილი. არ ვიცი, როგორ, რა სახსრებით, არ ვიცი“.

სესილი ნანეტაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი და იაგო შარაძე სახელმწიფო თურქული გემით 9 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძება 2016 წელს.

„სამძებრო გემს ახლდა ჩემი მეუღლეც, რამდენიმე წუთით. მონიტორზე აჩვენეს დაბლა ფსკერზე რა ხდებოდა. კენჭები დავინახეთო. ძირთადად მეტალს ეძებდნენ. თურქეთის გემი 3 დღით იყო შემოსული, მაგრამ გაახანგრძლივეს და მთლიანობაში 8-9 დღე ეძებდნენ.

თურქულ გემს ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობა, წყალში ჩასასვლელი ესკალატორი. ეს არ გამოიყენეს, მითხრეს მინიშნება ვერ ვნახეთ, რომ იქ რკინა იყოო. კომპიუტერმა რომ ვერ იპოვა მეტალი, მორჩა ვერ ვიპოვეთო“.

მთავარი ფოტო: ზღვაში გაუჩინარებული გიორგი ნანეტაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: