შუახევის მუნიციპალიტეტმა 335 ათას 770 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა დაბა შუახევში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზის და სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოები აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება.
„პროექტი ითვალისწინებს შუახევის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სააქტო დარბაზის სარემონტო სამუშაოებს.
აღნიშნული სივრცე გამოიყენება სხვადასხვა სახის ოფიციალური შეხვედრების, საკრებულოსა და მერიის ღონისძიებების, კონფერენციების, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებისა და მოქალაქეებთან შეხვედრების ჩასატარებლად.
პროექტის მიზანია სააქტო დარბაზის ფუნქციური და ესთეტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული გარემოს შექმნა.
არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა შიდა ინტერიერის განახლების, დაზიანებული კონსტრუქციული და მოსაპირკეთებელი ელემენტების აღდგენის, საინჟინრო სისტემების მოწესრიგებისა და დარბაზის ვიზუალური მხარის გაუმჯობესების აუცილებლობა“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

სააქტო დარბაზი შუახევის მერიის შენობაში – არსებული სიტუაცია და რენდერი / ფოტოები პროექტიდან
რაც შეეხება სამუშაო ოთახებს, „პროექტის მიზანია არსებული სამუშაო სივრცეების ფუნქციური, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გარემოს შექმნა, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
არსებული სამუშაო ოთახები საჭიროებს განახლებას, რადგან დროთა განმავლობაში დაზიანებულია კედლების, იატაკისა და ჭერის მოსაპირკეთებელი მასალები, რაც უარყოფითად აისახება, როგორც შენობის ესთეტიკურ იერ-სახეზე, ასევე სამუშაო გარემოს ხარისხზე.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი სამუშაოების შესრულება: არსებული დაზიანებული მოპირკეთების დემონტაჟი; კედლების გასწორება და შიდა მოპირკეთების მოწყობა; კედლების შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიური საღებავით; იატაკის საფარის განახლება [ლამინატი, კერამოგრანიტი ან სხვა საპროექტო მასალა];
კარებისა და ფანჯრების დაზიანებული ელემენტების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა; ელექტროგაყვანილობის, ჩამრთველებისა და სანათების მოწესრიგება“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სამუშაო ოთახები შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში / ფოტოები პროექტიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 23 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება.
პირობაში აღნიშნულია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან და დაასრულოს 90 დღის ვადაში“.
და ბოლოს, დააკვირდით ქვემოთ ფოტო/რენდერს, რომელსაც პროექტში აწერია – „ინტერვიუს კუთხის მოწყობა მერის კაბინეტთან“

მართალია აქ არც „მუნიციპალიტეტის“ წერია სწორად და არც „შუახევი“ – გერბზე, თუმცა, შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ეს მხოლოდ კორექტურაა რენდერში და რეალობაში იგივეს არ მივიღებთ.
პროექტი, რომლის მიხედვითაც შუახევის მერიის შენობაში სააქტო დარბაზი და სამუშაოები უნდა გაარემონტონ, მუნიციპალიტეტმა შპს „ლეველ აპისგან“ შეისყიდა. ამ კომპანიასთან მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება 2026 წლის მარტში აქვს გაფორმებული 62 000 ლარზე.
ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შუახევის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი (საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა) – შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების/ ეზოების/სკვერების/ პარკების/ სპორტული-სათამაშო მოედნების, ფერდსამაგრი კედლების, სასმელი წყლების, საკანალიზაციო სისტემების, სარწყავი არხების, გარე განათებების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების, გზების, საპიკნიკე ადგილების, სოფლის ცენტრების და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე შენობა/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციის რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“.






