მთავარი,სიახლეები

600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის

10.06.2019
600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I და II კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით „გამოყენებული უნდა იქნას გალვანიზირებული ქარზნულად შეღებილი ლურჯი ფერის პროფნასტილის და ბრტყელი ფურცლები“.

ნინოშვილის ქუჩა №35-ში მდებარე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე [სავარაუდოდ, 2019 წლის პირველი აგვისტოდან].  სამუშაოების შესრულების ვადაა მათი დაწყებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სახურავების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 300 ათასი ლარის ოდენობით.

სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადაა შვიდი წელი; სახურავის ბურულზე – 15 წელი. საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ბსუ-ს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება ან შეცვლა. საგარანტიო ვადების ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის/ნაკლის არაჯეროვნად და არადროულად აღმოფხვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მიმწოდებელს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება.

ბსუ-ს კორპუსები იმ ესკიზის მიხედვით უნდა დაიხუროს, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას.

ბსუ-ს სახურავის რეაბილიტაცია – არსებული სიტუაცია და რეაბილიტირებული სახურავი [ფოტომონტაჟი] / წყარო: ესკიზი სატენდერო დოკუმენტაციიდან

მთავარი ფოტო: ბსუ-ს პირველი კორპუსი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: