„ფერმერებს უჭირთ პროდუქციის უწყვეტი მიწოდება“ – რატომ ვერ შევდივართ ევროპის ბაზარზე


„ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 100-პროცენტიანი შესრულება ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი, სავაჭრო შეთანხმების სოფლის მეურნეობის ნაწილში, მაგრამ ეს ვერ აისახა ფერმერებზე…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნათია დაღელიშვილმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერმა და ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, ის ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესზე მუშაობს.

31 იანვარს, პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროინტეგრაციის გამოწვევებზე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „ბათუმელებმა“ ნათია დაღელიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა იმაზე, თუ რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული პროდუქტები ევროპის ბაზარზე.

  • ქალბატონო ნათია, თქვენ აღნიშნეთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველო წარმატებით ასრულებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ვალდებულებებს, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის კუთხით არ გვაქვს ასეთივე წარმატებული მონაცემები. რა ფაქტორები განაპირობებს ამას? 

ჰარმონიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულია ასოცირების შეთანხმების ეს ნაწილი, თუმცა რიგით ფერმერებს კომუნიკაციის კუთხით თუ შემდეგ, უკვე პროცედურებზე, არაერთი წინააღმდეგობა ექმნებათ. დავიწყოთ იქედან, რომ ფერმერებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ სიკეთეებზე, რასაც ითვალისწინებს ეს შეთანხმება. მათ ასევე არ იციან, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირის საერთო ბაზარს აქვს ფერმერების და მწარმოებლების მიმართ. პრობლემაა ქართული მიწის რეფორმაც. ვგულისხმობ მიწების ფრაგმენტაციას. ჩვენ გვყავს მცირემიწიანი ფერმერები, რომლებსაც უჭირთ ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის წარმოება. ისინი არიან თვითკმარნი და უჭირთ მასობრივი პროდუქტის წარმოება.

  • რატომ ვერ გაერთიანდნენ ფერმერები, მაგალითად, მეთაფლეები? რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერს იგებდა ორგანიზაცია, რომელსაც თაფლი რუსეთიდან უნდა შემოეტანა, რადგან მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თაფლის შესყიდვა იყო მოთხოვნა. 

ასეა. ამ ტენდერმა იმდენად დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, რომ იმ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს… სავარაუდოდ გაიმარჯვებს ქართული კომპანია, თუმცა რამდენად მოახერხებს ის ტენდერის პირობის შესრულებას, არ ვიცით. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც მხოლოდ თაფლის მწარმოებლებს არ უკავშირდება, არის ერთგვაროვანი პროდუქტის წარმოება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. ფერმერების გაერთიანებას მხარს უჭერს ევროკავშირი და სახელმწიფო, არის კოოპერატივის მხარდასაჭერი პროგრამებიც, თუმცა ზოგი მუშაობს, ნაწილი – ვერა. პრობლემა არის არა მხოლოდ კოოპერირებაში, არამედ მის მართვაშიც. ზოგადად გუნდური მუშაობის აზროვნებაში და მუშაობის იმგვარად გადანაწილებაში, რომ მოთხოვნადი პროდუქტი შექმნან. ჩემი დაკვირვებით, მათ არ აქვთ კოოპერირების კულტურა. ზოგადად ჩვენ არ გვქონია და ახლაც არ გვაქვს ამის კულტურა. კოოპერატივში უფრო მეტი რესურსია საჭირო, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური.

  • კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ფერმერები ასახელებენ, პარტნიორის პოვნაა ევროკავშირის ქვეყნებში. 

ასეა, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა მანამდე იქმნება, ვიდრე პროდუქტი საექსპორტოდ გამზადდება, მაგალითად, კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დანადგარები, მაგრამ არ აქვთ ტექნოლოგიური ცოდნა ეს ტექნიკა გამოიყენონ. არც ფასწარმოქმნის და ეტიკეტირების პროცესი იციან შესაბამისად. ამას ემატება დაურეგულირებელი ბაზარი თავად საქართველოში, სადაც მომხმარებელიც არაა დარწმუნებული, რომელია ხარისხიანი პროდუქტი. ქართველი მომხმარებელიც არაა მზად გადაიხადოს ძვირი იმ პროდუქტში, რომელიც ხარისხიანია. ამ პირობებში კოოპერატივებს უჭირთ მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე ფასი შეინარჩუნონ პროდუქტზე, რომელსაც აწარმოებენ. სახელმწიფომ მაქსიმალურად კარგად უნდა შეასრულოს მედიატორის როლი ამ პროცესში და მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს. სახელმწიფომ უნდა შექმნას პრაქტიკული მაგალითები წარმატებული ბიზნესის.

  • რას გულისხმობთ „პრაქტიკულ მაგალითში“, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? 

საჭიროა უფრო ქმედითი და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. უნდა არსებობდეს მენტორის და ზედამხედველობის სისტემა კვალიფიციური ადამიანების ჩართულობით და აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული რეგიონების სპეციფიკა კოოპერატივების მხარდაჭერის პროცესში. სახელმწიფომ ასევე ზოგადად ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით.

ამ პროცესმა, რაც გამოვიარეთ, აჩვენა, რომ არ გაამართლა ყველასკენ მიმართულმა პროგრამებმა. სახელმწიფომ უნდა შეარჩიოს წინა ფლანგზე მყოფი რამდენიმე საწარმო, რომლებიც მეტნაკლებად მიახლოვებულნი არიან ევროსტანდარტებთან. ტრანზაქციული დანახარჯები კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი იმისთვის, რომ მათ, ასე ვთქვათ, საცდელი პარტია გაუშვან ევროპის ქვეყნებში. ეს არის იმდენად დიდი თანხა, რომ საკმაოდ დიდი ზეწოლაა მეწარმეებისთვის.

  • რატომ იქნება გამართლებული ცალკეული ბიზნესმენების მხარდაჭერა, თან ფინანსურად? 

ეს უნდა იყოს ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რა ტიპის მხარდაჭერასაც სახელმწიფო შეიმუშავებს. აუცილებლად გამჭვირვალე კრიტერიუმებით უნდა მოხდეს იმ კომპანიების შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო შეარჩევს. შემდეგ უკვე მოხდება ამ წარმატებული მოდელის გაზიარება ქვეყნის რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ ეს ცხადად და ნათლად დაინახონ სხვა მეწარმეებმა.

  • რამდენად სურს თავად ბიზნესს ამ მიმართულებით წასვლა? 

გასაგებია, რომ ბიზნესს ამ ეტაპზე ურჩევნია მოკლევადიანი შედეგი, მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში ფულის ჩადება და არა სოფლის მეურნეობაში, რომელსაც უფრო დიდი რისკები ახლავს, მაგრამ ბიზნესმა ეს უნდა დაინახოს და ადრე თუ გვიან დადგება ბიზნესი ამ ფაქტის წინაშე. საუბარია იმ ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე, რაზეც არის მაღალი მოთხოვნა და ამაში გადაიხდიან მეტ თანხას. თანაც, ეს გამოიღებს შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • აჭარის მაგალითზე რომ ვთქვათ, ციტრუსი მხოლოდ მცირე ოდენობით გადის ევროპის ქვეყნებში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მოცემულობას უხარისხო მოსავალს უკავშირებს; მეწარმე ამბობს, მეციტრუსე წინასწარ ვერ დავითანხმე, რომ გარანტირებულად მანდარინს მე მომყიდდაო; ფერმერს კი აღარ სჯერა, რომ მის მოსავალს ევროპის ბაზარზე გაიტანენ. რა შეცვლის ამ მოცემულობას?

ისევ ვიტყოდი, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს მედიატორის როლი. ინფორმირებულობის პრობლემა ჩანს ბევრი მიმართულებით, ამიტომაც არის საჭირო წარმატებული მოდელების შექმნა და შემდეგ მისი ჩვენება, რომ ფერმერმა დაინახოს, რა გზით არის შესაძლებელი მეტი სარგებლის მიღება. უნდა შეიქმნას ერთგვარი სისტემა, რომელიც უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს მოთხოვნაა ევროპის ბაზარზე. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ასეთია, მაგალითად, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები… ამ კომპანიებს თავიანთი პარტნიორები ჰყავთ ევროკავშირის ქვეყნებში და მიწოდებაც უკვე აღარ არის პრობლემა.

  • რა გადის ყველაზე კარგად ევროპის ბაზარზე დღევანდელი მონაცემებით? 

პირველ ადგილს ისევ ინარჩუნებს ღვინო. სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ისევ ათეულშია თხილი. არის პოტენციალი ასევე კენკროვანი კულტურების, ხილ-ბოსტნეულის… ეს პროდუქტები უკვე წარმატებით გავიდა ევროპის ბაზარზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი