შსს გამოძიებას არ იწყებს ფოთში, სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემთხვევაზე. მასწავლებელს, იგორ კეკელიას, სოციალურ ქსელში ემუქრებიან მას შემდეგ, როცა სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, შემდეგ კი, სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაუშვა.
საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაწყებულია და დღემდე გრძელდება, თუმცა ამ საქმის გამო არავინ დაუსჯიათ. გამომძიებლები მასწავლებელს ეუბნებიან, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრი გაქრა და მათაც არ უნახავთ.
სამაგიეროდ, სკოლაში უთხრეს მასწავლებელს, „ღირსება თუ გაქვს, სკოლა უნდა დატოვოო“. იგორ კეკელიას სკოლის დატოვებაზე კატეგორიული უარი უთქვამს. სკოლის დირექტორს, ნანა საბულუას მიუღია გადაწყვეტილება მასწავლებლის გათავისუფლებაზე იმ არგუმენტით, რომ იგორ კეკელიამ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მაგრამ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია, პროკურატურას კი, ამ საქმეში იგორ კეკელიას მხრიდან მოსწავლეზე ძალადობა, ან სხვა დანაშაულის ჩადენა არ დაუდგენია.
ნანა საბულუა სკოლის დირექტორია და ასევე ფოთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. იგორ კეკელია კი, მასწავლებელი, ვინც ფოთში ღიად გამოხატა პროტესტი „ოცნების“ რეჟიმის მიმართ. 2024 წლის ნოემბერში იგორ კეკელია ფოთში ორ კოლეგასთან ერთად ასეთი ტრანსპარანტით გამოჩნდა: „რა ვასწავლო ბავშვებს? საქართველოს მომავალი რუსეთშია?“

იგორ კეკელია აქციაზე მასწავლებლებთან ერთად. 2024 წელი. ფოტო მოგვაწოდა იგორ კეკელიამ
- რას ჰყვება სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი: „ანეკდოტი მოვყევი დირექტორის წარდგენის დროს…“
„…ამ კადრების სავარაუდო გავრცელებას მოჰყვა პირად მიმოწერებში მუქარის გზავნილები: „დაგამტვრევთ“, „ნახავ, რასაც გიზამთ“, გინებები და ეს ყველაფერი დასქრინულია. ეს მოდის სრულიად უცხო ადამიანებისგან,“ – უყვება „ბათუმელებს“ სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი, იგორ კეკელია. ის ამბობს, რომ ამ ახალი გარემოების შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა გამოძიება არ იწყება.
იგორ კეკელიას მთავარი აქცენტი „მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფაა“, რაც სკოლის დირექტორმა ჩაუწერა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. იგორ კეკელია გვიყვება, როგორ გაბრაზდა, როცა ეს დააბრალეს და გათავისუფლების საბოლოო ბრძანებამდე მის წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო.
„მე თვითონ დავუკავშირდი პროკურატურას, ბავშვზე მიძალადია და გამოიძიეთ, თუ მე ვარ დამნაშავე, დამაკავეთ-მეთქი. გამომკითხეს მეც და მოსწავლეები, მშობლები, მაგრამ ვერაფერი მსგავსი ვერ დადგინდა. სკოლის დირექტორმა ის ჩამიწერა ბრძანებაში, რაც პროკურატურას არ დაუდგენია. ესაა სამართალი?
აგური რომ ვათრიო და მშენებლობაზე ვიმუშაო, კაპიკ-კაპიკ დაგროვილი ფულით, ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლომდე მივიტან. ეს არის მასწავლებლის და ადამიანის აშკარა დევნა,“ – ამბობს იგორ კეკელია.
იგორ კეკელია 18 წელია მასწავლებელია. იგი 45 წლისაა და ფოთში ცხოვრობს მოხუც მამასთან ერთად. სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი „ბათუმელებთან“ იმ დღეს იხსენებს, როცა ახალ დირექტორთან შეხვედრაზე ანეკდოტი მოყვა. იმ დღიდან დაძაბულა ურთიერთობა მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის:
„ჩვენი სკოლის დირექტორი გარდაიცვალა ორი წლის წინ და ეს პიროვნება წარადგინეს. ჩვენთან წარდგენაზე რომ მოვიდა ეს ქალბატონი სკოლაში, გამოვედი სიტყვით და არ ესიამოვნა. რა ვთქვი და ანეკდოტი მოვყევი: ბრეჟნევი მიდის ქუჩაში და ნახა, რომ ერთი ადამიანი მოდის ცხვრით. მოეწონა ბრეჟნევს თურმე ეს ჩასუქებული ცხვარი და პატრონს უთხრა, ცხვარი მომყიდეო, იმან უთხრა, კი ბატონო, აირჩიეთო. გაუკვირდა თურმე ბრეჟნევს: რანაირად ავირჩიო, ერთი რომ გყავს ცხვარიო? შენც ერთი ხარ, მაგრამ კი გირჩევთ უკვე რამდენი წელიწადიაო – იმ კაცს უპასუხია ასე. ჰოდა, ასე გემართებათ ახლა თქვენ, მოხვედით ერთი კანდიდატი და იძულებული ვართ პედკოლექტივი, მხარი დაგიჭიროთ, ნორმალურ ქვეყანაში და დემოკრატიულ სამყაროში არჩევანი ნიშნავს ორ ან მეტ ადამიანს შორის არჩევანს-მეთქი.
დირექტორმა პირველივე დღიდან ჩათვალა, რომ ბრეჟნევის ანეკდოტის მომყოლი იყო მისი მოწინააღმდეგე, თავიდანვე არ მოვწონდი ამ ადამიანს. თანაც, გეცოდინებათ: სამოქალაქო განათლების პედაგოგები ცოტა თავისუფლად აზროვნებენ სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით.
არასდროს მქონია კონფლიქტი, ღიად არაფერს მეუბნებოდა. ვერც იმას ვიტყვი პირდაპირ, რომ ჩემი სკოლიდან გაშვება ჩემს ღია პოლიტიკურ პროტესტს უკავშირდება, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავ: შეიძლება, ამ გზით მომიდგნენ“, – გვითხრა იგორ კეკელიამ.

იგორ კეკელია
რა იყო ყველაზე რთული ამ პროცესში? – ვეკითხები სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს.
„განსაკუთრებულად იმ რამდენიმე მშობლის პოზიცია მეწყინა, რომლებმაც უცებ საჩივრები დაწერეს ჩემ წინააღმდეგ. მანამდე 6 წელი ვმუშაობდი და არავის არანაირი საჩივარი არ დაუწერია. უცებ როგორ გავხდი დამნაშავე?“ – მცირე პაუზის შემდეგ გვპასუხობს მასწავლებელი, – „უფროსი მასწავლებელი რომ ვიყავი და წამყვანი გავხდი, მაშინ მშობლების მხარდაჭერაც მჭირდებოდა. ყველამ დადებითად დამახასიათა. დადებითად მახასიათებდნენ კოლეგებიც. ახლა რა მოხდა ასე უცებ?
გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ასეული ადამიანია დაკითხული უკვე და ყველა ამბობს, მე ეს კადრი არ მინახავსო. შეიძლება, მართლაც გავრცელდა ძალიან უხამსი კადრი, ოღონდ ეს არ იყო ავთენტური, შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული. ამნაირი უამრავი გადაგვიტანია განსაკუთრებით კი, სემესტრის ბოლოს, როდესაც ქულები აღარ მოსწონთ მოსწავლეებს და საშინელებებს აკეთებენ.
ავთენტური რომც იყოს, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს.
მტკიცებულება არ არსებობს, ნამდვილად გავრცელდა თუ არა კადრები. თვითონ პროკურატურას არ აქვს ეს კადრები. პროკურატურაში მეუბნებიან, დაზარალებულად რანაირად გცნოთ, როცა კადრი არ გვაქვს, დაგვეხმარეთ კადრის მონახვაშიო. მე რანაირად დავეხმარო: მეძებარი ძაღლი კი არ ვარ, ტროტილით სავსე ჩანთას ყნოსვით მივაგნო-მეთქი. იმიტომ მოგმართეთ თხოვნით, რომ მეტი შესაძლებლობა გაქვთ. აგერ, მაგალითად, აი, ეს კაცი წერს: „მე ვნახე“ და ამიტომაც გემუქრებიო. მოდი და ამ კაცის ტელეფონები ნახე. რატომ არ მოქმედებ?
თვალები რომ დათხარეს ადამიანებს 2020 წელს, იქიდან მოყოლებული არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვარ. ემიგრაციაში რომ გარბის ხალხი, მართალი ყოფილა, უკან რომ არ ბრუნდებიან. ეს არ არის საქართველო, ეს არის აბსტრაქცია. ჩვენ მოჩვენებების ქვეყანაში ვცხოვრობთ…
ვინც კარგად მიცნობს, იმათთვის მე ისევ ის იგორ კეკელია ვარ, რაც მანამდე ვიყავი, მაგრამ ყველა ხომ არ მიცნობს? ისეთ საზიზღრობებს მიწერდნენ კომენტარებში, პროკურორმა მითხრა, არ წაიკითხო, ნუ მიაქცევ ყურადღებასო. მაინც გაგირბის თვალი…
თავდაპირველად მასწავლებლებს ათქმევინეს, არ გვინახავს კადრი, მაგრამ სკოლა უნდა დატოვოო. მე კატეგორიული უარი განვაცხადე, ვუთხარი, რომ ეს მუქარა და შანტაჟია-მეთქი. მერე ის ჭორიც გავრცელდა, თითქოს არასრულწლოვანი ჩანს ვიდეოში. ეს რომ რეალური ყოფილიყო, იქეთ უნდა დავეპატიმრებინე, ხომ?
შემდეგ მესამეკლასელის ერთ მშობელს დააწერინეს, ბავშვს წიგნი ჩაარტყა თავშიო. ავდექი და მე თვითონ ვიჩივლე პროკურატურაში…
სკოლის ადმინისტრაციამ იფიქრა, რომ ვიდეოს გავრცელება სენსიტიური საკითხია, იგორი არ იჩივლებს ამის გამოო. პედაგოგებმა მითხრეს, მე უკვე მკვდარი ვიქნებოდი შენს ადგილზეო…
უფრო გამიძლიერდა ემპათია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მსგავსი შემთხვევა ჰქონიათ. ახლა როცა პირისპირ შევეჩეხე ამ ყველაფერს, ძალიან რთულია, ძალიან დიდი ტრაგედიაა ეს, სხვა რა გითხრათ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ იგორ კეკელიამ.
- რას ამბობს სკოლის დირექტორი?
„ეგ ძალიან დელიკატური მნიშვნელობის საკითხია, რომლის განხილვა და გარჩევა ზოგადად ხდება ცალმხრივად. ჩამობრძანდით ადგილზე თუ გაქვთ სურვილი, დეტალურად გაეცნობით,“ – გვითხრა ფოთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა საბულუამ, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.
სკოლის დირექტორს ვუთხარით, რომ ტელეფონითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, თუ ის პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და მრავალმხრივი ინფორმაცია.
„ბრძანებაში არის მითითებული ძალიან ბევრი სასკოლო გადაცდომები. ეს არ არის ერთი, არის რამოდენიმე გადაცდომა და ჩვენ ვხელმძღვანელობთ სკოლის შინაგანაწესით, არა მე, არამედ დისციპლინურმა კომიტეტმა მიიჩნია ეს, ამის თქმა მინდა მხოლოდ… ყველაფერი არის დადგენილი, ყველაფერი არის დაწერილი, ყველაფერი არის მოწესრიგებულად გაკეთებული, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სკოლას,“ – განმარტა ამჯერად სკოლის დირექტორმა.
როგორ დადგინდა მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა პროკურატურას მსგავსი არაფერი დაუდგენია და გამოძიება არც კი დაუწყია? – ვკითხეთ სკოლის დირექტორს.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, ტელეფონით მე ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, ძალიან არასატელეფონო საუბარია ეს“, – თავდაპირველ „გამოსავალს“ დაუბრუნდა ნანა საბულუა და დაგვემშვიდობა.
- ადვოკატი: „დირექტორის ბრძანება უკანონოა“
ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, ფოთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა საბულუას მიერ ხელმოწერილი ბრძანება იგორ კეკელიას გათავისუფლების შესახებ უკანონოა და ის უკვე გასაჩივრებულია.
„ეს ბრძანება შინაარსობრივად უკანონოა – ბრძანებაში უნდა ეწეროს, რომელ რიცხვში, რომელ ადამიანზე, რა სახის ფიზიკური თუ მორალური ზეწოლა განხორციელდა. მსგავსი არაფერი არ წერია ბრძანებაში, წერია მხოლოდ ის, რომ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გათავისუფლდა.
რა გამოდის: გამოძიებამ თქვა, რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს და სკოლის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაფრის გარეშე თქვა, რომ არსებობს ასეთი ფაქტიო.
საფუძვლები, რომლის გამოც შეიძლება ადამიანი იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან, არ იცის ამ ადამიანმა. უცნობია, რამდენმა მშობელმა შეიტანა საჩივარი, რასთან დაკავშირებით არის ეს საჩივარი შეტანილი. ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, პოზიციის დადგენის გარეშე, საჩივრის გადმოგზავნის გარეშე და ასე შემდეგ, განიხილა სადისციპლინო კომიტეტმა ეს საჩივარი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურმე ყველა ფაქტთან დაკავშირებით იგორ კეკელია ყოფილა დამნაშავე.
ეს გადაუგზავნეს დირექციას, ანუ დირექტორს და დირექტორმაც ერთ დღეში მიიღო ოთხი ბრძანება: სამჯერ რაღაც გაფრთხილება, სასტიკი საყვედური, შრომითი ხელშეკრულებიდან თანხის დაკისრება და მერე გათავისუფლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თორნიკე მიგინეიშვილი.

დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელიც გათავისუფლებულ მასწავლებეს ჩააბარეს, ამის გამო გიშვებთ სკოლიდანო

დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელიც გათავისუფლებულ მასწავლებელს ჩააბარეს, ამის გამო გიშვებთ სკოლიდანო
რაც შეეხება გამოძიებას – ადვოკატი განმარტავს, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, თუ საგამოძიებო ორგანოს ვიდეო კადრები არ უნახავს?
„თუ იცი, რომ ეს სადღაც გავრცელდა, კონკრეტული პიროვნებების დაბარებას, მათი ტელეფონის ექსპერტიზაზე გადაგზავნას, იქიდან ვიდეოების ამოღებას არაფერი არ უნდა, გარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედებისა.
მეც ქალაქ ფოთიდან ვარ და საახალწლოდ როცა ჩავედი, თითქმის მთელი ქალაქი მართლაც ამაზე საუბრობდა, მაგრამ პირდაპირ რომ მიხვიდე ვინმესთან და უთხრა, რომ აი, შენ საიდან იცი ეს? გეტყვის, რომ არ მინახავს ეს კადრები, სხვები ამბობენო. იმ სხვას რომ მიაკითხავ, ისიც სხვაზე მიუთითებს,“ – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ იწყება გამოძიება მუქარის ნაწილში, როცა მუქარის შემცველი ფაქტის დამადასტურებელი სქრინები მასწავლებელმა უკვე წარუდგინა საგამოძიებო ორგანოს.
შსს-ს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება მხოლოდ სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






