დღეს მუსლიმური სამყარო მარხვის დასასრულის დღესასწაულს – რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში სადღესასწაულო ლოცვები ორ ადგილას – ორთაჯამესა და ბათუმის ახალ მეჩეთში ერთდროულად დაიწყო.
იმის გამო, რომ მუსლიმებს დღემდე არ მიუღიათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა, მლოცველთა დიდ ნაწილს გარეთ, ღია ცის ქვეშ მოუწია ლოცვა.
ბათუმის ახალ მეჩეთში სადღესასწაულო ქადაგებას მეჩეთის წინამძღვარი იმამი თამაზ მგელაძე წაუძღვა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის თქმით, დღეს რამადანის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში 4 ათასზე მეტმა ადამიანმა შეასრულა.
“ბათუმის ახალი მეჩეთი არ არის მხოლოდ მეჩეთი. ეს არის ზოგადად მუსლიმების კონსოლიდაციის, მუსლიმების ბრძოლისუნარიანობის შემძენი ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ მუსლიმი თემი გათვიცნობიერდა, თუ როგორ უნდა იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის დემოკრატიული გზებით და კანონის ფარგლებში. ეს არის მაგალითი და გამოცდილებაც ამასთანავე. არის გამოთქმა, “ზოგი ჭირი მარგებელია” – ყველა ცუდში რაღაც სიკეთე შეიძლება იყოს. იმ უარში, რომელიც ბათუმის მერიამ გასცა 2017 წელს, ის სიკეთეა, რომ მუსლიმმა თემმა ისწავლა ბრძოლა, ისწავლა ერთიანობა და ისწავლა იმ ღირებულებებზე აქცენტები, რომელიც არამარტო საკუთარი სულიერებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რომ სწორად და მართებულად მიუდგნენ მუსლიმ თემს და, შესაბამისად, შეაფასონ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, არ აქვს დღეს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკური ხედვა, რომელიც, ზოგადად, რელიგიური უმცირესობების მიმართ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბათუმში წლების განმავლობაში ვერ ხერხდება სამართლებრივად სწორი ფორმებით აშენდეს ახალი მეჩეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს და არამარტო მუსლიმებისთვის, არამედ ეს იქნება, ზოგადად, საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის მაგალითი, პრეცედენტი იმის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად საკულტო ნაგებობების მშენებლობა,” – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.
ღია ცის ქვეშ ილოცა ორთაჯამეში მისული მუსლიმების ნაწილმაც. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევდა. ძველ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღავლინა. მუსლიმებს რამადანი მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა. ისინი ძველ მეჩეთში მივიდნენ.
რამადან ბაირამი მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაულია. მუსლიმები ერთი თვის განმავლობაში მარხულობენ – დილიდან საღამომდე (მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე) არ იღებენ საკვებს და წყალს. ბაირამისთვის აჭარაში აკეთებენ ჰალვას, ამ დღეს ასევე გასცემენ ფითრის ფულს, რომელიც ღარიბებს ურიგდება.