მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – წინაპრები, რომლებიც არასდროს უნახავთ და რომელთა ბედსაც დღემდე მტკივნეულად განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტალინურ რეპრესიებს თითქმის ერთი საუკუნე გვაშორებს, ოჯახებს სისხლიანი ტერორის დროს განცდილი დღემდე ახსოვთ.
ნუგზარ მგელაძე 47 წლისაა. მისი ბაბუა, მევლუდ მგელაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს.
„მამაჩემისგან ვიცი, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. არავითარი ინფორმაცია, სად წაიყვანეს და როგორ წაიყვანეს არ უცნობებიათ. წაიყვანეს და დასრულდა. მამაჩემი იმ დროს ბავშვი იყო, მამის სახეც კი არ ახსოვდა.
ბაბუაჩემი უბრალო გლეხი იყო, კოლმეურნეობის წევრი. მოხელე კაცი ყოფილა, უსტას ეძახდნენ, ხის სახლებს აშენებდა. 72 სახლი აქვს აშენებული აჭარაში. სახელმწიფო სამსახურში არ ყოფილა და არც არაფერი დაუშავებია.
ბაბუა რომ წაიყვანეს, მამაჩემი პატარა დარჩა. იმის გამო, რომ მამა არ ჰყავდა, ვერ გააგრძელა სწავლა და დაწყებითი კლასიდან გამოვიდა.
მას მერე ბაბუაჩემის ოჯახი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას. სულ წვალებაში იყვნენ, შვილები და მთელი მისი შთამომავლობა სამშობლოს მოღალატეებად ჰყავდათ გამოყვანილი. მავნებლისა და ხალხის მტრის სტატუსი ყოველთვის უშლიდათ ხელს ყველა საქმეში.
როგორც მაშინ ამბობდნენ უნგრეთის კონტრრევოლუციის [1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება უნგრეთში – ავტ.] მონაწილე იყო მამაჩემი. უნგრეთში ყოფნისას წერილი დაუწერია – „თუ მამაჩემი სამშობლოს მტერი იყო, მე მის შვილს წითელ არმიაში რა მინდაო“. მეორე დღესვე დაუკავებიათ. იხსენებდა: „პაგონები ამახიეს, მერე ათი დღე მკითხავდნენ – ეს ვინ დაგაწერინა, საიდან დაწერე, რატომ დაწერეო. მათაც გავუმეორე, თუ მტრის შვილი ვარ, რატომ ვმსახურობ წითელ არმიაშიო. დაკითხვების შემდეგ გამოუშვეს.
ამ ამბიდან მალევე სახლში მოგვივიდა რეაბილიტაციის ფურცელი: არაფერი ბრალდება არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს პატიმრობიდანო, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ დაავადებული იყო გულის მანკით, სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და ყაზახეთში გარდაიცვალაო,“ – იხსენებს ნუგზარ მგელაძე.
ნუგზარ მგელაძის თქმით, მამა ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა, რა ბედი ეწია მის მამას, მევლუდ მგელაძეს.
„დღე არ გასულა მთელი ცხოვრების მანძილზე, მამას ბაბუა რომ არ გაეხსენებინა. გარდაცვალებამდე ავად იყო. სოფლიდან ქალაქში არ მოგვყვებოდა, ბათუმში რომ გარდავიცვალო, სოფელში თქვენ აღარ ამომიყვანთო და აქ დედის საფლავი მარტო დამრჩებაო“.
2019 წლის აპრილში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაცხადა, რომ 1937-1938 წლებში დახვრეტილი ადამიანების საფლავები იპოვეს. ამ განცხადებას თან ახლდა სია. ნუგზარ მგელაძემ დახვრეტილთა სიაში ბაბუას სახელი და გვარი იპოვა.
„როდესაც სიები გამოქვეყნდა, მხოლოდ შემდეგ გავიგეთ, რომ აქ, ადგილზე დაუხვრეტიათ. თითქმის ყველა მოლოდინი გადაწურული იყო, რომ ოდესმე რამე გაირკვეოდა მის შესახებ და უცებ ირკვევა, რომ თურმე ყაზახეთში კი არა და აქვე, ბათუმში დაუხვრეტიათ და სადღაც ერთ ორმოში განისვენებს ასობით უდანაშაულო ადამიანი. ენით აღუწერელი ტკივილი გაგვიახლდა,“ – ამბობს ნუგზარ მგელაძე.
ნუგზარ მგელაძეს თავისი წინაპრის ნეშტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს.
„იქნებ იყოს შესაძლებელი საერთო სასაფლაოს გაკეთება. იყოს მემორიალური დაფა და ვიცოდეთ, რომ ჩვენი წინაპარი აი, აქ განისვენებს“.
თამაზ ხოზრევანიძეც რეპრესირებულთა შთამომავალია. ბაბუამისი, ტაშტან ხოზრევანიძე, სოფელ დანისპარაულში 1937 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს.
„ბაბუაჩემი გლეხი კაცი იყო. სტუმართმოყვარე, მშრომელი. გადმოცემით ვიცი, გაზაფხულზე, ხვნა-თესვა რომ დაამთავრეს, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. 2019 წლის გაზაფხულამდე უცნობი იყო ჩვენთვის, სად წაიყვანეს, როგორ წაიყვანეს, რატომ წაიყვანეს.
7 შვილი დარჩა ბაბუაჩემს. ხუთი გოგო და ორი ბიჭი. ერთ-ერთი შშმ პირი იყო. რომ დაუჭერიათ ბაბუა, ყოველდღე ტიროდა თურმე ეს გოგო. ისე იყვნენ დაშინებული, იმ დღეების და წლების გახსენებაც არ უნდოდა მამას.
გადმოცემით ვიცი, სანამ დაიჭერდნენ, ოთხჯერ მიანიშნეს თურმე ბაბუაჩემს წადი თურქეთშიო. ბაბუაჩემს უარი უთქვამს, – მე კი ვიცი რატომ მიშვებთ, მაგრამ არ ვარ იქ წამსვლელიო. შვილები მყავს აქეთ და ამიწიოკებენ ოჯახსო. კერძო მეურნეობა ჰქონდა. 1882 წელს იყო დაბადებული. 1937 წელს დახვრიტეს 54 წლის ასაკში. არაფრის გულისთვის. მავნებელიო – ასე უწოდებდნენ მაშინ ხალხს, ვისაც ხვრეტდნენ.
მამა და ბიძა ისე იყვნენ დაშინებულები, იმ ამბის გახსენებაც არ უნდოდათ. მე კიდევ დღემდე მაწუხებს კითხვები, რატომ წაიყვანეს? ვინ წაიყვანა? სად წაიყვანეს? როცა გავიგე, რომ ნეშტები იპოვეს, ცრემლები წამომივიდა. არაფრის გულისთვის დახვრიტეს და ეგაა გულდასაწყვეტი. ფოტოც კი არ შემოგვრჩა ბაბუას,“ – იხსენებს თამაზ ხოზრევანიძე.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/578166125923412/UzpfSTE5ODg0MTE4MDMxNTYxNzoxMDc1MzAxODY5MzM2MjA2/
მთავარი ფოტო: კედელი, რომელიც ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილ სამარხებს აკრავს
————————————————————-
ამავე თემაზე:
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან