მთავარი,სიახლეები

შსს: გურიაში „ქორწილის დღეს გაქურდული ოჯახი“ არ გაუქურდავთ

15.02.2019 • 1964
შსს: გურიაში „ქორწილის დღეს გაქურდული ოჯახი“ არ გაუქურდავთ

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში მცხოვრები ოჯახი რომ ქორწილის დღეს გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ – „გურიის მოამბემ“ დღეს, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა [ინფორმაცია შემდეგ არაერთმა მედიამ გაავრცელა]. გამოცემის ცნობით, საქორწილო სუფრა ლანჩხუთში მდებარე რესტორანში გაიმართა, სახლში მისულ სიძის ოჯახს კი სახლი გაქურდული დახვდა და სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა.

შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ქორწილის დღეს ქურდობის შესახებ შეტყობინება სოფელ მამათიდან ნამდვილად მიიღეს, თუმცა ინფორმაცია გაქურდვის შესახებ არ დადასტურდა.

„ქორწილის დღეს ოჯახის წევრები რომ სახლში დაბრუნდნენ, სახლი არეული დახვდათ და შეტყობინება გააკეთეს ამის შესახებ პოლიციაში. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდობის მუხლით  – სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად. თუმცა გამოძიების მსვლელობისას, ადგილზე ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ ამ სახლში და სახლის მიმდებარე დამხმარე შენობებიდან არაფერი არ არის წაღებული. სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ არც ძვირფასი და არც უმნიშვნელო ნივთები მისი სახლიდან დაკარგული არ არის. ამის შესაბამისი ოქმიც არსებობს“, – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა ოჯახს, რომელმაც გაქურდვის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა გურიაში დაახლოებით იანვრის ბოლოს მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: