რეკლამა,სიახლეები

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ ჯარს

23.11.2018
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ ჯარს

დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ! ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელ წმინდა დღესასწაულს! წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს, რუსული ჯარის წინააღმდეგ. იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფობრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა!

დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერიტორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად.

ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი.

მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი. ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ჯარს და ჩვენს ჯარისკაცებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ მისი მადლი!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: