სიახლეები

Asea Sool ახალი ეტაპისთვის ემზადება

13.10.2015 • 2986
Asea Sool  ახალი ეტაპისთვის ემზადება

ათინა/ფოტო: ლელა დუმბაძე

ათინა, რა იყო უკრაინაში წასვლის მიზეზი და სად უფრო რთულია წარმატების მოპოვება უცხოეთში თუ საკუთარ ქვეყანაში?

უკრაინაში წასვლამდე ბექა ბათუმშიც უკრავდა და თბილისშიც, მაგრამ მაინც გადაწყვიტა წასულიყო. ეს ისე ძალიან უნდოდა, თითქოს სამყაროც მის დასახმარებლად განეწყო. უკრაინაში არავის იცნობდა, „ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი ჩვენი ნათესავია, მან გაიხსენა, რომ ლვოვში ერთი მეგობარი მუსიკოსი ჰყავდა და მას სთხოვა ბექას დახმარებოდა. საშა იმ დროს ინდოეთში იყო, შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და აქედან აპირებდა უკრაინაში წასვლას. ბექას უთხრა, იმავე დღეს აეღო მასაც ბილეთი და ერთად გაფრინდებოდნენ. აფრენამდე ბექა მწერდა, არავინ ჩანს, ნეტა სად მივდივარო. მოგვიანებით რამდენიმე პირი შემოვიდა თვითმფრინავში და ერთი ბექას გვერდით დაჯდა, ისიც იმაზე ფიქრობდა თურმე, ბექა როგორ ვიპოვო, რა დავიძახო, ბექა, საქართველო თუ, „ინსაითი“. ბოლოს დაუძახია „ბექა“ და ასე აღმოუჩენიათ, რომ გვერდიგვერდ მსხდარან.

როცა ჩაფრინდნენ, აღმოჩნდა, რომ საშას და მის მეგობრებს ლვოვის ბილეთები ჰქონდათ, ბექას – არა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მაგრამ გასვლამდე რამდენიმე წუთის წინ ერთმა ქალმა დააბრუნა ბილეთი და ასე შეძლო ბექამ მათთან ერთად წასვლა, თანაც ამ ბიჭების კუპეში მოხვდა.

რა გზა გაიარა წარმატებამდე და როდის მიიღო უკრაინელმა მსმენელმა?

ბექას არასდროს აკმაყოფილებს ის, რასაც აკეთებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დღეს რაღაცას მივაღწიეთ. მაშინ მე თბილისში ვსწავლობდი, ასე აქტიურად არ ვიყავი ჩართული და ბექას ამიტომ მოუხდა მარტო წასვლა. იქ საკმაოდ ცნობილ ჯგუფში უკრავდა და ასე, ნელ-ნელა გაიცნო მსმენელმა. მე მითხრეს, რომ სწავლა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა, მაგრამ სწავლას პრაქტიკა ვარჩიე. პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და კონსერვატორია ალბათ ჩარჩოში ჩამსვამდა. მთელი ცხოვრება ვცდილობ გავთავისუფლდე ჩარჩოებისგან, ყოველთვის მაქვს შინაგანი ბრძოლები. სიმღერაშიც ასეა, არ უნდა შეზღუდო თავი. არც ახლა ვფიქრობ, რომ უკვე შემდგარი მომღერალი ვარ, ყოველი გამოსვლა, ყოველი ახალი ნაბიჯი ჩემთვის სწავლაა.

 რატომ ფიქრობ, რომ კონსერვატორია შეგზღუდავდა?

მგონია, რომ კონსერვატორია ხელს არ უწყობს იმპროვიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაში. იმ სტუდიაში, სადაც ვსწავლობდი, ჯაზური მიმართულებები იყო, იქ სწავლობდა ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე და ბევრი სხვა მომღერალი, მაგრამ ეგ სტუდიაც შემდეგ კონსერვატორიას შეუერთდა. მე გადავწყვიტე, რომ ჯგუფში მემღერა და ასე მეზრუნა განვითარებაზე.

 


 

როდის დაიბადა Asea Sool -ი და რომელ ეტაპზე შეძლო მან წარმატების მოპოვება?

უკრაინაში ბექას მეგობართან, გიორგი სამსონიასთან ერთად წავედი. ისიც მუსიკოსია და კარგ კომპოზიციებს ქმნიდა. იმ პერიოდში კარგად იცნობდნენ ბექასაც, Bეკ ბეკსონ-ის სახელით გამოდიოდა, ამიტომ ჯერ ამ სახელით გამოვდიოდით. ჩვენი ჩასვლის შემდეგ ბექამ, მე და გიორგიმ ტრიო გავაკეთეთ, რადგან ბექა თვითონ ქმნის კომპოზიციებს, გვქონდა პოტენცია ცალკე მუშაობის. ცოტა ხნის შემდეგ ლევან თხილაიშვილი შემოგვიერთდა და სწორედ მაშინ დავარქვით ჯგუფს ახალი სახელი – Asea Sool. ლევანს ამერიკელი გიტარისტი ჰყავდა ნიუ-იორკიდან და ესეც ერთგვარ ეგზოტიკას მატებდა ჯგუფს. ქართულ-ამერიკული პროექტი – ასე გამოვდიოდით ხოლმე და ეს კარგად ხვდებოდა ყურს. დავდიოდით ქალაქიდან ქალაქში ბოშებივით და ნელ-ნელა, ნერვების, შრომისა და ძალისხმების შემდეგ, პირველი წარმატებაც მოვიდა.

 

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია პროდიუსერის გარეშე. თქვენთან მუშაობდა ვინმე?

უკრაინაში ჩვენი ბოლო გაჩერება ოდესა იყო. იქ ერთ კლუბში ვუკრავდით. მის მფლობელს ძალიან მოეწონა ჩვენი London Live და კლიპის გადაღება შემოგვთავაზა. ჩაგვაწერინა ალბომი და მანვე გაგვაცნო რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომელმაც ამ კლიპზე იმუშავა. ამ სიმღერაზე კლიპი ბათუმში გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ახალი ვერსია შეიქმნა. შემდეგ ბექამ დაწერა კომპოზიცია ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის, ამას მოჰყვა ის, რომ მიგვიწვიეს ოდესის კინოფესტივალზე და ასე გაიხსნა ჩვენთვის გზა წითელ ხალიჩაზე.

სეთ წარმატებას ახალი შემოთავაზებები მოჰყვება ხოლმე, თუ იყო ახალი წინადადებები და ვისგან?

ბათუმის კინოფესტივალზე გამოსვლის შემდეგ ჩვენი ჯგუფით ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორები დაინტერესდნენ და 2011 წელს გერმანიაშიც დავუკარით კინოფესტივალზე. ვილნიუსში, ლიტვაში ტარდება მაგარი ფესტივალი, სადაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჯგუფად გვაღიარეს. ჩვენ პირველი ქართველები ვართ, ვინც ურგანტის შოუში დაუკრა. რუსეთში რომ ჩავედით, აეროპორტიდან პირდაპირ „ოსტანკინოში“ მიგვიწვიეს. ასე რომ, ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ახალ წარმატებებს ნელ-ნელა ვიმკით.

ათინა და ბექა

 

ათინა, Asea Sool-ი რამდენიმე თვეა ბათუმშია და თქვენ და ბექა ორ ღამის კლუბში უკრავთ. უკვე მოვისმინე აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჯგუფის იმიჯზე ცუდად აისახება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, რატომ გადაწყვიტეთ აქ დარჩენა?

კი, არიან ადამიანები, ვინც ასე ფიქრობენ. რადგან ბათუმში დავბრუნდით, ესე იგი ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. პირიქით, ახლა შემიძლია მოვდუნდე, ვიყო სახლში და დაველოდო წინადადებებს. აქამდე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩვენ გავაკეთეთ იმდენი, რომ ამის უფლება გვაქვს.

 

 როგორ ფიქრობთ, წარმატებული მუსიკოსისთვის კლუბში დაკვრა ცუდი ტონია?

არ ვფიქრობ ასე. ვერ ვხედავ იმაში პრობლემას, თუ ფესტივალზე დაკვრის შემდეგ სახლში დავბრუნდები და კლუბში დავუკრავ. მე იმას ვუკრავ, რაც მომწონს და რასაც ვქმნი. მთავარია, ეს ყოველდღიურობაში არ გადაიზარდოს და დაგრჩეს დრო განვითარებისთვის. ჩვენ კვირაში მხოლოდ ორი დღე ვუკრავთ კლუბში Lizarran და Munich  საღამოს 9-იდან 12-საათამდე, ასე, რომ საკუთარ თავთან მუშაობის დრო გვრჩება. ჩვენ, ფაქტობრივად, იმ ნაბიჯების გავლა გვიწევს საქართველოში, რაც უკრაინაში გავიარეთ. საქართველოში ჩვენ  ხელმეორედ  უნდა მიგვიღოს მსმენელმა.

 

ბათუმში თუ შემოგთავაზეს პროექტ „ჰიტ ბათუმში“ მონაწილეობა?

იყო ამაზე საუბარი მერიისგან, მაგრამ შემდეგ გაჩუმდნენ. ვფიქრობ, მერიაში თვითონაც არ იციან, რა უნდათ. არის ისეთი მომენტიც, როცა ყველა ამბობს, რომ მოსწონს შენი მუსიკა, ყველა ბედნიერია, მაგრამ სიტუაცია მაინც გაჭედილია, რაღაც არ მიდის წინ. თუმცა მე არ ვწუწუნებ და ვიცი, რომ ჩვენი დრო აუცილებლად დადგება.

 

არის ვინმე, ვინც თქვენი ჯგუფის მარკეტინგზე მუშაობს, ან ალბომების გაყიდვას თუ ახერხებთ?

ევროპაში არის ერთი ქალი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი შემოთავაზებები. რაც შეეხება ალბომებს, ბევრი არ გვაქვს, მეგობარს აქვს შარდენზე სუვერინების მაღაზია და იქ გაიყიდა რამდენიმე ალბომი, უცხოელები დაინტერესდნენ.

 

 

უახლოესი გეგმები რა გაქვთ საქართველოში?

ოქტომბერში ვაპირებთ თბილისში წავლას და ერთ-ერთი კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები არ მიყვარს და არც არასდროს მიმართლებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: