მთავარი,სიახლეები

ტურისტებმა დაკარგეს უსაფრთხოების შეგრძნება, გააუქმეს ჯავშნები – გიდი ქობულეთიდან

10.07.2021 • 3825
ტურისტებმა დაკარგეს უსაფრთხოების შეგრძნება, გააუქმეს ჯავშნები – გიდი ქობულეთიდან

მინდია ბაჟუნაიშვილი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და გიდად მუშაობს, ფეისბუქზე წერს, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული პროცესების გამო, შვედმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს და ჯავშნები გააუქმეს.

წერილში, რომელსაც გიდმა გამოაქვეყნა, მას ტურისტები წერენ, რომ თვალს ადევნებენ დაძაბულ ვითარებას საქართველოში და ფიქრობენ, რომ მათთვის ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლა სასურველი არ იქნება, რადგან შესაძლოა პრობლემები შეუქმნან მხოლოდ იმის გამო, რომ ვიზუალურად განსხვავებული სტილი აქვთ. წერილში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ისინი თურქეთში გაემგზავრებიან.

როგორც მინდია ბაჟუნაიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, ტურისტები მოლაშქრეები არიან და სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიზნით მოგზაურობენ, ასევე, პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა ტურისტულ ადგილს.

„10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე ამ ჯგუფისგან. 8 ადამიანია ჯგუფში და 14 000 ევროს ღირებულების ტური დაჯავშნეს. უნდა მოენახულებინათ ზემო აჭარა, გომისმთა, სვანეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი და რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე, 4 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში.

ეს ადამიანები არ არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მოლაშქრეები არიან, თუმცა თავიანთი განსხვავებული სტილი აქვთ, პირსინგსაც ატარებენ, საყურესაც და დრედებსაც, ამის გამო რომ ვინმე მათ ქუჩაში დაესხათ, ნამდვილად არ სურთ“ – გვეუბნება მინდია ბაჟუნაიშვილი.

შვედი ტურისტების აზრით, მათი უსაფრთხოება საქართველოში შესაძლოა დაცული არ იყოს. 

მისი თქმით, ჯავშნები სხვა დროსაც შეიძლება გაუქმებულიყო და იყო ამის შემთხვევებიც, მაგალითად აპრილში, როცა კომენდანტის საათის გამო გაუუქმდა ჯავშნები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულის მიუღებლობა არის ხაზგასმული.

„ჩემი პოსტი რომ გადააზიარეს ფეისბუკში, იქაც კი, სხვადასხვა კომენტარებში წერდნენ რომ „რას ჩამოგყავთ გეები და ასე შემდეგ.  პოლონელი ტურისტის ამბავიც გააშუქა ევრონიუსმა და სხვა ევროპულმა მედიებმა და შესაძლოა იფიქრეს, რომ ამ ტურისტის მსგავსად, შესაძლოა, საყურეს ტარების გამო ვიღაც მათაც დასხმოდა თავს“ – ამბობს მინდია.

მისი თქმით, ტურისტებს ზოგადად არ აფერხებთ დემონსტრაციები, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გაჩნდა დაუცველობის განცდა სახელმწიფოს მხრიდან.

„მაგალითად, თურქეთში რამდენიმე ტერაქტი რომ განხორციელდა, მაშინაც კი არ გადამიდია ტური და წავედი თურქეთში, რადგან იქ მქონდა სახელმწიფოსგან დაცვის შეგრძნება, საქართველოს შემთხვევაში კი ეს განცდა ტურისტებს არ აქვთ, ისინი ფიქრობენ, რომ ქუჩაში არ იქნება მათი უსაფრთხოება დაცული.

აქამდე არ გვქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ამ აქციების შემდეგ რა იქნება არ ვიცით“ – ამბობს მინდია ბაჟუნაიშვილი.

მინდიას ფეისბუკის პოსტის ქვეშ გაჩნდა კომენტარები – „ათი ნაბიჯით უკან დავიხიეთ“, „ეკონომიკა მინუსებშია“. მინდიაც მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოს საერთაშორისო იმიჯი  არ გამოსწორდა, პანდემიის შემდეგ შესაძლოა ტურისტული სექტორი სიძულვილის რიტორიკამ სერიოზულად დააზარალოს.

„როდესაც ევროკავშირის დროშას წვავ, ჟურნალისტებს აზიანებ სასტიკად, ტურისტი დაჭრეს… როცა ასეთი ინფორმაცია ჟღერდება, მით უმეტეს აქტიურ ტურისტულ სეზონზე, ამას ვერ გადაფარავ ვერცერთი რეკლამით მოკლე დროში.

უსაფრთხოების შეგრძნება არ უნდა დაკარგოს ადამიანმა ამ ქვეყანაში. ბრალდება იყო, რომ პოლიცია არაფერს აკეთებდა, როცა ჟურნალისტებს ესხმოდნენ, არაფერს აკეთებს სხვა უწყებები ხომ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ არასტაბილურობის განცდა.

მე თუ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ისინი ასეთ ფაქტებს დამიდებენ, რაც რუსთაველზე მოხდა, სათქმელი არაფერი მექნება და ჩვენს ტურიზმს სერიოზული პრობლემა შეექმნება“ – ამბობს მინდია ბაჟუნაიშვილი.

მისი თქმით, ამ ჯავშნის გაუქმებით ზარალი მიიღო არა მხოლოდ მან, ასევე სხვა ბიზნესობიექტებმაც.

„ჩემს გარდა დაზარალდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა.

ასე ჩამოიქცევა ეკონომიკა, ხავსი მოედება ძეგლებს და მერე ირბინეთ ჩოხით. ჰო, ჩოხის კალთის ქამარში ჩადება არ დაგავიწყდეთ და ტაბურეტკაზე მყარად დაჯექით.

მესამე წელია უაზრო ქმედებებით ქვეყანა ჩავაქვესკნელეთ აქტიური სეზონის წინ.  არ გაჩერდეთ, ჯერ სული გვიდგას მაინც და ეგეც ამოვართვათ ხალხს“ – წერს მინდია ფეისბუკზეც.

მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება განვითარებულ პროცესებზე.

„უნდა ვაჩვენოთ რომ განსხვავებულის მიმღებლები ვართ, დაგვჭირდება ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობა, რეკლამები, მთავრობის დონეზე განცხადებები, თუმცა ფაქტები მაშინებს“ –  ამბობს მინდია ბაჟუნაიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: