მთავარი,სიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარე: გავიდა სიუჟეტი, ჩვენ გამოვჩნდით ამუნიები, დანარჩენები – მართლები

26.12.2018 • 2545
საკრებულოს თავმჯდომარე: გავიდა სიუჟეტი, ჩვენ გამოვჩნდით ამუნიები, დანარჩენები – მართლები

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ხშირად აპელირებს, რომ მათ მიერ ინიცირებული საკითხებიდან არც ერთი საკრებულოს უმრავლესობას სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაში არ შეუტანია. ამ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად აფასებენ, როგორც კანონდარღვევას. ამაზე ყოველი სხდომის შემდეგ მედიაც საუბრობს.

ამის გამო მათ მიმართ კრიტიკას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამოეხმაურა. მან თქვა, რომ „გულსატკენი“ და მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ამ თემას მედია აშუქებს:

„პარტიას [ენმ] უნდა, რომ საკითხი დღის წესრიგში შეიტანოს, იქვე გავდივარ კონსულტაციას იურიდიულ დეპარტამენტთან, კომისიასთან და ორივე მეუბნება, რომ ეს არ იქნება კანონიერი. ცხადია, მე ამ საკითხს არ ვაყენებ დღის წესრიგში და ვითხოვ, მოიქცნენ კანონის შესაბამისად, რასაც მოჰყვება ხმაური. საღამოთი კი საინფორმაციო გამოშვებებში ნახავ დიდი აფიშირებით, საკრებულომ პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილაო. ასე კი არ უნდა დაისვას საკითხი, არამედ ისე, რომ საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება“.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებიც საკრებულოს ასეთ გადაწყვეტილებებს უარყოფითად აფასებენ: „გამოდის ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ამბობს – საკრებულო არაკანონიერად მოიქცა, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით და დასკვნას გამოვაქვეყნებთო. სად არის დასკვნა, ან გარკვეული დროის შემდეგ რატომ არ მიაკითხა იმავე ჟურნალისტმა – ხომ შეისწავლე, მომეცი ახლა მასალა, რომ გავაშუქოო? გავიდა სიუჟეტი, ჩვენ გამოვჩნდით ამუნიები, დანარჩენები მართლები – ეს არასწორია“.

სულიკო თებიძის მოსაზრებას „ოცნების“ ფრაქციის ის წევრებიც დაეთანხმნენ, ვინც ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ. ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი ჭეიშვილის თქმით, ოპოზიციური ფრაქცია ზოგჯერ ისე ითხოვს თანხის დამატებას ბიუჯეტში „თითქოს ეს პურზე ჩასვლა იყოს, მის საყიდლად“. მისვე თქმით, იყო შემთხვევა, როცა ოპოზიციამ სხდომაზე მომზადებული, „იქვე პასტით დაწერილი“ საკითხი შესთავაზა საკრებულოს და მისი დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა.

„ოცნების“ ფრაქციის ანგარიშის წარდგენას ოპოზიცია არ დასწრებია. შესაბამისად, მათ უმრავლესობისთვის პასუხი არ გაუციათ. შეხვედრის მოდერატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ის წარმომადგენელი ირინე ურუშაძე იყო ერთადერთი, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარესა და ფრაქციის წევრებს უთხრა, რომ მათ მიერ აღწერილი პროცესი კითხვებს ტოვებს და მსგავსი შეზღუდვა ოპოზიციას სხვა მუნიციპალიტეტებში არ აქვს: „ასეთ შემთხვევაში ინიციატივას საკრებულოში ოპოზიცია ვერასდროს ვერ შეიტანს.“

ირინა ურუშაძემ საკრებულოს შესთავაზა თავისი ორგანიზაციის იურისტების დახმარება ამ საკითხების კიდევ ერთხელ დასაზუსტებლად, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ მზაობა გამოთქვა: „დავსხდეთ იურისტებთან ერთად და გავიაროთ ეს საკითხები“.

საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ მათ მიერ მმართველი პარტიისთვის შეთავაზებული საკითხების უმეტესობა, რომელთა დღის წესრიგში ჩასმაც სხდომაზე მოითხოვეს, საკრებულოს კანცელარიაში პროცედურის სრული დაცვით აქვთ დარეგისტრირებული:

„არცერთხელ ჩვენ უარი არ მიგვიღია იმის გამო, რომ რაიმე არ არის პროცედურულად სწორად. უბრალოდ, კომისიაზე გასვლის შემდეგ ბიურო არ სვამს საკითხს დღის წესრიგში. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ბიუროს უარები. თითქმის ყოველთვის მათი არგუმენტია – საკრებულოს არა აქვს ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია. სიღრმისეულ დებატებში არ შემოდიან, ბევრნი არიან და ხელის გადაწევის პრინციპით იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვტოვებთ სხდომებს პროტესტის ნიშნად.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები სხდომაზე

იმის დასადგენად, აქვს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ბათუმის საკრებულოს კანცელარიაში ინიციატივები პროცედურის დაცვით დარეგისტრირებული, „ბათუმელები“ საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. აქ დაგვიდასტურეს, რომ ენმ-ს ინიციატივები აქვს, მაგრამ საკითხის დასაზუსტებლად ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.

თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ასევე თქვა, რომ საკრებულოს არ აქვს რიგი საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. სულიკო თებიძის განმარტებით, საკრებულოს კომისია როცა საკითხზე დადებით გადაწყვეტილებას იღებს, ეს დასკვნა იგზავნება საქართველოს მთავრობის შესაბამის კომისიაში და სხდომაზე მხოლოდ მათი დადებითი დასკვნის შემდეგ გადის. თავმჯდომარის ამ განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე – ნატალია ზოიძის თქმით, წინა მოწვევის საკრებულოში ოპოზიციას იურიდიულად უფრო გამართული ინიციატივები შეჰქონდა. მისივე შეფასებით, ამ მოწვევის საკრებულოს დესტრუქციული ოპოზიცია ჰყავს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ კოლეგები უმრავლესობიდან მათი ისეთი წინადადებების განხილვაზეც კი ამბობენ უარს, რაც განკარგულების პროექტის ცალკე მომზადებას არ საჭიროებს. ამის მაგალითად ასახელებენ ბიუჯეტის ცვლილებას – კონკრეტული თანხის შემცირებას ან პირიქით.  სულიკო თებიძე კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ცვლილების საკითხის განხილვა საკრებულოს არ შეუძლია მერიის თანხმობის გარეშე: „ფრაქცია იმისთვისაა, რომ შეუთანხმდეს მერიას. თუ მერია თანახმა იქნება, რომ გააკეთოს ფინანსური ცვლილება, შემდეგ შეგვაქვს ეს საკითხი დღის წესრიგში.“

თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველობის მიზანი სწორედ ის არის, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები ადგილზე, დამოუკიდებლად მიიღონ.

რას ამბობს კანონი? – საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის, ანა მდინარაძის განმარტებით, ზემოთ აღნიშნულ საკითხებს ბათუმის საკრებულოს რეგლამენტი არეგულირებს, სადაც განსაზღვრულია საკითხის ინიცირების წესი. ამ წესით საკრებულოს თავმჯდომარის, ან საკრებულოს წევრის ინიციატივა საკრებულომ შეიძლება განიხილოს, როგორც გამონაკლისი [როცა საკითხი წინასწარ დარეგისტრირებული არ არის]. საკითხის დამატების ან დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილებას კი საკრებულო ღია კენჭისყრით იღებს, საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის თანხმობით.

საკრებულოს სხდომა – უმრავლესობა

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: