„ბათუმელების“ ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ცენტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.
დიმიტრი ჯამბურია გამოცდების ცენტრის დიდი ხნის თანამშრომელია. ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად ისიც გაუშვეს სამსახურიდან.
დიმიტრი ჯამბურია ამბობს, რომ რეალურად რეორგანიზაცია იმ თანამშრომლებს შეეხო, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობენ.
„სხვადასხვა განყოფილებაში შტატები შეამცირეს, იურიდიული განყოფილება საერთოდ გააუქმეს. მე გამოცდების ორგანიზებაში ვმუშაობდი 20 წელზე მეტია, პირადად ჩემ გათავისუფლებას საპროტესტო აქციებზე სიარულს ვუკავშირებ და მოლოდინი მქონდა, რომ აქამდეც უნდა გავეშვით.
ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს. ყველა კარგად მუშაობდა, ყველა პროფესიონალია“- ამბობს დიმიტრი ჯამბურია.
მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად დაზარალდება, რადგან სისტემიდან გამოცდილი, კვალიფიციური თანამშრომლები გაათავისუფლეს.
„დასჯა უნდოდათ ამ ხალხის, ვინც აქტიური იყო“ – გვითხრა მან.
„ბათუმელები“ ესაუბრა გიორგი რატიანსაც, რომელიც ასევე მოყვა რეორგანიზაციაში. ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2012 წლიდან მუშაობს.
„ჩემი სამსახური მოყვა შემცირებაში და მთლიანად გაუქმდა. კვლევის ჯგუფი იყო ასეთი და რადგან გაუქმდა ეს სამსახური, ჩემი პოზიციაც გაუქმდა. არ ვიცი რას უკავშირდება ეს რეორგანიზაცია, ვერ გეტყვით“ – გვითხრა გიორგი რატიანმა.
„ბათუმელები“ ესაუბრა კიდევ ერთ თანამშრომელს ნადიკო თავაძეს, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა და არ უპასუხა კითხვას, რჩება თუ გაუშვეს სამსახურიდან.
ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი ხათუნა მხეიძეც ასევე გვიდასტურებს რეორგანიზაციის პროცესს, თუმცა ამბობს, რომ მან სამსახური შეინარჩუნა და არც ამ პროცესის მიმართ გამოუხატავს უკმაყოფილება.
„მე ვრჩები. რეორგანიზაცია უკვე გამოცხადებული იყო და დასრულდა ნოემბრის ბოლოს, რეორგანიზაცია ყველა ცენტრს სჭირდება“ – ამბობს ხათუნა მხეიძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ჰკითხა, თუ რა მიზეზით ათავისუფლებენ დასაქმებულ პირებს სამსახურიდან.
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მხოლოდ ეს მოგვწერეს: „ცენტრში 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეა, დასრულდება დეკემბრის ბოლოს“. ცენტრში არ უპასუხეს კითხვას, კონკრეტულად რამდენი ადამიანი მოყვა ამ დროისთვის შემცირებაში.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე გათავისუფლებებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია გამოეხმაურა ფეისბუქზე.
მისი აზრით, ცენტრიდან ადამიანების გათავისუფლება „ოცნების“ მორიგ რეპრესიებს უკავშირდება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ.
„ამ ცენტრის საქმიანობა უამრავჯერ გამიკრიტიკებია ძირითადად იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში მიღების არსებული სისტემა ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას განათლების სისტემაში. ვაკრიტიკებდი იმიტომ, რომ სასკოლო განათლება ზედმეტად კონცენტრირებული გახდა გამოცდების დაძლევაზე და შესაბამისად რეპეტიტორობა ძლიერდება.
მაგრამ, შეუძლებელია არ დააფასო ის, რომ ამ ხალხმა შექმნა სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია განათლების სისტემაში, შემოიტანა ქვეყანაში ახალი ცოდნა ტესტების შექმნის, გამოცდების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით. ამ ხალხის წყალობით მეტი ვიცით მასწავლებლების და სკოლის დირექტორების კომპეტენციების შესახებ. ამ ადამიანების შრომის და ბრძოლის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტესტირებები მინიმალურად ექვემდებარებოდა პარტიულ კონიუნქტურას.
ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს – ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს.
სოლიდარობა უსინდისო რეჟიმის მიერ რეპრესირებულ პროფესიონალებს! ეს სიგიჟე უნდა დამთავრდეს!“ – წერს სიმონ ჯანაშია და ასევე 28 ნოემბერს, თსუ-სთან საპროტესტო აქციას აანონსებს – „მარშით გავაპროტესტოთ არაადამიანური რეჟიმი“.






