მთავარი,სიახლეები

500 პოლიციელი და ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად

19.06.2019
500 პოლიციელი და ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, დაცვის პოლიციას 544 366 ლარს გადაუხდის.

მომსახურებაში შედის ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების [კონფიდენციალური დოკუმენტაციის] შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ცეცხლსასროლი იარაღით.

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში [30 დღე], 2019 წლის 25 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შეფასების ცენტრში გაგზავნილი წერილის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, 24 საათის განმავლობაში, დაცვის მომსახურების მიზნით მობილიზებული იქნება 500 თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან სატრანსპორტო საშუალებებით, საწვავით, ცეცხლსასროლი იარაღით, საკვებით და სასმელი წყლით.

დეპარტამენტის „მინიმალური ხარჯთაღრიცხვის“ მიხედვით, მომსახურების თანხა, საერთო ჯამში 544 366 ლარი, შემდეგნაირად გადანაწილდება:

[checklist]

  • თანამშრომელთა ხელფასი – 200 000 ლარი [ანუ, ერთ პოლიციელზე 400 ლარი];
  • 500 თანამშრომლის კვებით მომსახურება – დღეში 10 ლარი, 30 დღის განმავლობაში 150 000 ლარი;
  • საწვავის ხარჯი – თანამშრომლიების ობიექტზე მიყვანა, კვების ტრანსპორტირება, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება – სავარაუდოდ 21 450 ლარი;
  • მივლინების ხარჯები – 6 000 ლარი;
  • მოგება – 37 745 ლარი;
  • გადასახდელები [დღგ, ბიუჯეტი 10%] – 129 171 ლარი;

[/checklist]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. შესაბამისად, მომსახურების თანხას ცენტრი დეპარტამენტს ექსკლუზიურად, ტენდერის გარეშე გადაუხდის.

ამავე თემაზე:

naec-მა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა

_____________

ფოტოზე: ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: