მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე

15.10.2018 • 3002
რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე

რამდენიმე დღეში მანდარინის კრეფის სეზონი დაიწყება. შევა თუ არა წელს ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე? – ციტრუსის ექსპორტიორები ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს ვერ იძლევიან. ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინი არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იკლებს.

„ძირითადად მომხმარებლები არიან ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები – ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი. რაც შეეხება ევროპას, ციტრუსი მცირე ოდენობით გადის უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. წელს გერმანიამაც გამოხატა დაინტერესება, დეტალებზე კომპანიებთან ახლა მიდის მოლაპარაკება,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ევროპის ქვეყნებში გასულ წელს აჭარიდან მხოლოდ 1500 ტონა მანდარინი გავიდა. წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონში 60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს პროგნოზირებენ. რამდენი პროცენტით გაიზრდება ქართული ციტრუსის ექსპორტი ევროპაში? – ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ზუსტ ციფრს მოლაპარაკების დასრულებამდე ვერ იტყვის, თუმცა, სავარაუდოდ, იგი 30 პროცენტით შეიძლება გაიზარდოს.

„გასულ წელს პოლონეთში დაახლოებით 60 ტონა მანდარინი გავიტანე, წელს გააჩნია მოლაპარაკებებს, როგორ დასრულდება, შესაძლებელია 200-250 ტონა გავიტანო,“ – ამბობს კახა შავაძე, ქობულეთში მდებარე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს TCF Georgia-ს დირექტორი. ციტრუსის ექსპორტიორები და მინისტრი ერთ აზრზე არიან – მიიჩნევენ, რომ არსებული მოსავლის ხარისხი არის მთავარი პრობლემა.

„ხარისხი არის მთავარი პრობლემა. პირდაპირ ბაღში მოკრეფილი, დაუმუშავებელი მანდარინი ევროპაში არავის უნდა. მეციტრუსეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ ხარისხში მას ევროპის ბაზარზე ორმაგს გადაუხდიან. შესაძლოა გადაუხადონ ოდნავ მეტი, მაგრამ ორმაგი არა,“ – გვიხსნის კახა შავაძე.

ექსპორტიორის თქმით, ის გასულ წელს ქობულეთში 50 ფერმერს გაურიგდა იმაზე, რომ ხარისხიან მოსავალს თვითონ წაიღებდა, თუმცა უმრავლესობამ ევროპაში წასაღებად გამიზნული მანდარინი აზერბაიჯანელებს მიჰყიდა.

„50 მეციტრუსეს მივეცი სასუქი უფასოდ, რომ მოევლოთ ბაღებისთვის. მათ დავპირდი, რომ სეზონზე რა ფასიც იქნებოდა, იმაზე მეტს თუ არა, იგივეს მაინც გადავიხდიდი. მათ უნდა მოეტანათ მანდარინი საწარმოში. სეზონის დადგომის დროს საწარმოში არასტანდარტული მანდარინი, ე.წ. „ენესი“ მომიტანეს.

ვიდრე მანდარინის ხარისხი არის პრობლემა, მეციტრუსემ უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ევროპის ბაზარი ნიშნავს სტაბილურობას. რუსეთი დღეს არის, ხვალ შესაძლოა აღარ იყოს. მეციტრუსეს დღეს ურჩევნია დაუმუშავებელი და დაუხარისხებელი მანდარინი ერთიანად მიყიდოს ბაღში მისულ კლიენტს. ევროპის ბაზრის შემთხვევაში კი, მეციტრუსეს ექნება გარანტია, რომ მისი მანდარინი ყოველწლიურად გაიყიდება. მეც მზად ვარ გავაფორმო ხელშეკრულება მეციტრუსეებთან, ფასზეც შესაძლებელია შეთანხმება, მაგრამ სამწუხაროდ, ფერმერებს ეს არ სურთ,“ – გვითხრა კახა შავაძემ.

იგივე ახსნა აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელსაც ვკითხეთ, თუ რატომ არ ინტერესდებიან ქართველი ექსპორტიორები ევროპის ბაზარზე ქართული ციტრუსის გატანით.

„მოსავლის დაახლოებით 60 პროცენტი იყიდება პირდაპირ ბაღებიდან, ყიდულობენ ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი გადამყიდველები, რომლებსაც ციტრუსი რუსეთის ბაზრისთვის მიაქვთ. ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, მას ურჩევნია უცებ დაიკრიფოს მანდარინი და ბაღშივე ჩაუთვალონ თანხა, ვიდრე ის, რომ მივიდეს საწარმოში, გადაარჩიოს, რაც ხარჯებსაც ზრდის. საწარმომდე რეალურად არასტანდარტული მანდარინი მიდის,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მინისტრი ევროპის ბაზარზე გააქტიურების კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს – სტაბილური მიწოდება.

„ჩვენი ციტრუსი გამორჩეულია თავისი სიმჟავით, წვნიანობით, კანის სითხელით, შესაბამისად მასზე მოთხოვნა მაღალია… პოლონეთში, კრაკოვში როცა გვქონდა შეხვედრები, იქ გვითხრეს, რომ ციტრუსის მიწოდებას თუ მოვახერხებთ მუდმივ რეჟიმში, ისინი მზად არიან თანამშრომლობაზე. მთელი სეზონის მარაგი უნდა გვქონდეს – აღნიშნავს ტიტე აროშიძე.

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, აუცილებლად უნდა განახლდეს მანდარინის ბაღები, რადგან ნერგები უკვე მოძველებულია, მსხმოიარობა იკლებს და ნაყოფის ხარისხიც.

„ჩვენ ვთავაზობთ მეციტრუსეებს ბაღების ახალი ჯიშების ნერგებით განახლებას უფასოდ. თუ მეციტრუსე იტყვის, რომ მას მთლიანად ბაღის განახლება სურს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ სამწუხაროდ დიდი დაინტერესება ამ პროგრამაზე არ არის. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით. ისინი მაინც უყურებენ რისკებს, თუმცა ძველ ბაღს გაცილებით მაღალი რისკი აქვს, ვიდრე ახალს. მომავალი წლიდან ასევე გვექნება მობილური ლაბორატორია, რომლითაც მივალთ ბაღებში და ვეტყვით, კონკრეტული მიწის შემადგენლობის მიხედვით, იქ გაიხარებს თუ არა ნერგი,“ – ამბობს ტიტე აროშიძე.

მინისტრი და ექსპორტიორიც მიიჩნევენ, რომ ქართული მანდარინის ფასი ევროპაში მხოლოდ მასობრივი მიწოდების შემთხვევაში გაიზრდება. არსებული მოსავლის ხარისხის პირობებში კი ამის მიღწევა შეუძლებელია.

კახა შავაძე, ექსპორტიორი: „თუ მასობრივ მიწოდებას ექნება ადგილი, უფრო გაიზრდება ფასი. ხარისხია ცალსახად პრობლემა.“

ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ჩვენი მანდარინის სარეალიზაციო ღირებულება იქნება მაღალი, თუკი სტანდარტების შესაბამისი იქნება ხარისხი.“

ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორი ყურადღებას ამახვილებს ასევე შემფუთავი საწარმოების განვითარებაზე. კახა შავაძის აზრით, სახელმწიფომ საწარმოების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

სახელმწიფოსგან ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს ციტრუსის კიდევ ერთი ექსპორტიორი „აგროექსპორტის“ დირექტორი ნუგზარ სურმანიძე. მას მეათე წელია ქართული ციტრუსი რუსეთში ან უკრაინაში მიაქვს. რამდენიმე წლის წინ მანდარინი ექსპორტიორმა ავსტრიაშიც ჩაიტანა, თუმცა მას შემდეგ აღარ უცდია.

„წელს მყიდველი არ მყავს ევროპაში, ისევ რუსეთში ვაპირებ წაღებას… პრობლემა არის სავაჭრო გამოცდილება. ჩვენ ახლა ავიდგით ფეხი, იმათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ცოტა სახელმწიფომ უნდა დაგვეხმაროს კომუნიკაციაში, რეკლამაში ასევე. რამდენიმე დღის წინ დაგვიძახეს შეხვედრაზე, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მისვლა, მაგრამ სეზონი რომ დაიწყება მერე უკვე გვიანია. მანამდე უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა სახელმწიფომ,“ – გვითხრა ნუგზარ სურმანიძემ.

ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ სამინისტრო კომუნიკაციის გააქტიურების კუთხით აქტიურად მუშაობს. სექტემბერში სამინისტრო იმ ქვეყნების კომპანიებს დაკავშირებია, რომლებსაც ქართული მანდარინი მიაქვთ. ოქტომბერში კი 11 ქვეყნის 35 კომპანიის წარმომადგენლები შეახვედრეს ქართველ ექსპორტიორებს. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრების შედეგი იქნება ისიც, რომ წელს შესაძლოა ქართული მანდარინი გერმანიაშიც შევიდეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ციტრუსის ექსპორტი საქართველოდან ყოველწლიურად იკლებს: თუკი 2013 წელს 20 მილიონ 197 ათასი ამერიკული დოლარის ციტრუსი გავიდა ქვეყნის გარეთ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11 მილიონ 358 ათასამდე შემცირდა. 2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე 2 მილიონ 149 ათასი ლარის ციტრუსის ექსპორტი განხრციელდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ სტატისტიკაში პირდაპირ კავშირს ხედავს მანდარინის ხარისხთან.

„ეს ციფრები პირდაპირ კავშირშია ხარისხთან. ჩვენ უნდა გვქონდეს კონკურენტუნარიანი მანდარინი,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

რაც შეეხება მანდარინის ფასს – მინისტრი ამბობს, რომ ფასში მთავრობა არ ერევა და წინასწარ ვერაფერს იტყვის. ექსპორტიორების თქმით კი, ისინი მანდარინში დაახლოებით იგივეს გადაიხდიან, რასაც გასულ წელს იხდიდნენ.

______________________

ამავე თემაზე: 

რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: