მთავარი,სიახლეები

ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი” კასტინგი ბათუმში გაიმართება

18.02.2019 • 2593
ფესტივალის -“სლავიანსკი ბაზარი”  კასტინგი ბათუმში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს.

“ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. მათთვის ეს პროექტი შესაძლებლობაა,” – განაცხადა სოფო ხალვაშმა.

კონკურსანტებს განაცხადების გაგზავნა 1-ელ მარტამდე შეეძლებათ, ფინალური კასტინგი კი 2 მარტს ბათუმის თოჯინების თეატრში გაიმართება.

კასტინგში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა მოკლე ბიოგრაფია,  ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მის მიერ შესრულებული საესტრადო სიმღერის ვიდეო/აუდიო ვერსია უნდა გააგზავნონ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც დამწყებ, ასევე, ცნობილ შემსრულებელს.

„სლავური ბაზარი ვიტებსკში“ ბელარუსის რესპუბლიკაში 2019 წლის 8-17 ივლისს 28-ედ გაიმართება. ფესტივალში  ყოველწლიურად 20-22 ქვეყანა მონაწილეობს.

წელს კონკურსი 2 ტურად ჩატარდება. გამარჯვებულთათვის  პრემიებია დაწესებული – გრან-პრის მფლობელი 20 000 აშშ დოლარს მიიღებს, პირველ ადგილზე გასული –  15 000 აშშ დოლარს, მეორე ადგილზე გასული – 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მესამე ადგილისათვის 5 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: