მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ყველა პერსონაჟი ნამდვილია

04.04.2019 • 6441
ყველა პერსონაჟი ნამდვილია

ავტორი: ცირა ჯგერენაია 

ბავშვობიდან  ვამბობდი, რომ ქორწილი არ მექნებოდა.  რომ გავიზარდე, ამაზე ხმამაღლა საუბარი შევწყვიტე. არ მინდოდა ეკითხათ რატომ? მიზეზებზე არასოდეს მიფიქრია. ისე, ზედაპირულად  მეგონა, რომ   ცერემონიალურობა და  სიყალბე არ მომწონდა. მერე ფულის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, მერე… დავფიქრდი.

მოგონება N1.  ლეილა

მე 4-ის ვარ, ჩემი და 5-ის. გვითხრეს, რომ ჩვენმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეზობელ სახლში თეთრ კაბაში გამოწყობილი ოქროსთმიანი პრინცესა გვეგულებოდა. პატარძალი ჩვენს წარმოდგენაში ასეთი იყო. მეზობელთან არ გვიშვებდნენ. წესები მკაცრი იყო. იქ სტუმრები ჰყავდათ და ჩვენებს არ უნდოდათ ვინმეს ფეხებში მოვდებოდით. ბევრი ვიწუწუნეთ. ბოლოს უფროსებს თავი მოვაბეზრეთ და გაგვიშვეს.

ჩვენ პირობა დავდეთ, რომ პატარძალს მხოლოდ შევხედავდით და მაშინვე უკან წამოვიდოდით. წავედით. მეზობლის სახლის პირველი სართულის  ფანჯრებს ძლივს მივწვდით და შიგნით შევიხედეთ. იქ  პრინცესას მაგივრად  ჩვენთვის ბებერი, ისე კი 35 წლამდე შავგვრემანი, მოკლეთმიანი ქალი დავინახეთ, მწვანე ზედა ეცვა. გულგატეხილები დავბრუნდით უკან, პატარძალი არ მოგვეწონა. ის არ იყო, რაც წარმოგვედგინა.

მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ ლეილა მახსოვს, მთელი ბავშვობა ვხედავდი მას ან მესმოდა მისი ამბები. იმ საბედისწერო ღამეს იმ ოჯახის წევრებსაც გაუცრუვდათ იმედები, სადაც ქმარმა მიიყვანა. ისინიც სხვანაირს ელოდნენ. მახსოვს, ერთხელ დედაჩემს სთხოვა, მისი აკვანში ჩაკრული ბავშვი დაეტოვებინა, სანამ თვითონ  პოლიციას მოიყვანდა, რადგან ეს-ესაა მისი დედამთილი ბავშვს მეორე სართულის აივნიდან უპირებდა გადაგდებას. ჩვენ ხშირად ვთამაშობდით მათი სახლის ახლოს გადაყრილი, მორიგი ჩხუბისას დამტვრეული ჭურჭლის ნამსხვრევებით.  ვაკითხავდით მე და ჩემი და იმ ერთ ოთახში, რომელიც დიდი სახლიდან გამოუყვეს და სადაც იატაკზე ელაგა თეფშები და ჭიქები, რადგან კარადა არ მისცეს. ლეილაზე მოგონებები ბევრია, მაგრამ ყველა მძიმე. მარტომ გაზარდა თავისი გოგო, რომლისთვისაც მამას ერთი თეთრი არ გადაუხდია იმ ალიმენტიდან,  სასამართლომ  50 ლარის სახით რომ დააკისრა.

მოგონება N2. ხათუნა

5 ან 6 წლის ვარ. მითხრეს, რომ ჩემმა მაღალმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, ისიც მაღალი გოგოაო ამბობდნენ, 16 წლის. ხათუნა ქორწილში ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. გრძელი გაშლილი ოქროსფერი თმით. მთელი ბავშვობა მახსოვს ეს თმა. იმ ქორწილიდანაც თეთრ კაბაზე დაშვებული გრძელი ოქროსფერი თმები მახსოვს. მერე ბევრჯერ მინახავს ეს თმები, ხან ეზოში ეყარა ბლომად, ხან გზაზე. ქმარი ძალიან მარტივად იხვევდა ხელზე. ისიც მახსოვს, მისი პატარა ბიჭი როგორ ეთამაშებოდა დედის თმებს.  ერთხელ ვნახე, როგორ ცდილობდა ეს 3 წლის ბავშვი დედის დაცვას იმ ჯოხისგან, მისი გაგიჟებული მამა გამეტებით რომ ურტყამდა. მერე წავიდა ხათუნა, პატარა ბიჭი მამამ დაიტოვა და ყველაფერი გააკეთა იმის ჩასაგონებლად, რომ მისი დედა ბოზი და ცუდი ქალი იყო, გამოუვიდა კიდეც. მაგრამ იმ ბიჭის ისტორია სხვა ისტორიაა.

მოგონება N3. ნატო

9 ან 10 წლის ვარ. მამიდამ მითხრა, რომ იმ დიდმა და განიერმა ბიჭმა – ზურიკო რომ ერქვა, ცოლი მოიყვანა, მაგრამ ,,მოყვანა“ ამ ამბავში პირობითად ითქვა. ნატო მოიტაცეს. მას ზურიკო არ უყვარდა და არც მისი ცოლობა უნდოდა.  ყველა ღელავდა.  ათიოდე ბიჭს შეიძლებოდა ციხე დამუქრებოდა. ნატო არავის იკარებდა, მშობლებმაც იმავე დღეს მოაგნეს ზურიკოს ნათესავებთან გადამალულს.. დაღამებამდე.

სიტუაცია საშიში გახდა და ნატო ხელმეორედ გაიტაცეს. სადღაც მთაში გადამალეს. ხმა დააგდეს მოსახდენი მოხდაო.

ნატო მე-6 დღეს ნახეს მშობლებმა, ეხვეწებოდა აქ ნუ დამტოვებთო, მაგრამ მაინც დატოვეს. ცრემლიანი თვალებით უმტკიცებდა ყველას არაფერი მომხდარაო, მაგრამ არავის სჯეროდა.

ქორწილში ძალიან ლამაზი იყო. არამარტო ქორწილში, ისედაც. დიდი სუფრა იყო, ფართოდ გაშლილი თეთრი კაბა ეცვა. არ ვიცი მერე შეუყვარდა თუ არა ქმარი, მაგრამ ახლახან გავიგე, რომ ზურიკო სასჯელს იხდის  და კიდევ დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა. ნეტავ, ბედნიერად ახსენდება ნატოს ის დღე, ის დიდი ქორწილი და დიდი კაბა, მისი მოტაცების კომპენსაციას რომ ჰგავდა?

მოგონება N4. ნანა

14 წლის ვარ. მითხრეს, რომ თაზომ ცოლი მოიყვანა. ნანა არ გამოყოლია თაზოს. იმ ღამეს საერთოდ არც ფიქრობდა გათხოვებაზე. მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აკუმულატორზე მიერთებული ტელევიზორით სერიალს უყურებდა. სახლში შეუვარდნენ. ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა. ხელი სტაცეს და ჭიშკართან მდგარი მანქანისკენ გაათრიეს. მისმა ძმამ თაზოს მეგობარს დანა ჩაარტყა. ყაჩაღი ეგონა.

ნანას არ უნდოდა დარჩენა თაზოს ოჯახში. ეს 20 წლით უფროსი კაცი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი. უთხრეს, რომ თუ პოლიცია ჩაერეოდა საქმეში, მის ძმასაც მოუწევდა პასუხისგება. კიდევ ბევრი რამე უთხრეს და ნანაც დარჩა. ისიც ლამაზი იყო ქორწილში, რომელიც მალე დამთავრდა. უჭირდათ. დიდხანს იხდიდნენ ქორწილიდან შემორჩენილ ვალებს.

ერთხელ ვნახე, ზამთარში სუსტი ხელებით როგორ ჩეხავდა შეშას. სხვა დროსაც ვნახე, მაგრამ ძლივს ვიცანი. ახლა იტალიაშია ნანა, იქედან არჩენს 4 არასრულწლოვან შვილს და ასაკით ბევრად უფროს, ავადმყოფ ქმარს.

მოგონება N 5. მზია

მზიას ქორწილში სიძის მხრიდან ვიყავი. ხელს აწერდნენ. ცერემონია მიმდინარეობდა.

„გსურთ, ფიცი მისცეთ პატარძალს თქვენი ახლობლებისა და მეგობრების წინაშე?“- კითხულობს  ქალი, – „გაქვთ ფიცის სიტყვა?“

გიგა თავიდან იბნევა, მაგრამ ცოტა ხნით, სწრაფად კოცნის პატარძალს ტუჩებში, რაზეც ყველას ეცინება და უხერხულობაც იფარცხება. მოხერხებული ბიჭია. ცოლიც იმიტომ მოჰყავს, რომ ჯარში არ უნდა წასვლა. ნეტავ იცის ეს ამბავი მზიამ? გულში ვფიქრობ და პატარძალს ვუყურებ. ასე შორიდან არაფერი ეტყობა, ლამაზი და ბედნიერი ჩანს. მზია მაშინ 26 წლის იყო და ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი იგავები გაუთხოვარი ქალის ბედზე. ახლა მზია და გიგა ესპანეთში არიან, გიგას კაზინოში სიარული უყვარს და მისი დაგროვილი ვალების გასტუმრებას  ცდილობენ…

მოგონება N6. თეა…

მოგონება N7. ინგა...

მოგონება კიდევ ბევრია, რამდენიც გინდა… ყველას უბრალოდ ვერ ჩამოწერ…

ვამბობს სიტყვა ,,ქორწილს“ და თვალწინ მიდგება:

პატარძლის ხელზე ასხმულ ბეჭდებზე აფრიალებული ფასები; დაქირავებული თამადა, რომელსაც ფურცელზე აქვს ჩამოწერილი სადღეგრძელებლად გამზადებული ახლობლების და ნათესაობის სახელ-გვარები; ყველას საჩვენებლად გამოფენილი მზითვად მოტანილი საბნები და ლეიბები.

როცა თეთრ, ფართოდ გაშლილ კაბას ვხედავ, ყველა მოგონება ერთად ცოცხლდება და ნაცვლად იმისა ვიღიმოდე, იმაზე ვფიქრობ, რა დგას ამ კაბების მიღმა? რამდენი ქალისთვის იყო და არის ეს დღე სინამდვილეში მათი არჩევანი?  არის კი ეს კაბების ასეთი უცოდველად, თეთრი და სპეტაკი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს? იქნებ ცრემლი ისე გამჭვირვალეა, რომ არც ეტყობა ამ ლამაზ კაბებს? არც სხვების საკეთილდღეოდ მიჩქმალული საკუთარი ნება ეტყობა სადმე.  მაინც რისთვის მოიგონეს ეს ცერემონიები? შეიძლება უნდოდათ სათანადოდ  გაეფორმებინათ დღე, რომელსაც უნდა გადაეფარა სხვა ყველა მძიმე მოგონება, მანამდე არსებულიც და შემდგომიც. ერთგვარი კომპენსაცია.

და არის კიდევ ერთი

ყველა ამ ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ მაინც მსგავსი ამბის  უცვლელი პერსონაჟი. მამაკაცი სუფრის (უმეტესად ქორწილის სუფრის) თავში (ან სადმე იქვე) ყანწით (ან ნებისმიერი ნივთით, რომელშიც რაიმე ფორმით შეიძლება ღვინის ჩასხმა) ხელში, რომელიც მაღალფარდოვნად ამბობს მანდილოსნების სადღეგრძელოს და ძალიან თავმომწონედ ამატებს, რომ აქ საქართველოში  ვის გაუგია ქალებზე ძალადობა, აქ ქალებს აღმერთებენ და  ეთაყვანებიან…

ცირა ჯგერენაია

ავტორის შესახებ: ცირა ჯგერენაია პროფესიით იურისტია. სამართლებრივ დახმარებას  უწევს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: