განათლება,მთავარი,სიახლეები

„ძირს უთხრიან ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება“- მასწავლებლები საგან „მოქალაქეობაზე“

21.01.2026 •
„ძირს უთხრიან ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება“- მასწავლებლები საგან „მოქალაქეობაზე“

რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“ და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან? რა იციან ამის შესახებ თავად ამ საგნის მასწავლებლებმა და რას დაკარგავს სკოლა, თუკი ეს საგანი გაუქმდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა.

„მეც მქონდა რაღაც მსგავსი მოლოდინები ამ საგანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შიშები დადასტურებული არ არის. არ ვიცით დაზუსტებით, რომ შეიძლება ეს საგანი მართლა გააუქმონ, მაგრამ თუ ასე მოხდება, ეს გამოიწვევს უამრავი მასწავლებლის დატოვებას საათების გარეშე, წყალში ჩაიყრება ამდენი მასწავლებლის მძიმე შრომა, რადგან ყველაფერი გავაკეთე ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, გავხდი მენტორი მასწავლებელიც და ვიზრუნე იმისთვის, რომ ფეხზე დამდგარიყო ჩემი სკოლა და ახლა უნდათ, რომ ასე უცბად, ხელის ერთი მოსმით გააუქმონ ეს ყველაფერი?

ბოლო წლებში, მოქალაქეობრივი ცნობიერება ძლივს გაიზარდა და დღეს სულ სხვა ახალგაზრდა თაობა დგას ჩვენს წინაშე – მაღალი ცნობიერებით, მაღალი პასუხისმგებლობით, პატრიოტიზმით სავსე ადამიანები და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოჰყვეს „მოქალაქეობის“ გაუქმებას“- ამბობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ჟანა ხაჩატურიანი, რომელიც ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას და მოქალაქეობას.

მისი თქმით, სამოქალაქო განათლება მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ჩამოყალიბდეს პიროვნებად, შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და გაიღრმაოს ცოდნა ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე, წარმოდგენა შეექმნას როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოს მოწყობის და მისი განვითარების მოდელზე.

„ამ ყველაფერში ლომის წილს თამაშობს სამოქალაქო განათლება და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ ჩვენც, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

საგანი – მოქალაქეობის გაქრობა, ნიშნავს თავისუფალი აზრის გაქრობას! რაც მძიმე შედეგად აისახება ქვეყანაზე“ – ამბობს ჟანა ხაჩატურიანი.

მას ვკითხეთ, თუ რატომ გაუჩნდა მსგავსი მოლოდინები „მოქალაქეობის“ შესაძლო გაუქმებაზე. მასწავლებელმა გვითხრა, რომ ეს ეჭვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„რაღაცნაირად, ისე გამოვიდა, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები თითქოს უფრო კრიტიკულები ვართ და ასევე კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდებს ვზრდით, მაგრამ ჩვენი ეროვნული სასწავლო მიზნებიც ხომ ეს არის, რომ კრიტიკულად მოაზროვნე თაობები გავზარდოთ? ასეთი ხალხი კი, ყოველთვის პრობლემაა სისტემებისთვის“ – ამბობს ჟანა ხაჩატურიანი.

ვესაუბრეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ კიდევ ერთ პედაგოგს, ლადო აფხაზავასაც. მისი თქმით, შესაძლოა „ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება ფსევდო-ღირებულებებით გადაფუთოს.

„ეს ხელისუფლება თუ ერთ რამეს აკეთებს, მეორეს ყოველთვის ძირი ეთხრება. სწორედ ასე მოიქცევიან სამოქალაქო განათლების შემთხვევაშიც. ერთი ის ვიცი, რომ ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება, ძირს უთხრიან.

დიმიტრი უზნაძემ გვითხრა, რომ სკოლა არის პატარა სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც არიან მოსწავლეები. სკოლა უნდა იყოს დემოკრატიული და თავისუფლებას უნდა პასუხობდესო და აი, ამ დიმიტრი უზნაძეს უთხრიან ძირს, მაგრამ მუდმივად ხომ არ იქნებიან ხელისუფლებაში?!

თუმცა ისეთი ჰონორი აქვთ, თითქოს მთელი დარჩენილი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნებიან.

თუ ამ ყველაფერს მოშლიან, ახალი თაობა, მომავალი თაობა ასეთ სისულელეების გაკეთებას ნამდვილად არ აპატიებს. უნდა დაფიქრდნენ, რომ მათი მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

მას ვკითხეთ, ხომ არ აქვს მოლოდინი, რომ „მოქალაქობა“ არაფორმალურ განათლებაში შეიძლება გადაიტანონ და ასე შეეცადონ საათობრივი ბადიდან ამოღებას?

ლადო აფხაზავას თქმით, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვან ღირებულებებს უყალიბებს ახალგაზრდებს, მაგრამ „მოქალაქეობის“ ამ სივრცეში გადმოტანით, შესაძლოა უკანა პლანზე გადავიდეს დემოკრატიული ღირებულებები და ადგილი დაუთმონ ფსევდო პატრიოტიზმს.

„ან რომელ ღირებულებებზე უნდა გვესაუბრონ ესენი, როცა ციხეში ჰყავთ ქალი გამოკეტილი იმის გამო, რომ რაღაც ფურცელი გააკრა კედელზე?

ან რა ღირებულებებზე უნდა გველაპარაკონ, როცა პატიმარს აფურთხებს პოლიციელი. რომელ ღირებულებებზე მელაპარაკებიან, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვთ მიტაცებული და მართალი დამნაშავედ გამოჰყავთ. ამ ღირებულებებით უნდათ სკოლაში შემოსვლა?

ჩვენ მოსწავლეებს აზროვნებას, ფიქრს ვასწავლით, ვაჩვენებთ სწორ გზას და შემდეგ მისი არჩევანია, რა გზას დაადგება.

ერთხელ სიმულაციური თამაშიც გავაკეთეთ არჩევნებზე და ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი მე. სპეციალურად წარვადგინე სუსტი პროგრამა და წავაგე კიდეც არჩევნები, რადგან მოსწავლეებმა მითხრეს, კი ხარ ჩვენი მასწავლებელი, მაგრამ სხვისი პროგრამა უფრო მოგვეწონაო.

ამ ბავშვებმა იციან რა არის თავისუფალი არჩევანი და ამ ხელისუფლებას უნდა, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც მორჩილ, თავდახრილ მონებად აქციოს?!

ასე არ ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ამიტომ, თუ „მოქალაქეობის“ გაუქმებით უნდათ, რომ ეს ღირებულებები წაშალონ, ვფიქრობ, დააგვიანდათ“- ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი თქმით, პოლიციელის პროფესიის გაცნობაც შეიძლება ბავშვისთვის და სასულიერო პირის შემოყვანაც სკოლაში, თუ ეს ყველაფერი არ არღვევს დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს.

„ყველა ხელისუფლების დროს დაგვყავდა მოსწავლეები პოლიციაში და ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ სახელმწიფო არის დემოკრატიული. მაგრამ ეს ყველაფერი, ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევად არ უნდა გადაიქცეს“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ დაანონსებული განათლების რეფორმის მიუხედავად, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები არ არიან პროცესებში ჩართული და მათ აზრი რეფორმის ავტორებს არ აინტერესებთ.

„ისიც არ ვიცით, რა ფოკუს-ჯგუფები შექმნეს და ვინ მუშაობს სახელმძღვანელოების საკითხზე.

მე მსგავსი რამ არ მსმენია, არც არავის უკითხავს ჩემთვის ან სხვა კოლეგებისთვის, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი საგნის სახელმძღვანელო.

ჩვენ სამოქალაქო მასწავლებლების ფორუმიც გვქონდა სადაც საქართველოს 800 სკოლიდან გვყავდა მასწავლებლები მოწვეული და ვმსჯელობდით ამ საკითხებზე. თითქმის ყველასთან მაქვს კომუნიკაცია და არავისთვის უკითხავს მათთვის, რას ფიქრობენ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებზე და არც იმაზე, რაიმე ჯგუფები იქმნება თუ არა სამინისტროში ამ საგნის ირგვლივ. ჩვენთვის არაფერი შემოუთვლიათ“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კიდევ ერთ მასწავლებელს და ტრენერს, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მანანა ჯინჭარაძეს და მას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია „მოქალაქეობის“ შესაძლო გაუქმების შესახებ ან ხომ არ მიუწვევიათ განათლების სამინისტროში, მაგალითად, ახალ სახელმძღვანელოზე კონსულტაციისთვის.

მანანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების გაუქმება არ იგეგმება.

„გაუქმებას არ ველოდები, რადგან სამოქალაქო განათლება არის ძალიან საინტერესო საგანი.

თქვენ სწორად მიუთითეთ ის, რომ ვარაუდები და მოსაზრებებია ამ საკითხზე და არ გითქვამთ, რომ ფაქტია. ფაქტი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით გაუქმებული არაფერი არ არის და არც სამომავლოდ არის რაიმე ასეთი დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი“ – გვითხრა მანანა ჯინჭარაძემ.

20 ინვარს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო მასწავლებლების პედაგოგთა ფორუმმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დღეებში აპირებენ წერილობით მიმართონ განათლების სამინისტროს და ასე მიიღონ პასუხი კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამოქალაქო განათლების გაუქმება სკოლებში.

„ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა არაოფიციალური მოკვლევა ჩაატარა, სამინისტროს სიპების წარმომადგენლებთან და საგნის ექსპერტებთან.

მოწოდებული ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნის მოქალაქეობა ამოღება დღის წესრიგში არ დგას.

ფორუმი უახლოეს დღეებში გეგმავს წერილობით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა მივიღოთ ოფიციალური პასუხი აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

„აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: